ვთქვათ, საარჩევნო ბიულეტენი გამიფუჭდა, როგორ მოვიქცე?

როგორ მოვიქცე, თუ საარჩევნო ბიულეტენი გამიფუჭდა?

თუკი საარჩევნო ბიულეტენი გაგიფუჭდათ, არ ინერვიულოთ, არაფერი გამოუსწორებელი არ მომხდარა. თქვენ გაქვთ უფლება, რომ ახალი ბიულეტენი მოითხოვოთ და ხელახლა გააფერადოთ ის წრე, რომლის გაფერადებაც გინდოდათ.

ვის უნდა მოვთხოვო ახალი ბიულეტენი?

დაზიანებული ბიულეტენის შესახებ უნდა შეატყობინოთ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მან უნდა ჩაიბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მოგცეთ ახალი.

ასევე ნახეთ არჩევნების სიმულატორი

სად მიდის გაფუჭებული ბიულეტენი?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და თქვენს ჩართულობას მოითხოვს.

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი, კომისიის თავმჯდომარემ, ისე, რომ თავადაც არ დახედოს მას (ამას ფარულობის დაცვის პრინციპი ჰქვია), თქვენი თანდასწრებით უნდა დაკეცოს, ლითონის შემკვრელით, ანუ „სტეპლერით“ შეკრას, ჩამოაჭრას კუთხე და ზედ დააწეროს - „გაფუჭებულია“.

ამის შემდეგ, გაფუჭებულ ბიულეტენს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის ცალკე ინახება იმ დრომდე, სანამ არჩევნები არ დასრულდება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გაფუჭებული ბიულეტენი ილუქება.

რა ითვლება ბიულეტენის გაფუჭებად?

საარჩევნო ბიულეტენის გაფუჭების რამდენიმე მიზეზი არსებობს.

თქვენ, როგორც ამომრჩეველმა, ბიულეტენი გაფუჭებულად შეიძლება ჩათვალოთ მაშინ, თუკი ცარიელი წრე არა სასურველი, არამედ შეცდომით, სხვა საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ გააფერადეთ.

ასეთ შემთხვევაში, უნდა გამოხვიდეთ ფარული კენჭისყრის კაბინიდან, შეატყობინოთ კომისიის თავმჯდომარეს და ითხოვოთ ახალი ბიულეტენი.

არ დაგავიწყდეთ, რაკი წელს საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდება და ხმებსაც ელექტრონული მანქანა დაითვლის, მნიშვნელოვანია, რომ ბიულეტენზე სასურველი კანდიდატი წესების დაცვით მოინიშნოს - ანუ გაფერადდეს სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებული წრე. სხვა შემთხვევაში, ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვლება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-მსპიკერი, ნათია იოსელიანი გვიხსნის, რომ ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუკი ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანა ბიულეტენს „ორჯერ დაგიბრუნებს უკან“:

„შესაძლოა ხმის მთვლელმა აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს. მაგალითად, ამომრჩეველმა ბიულეტენი აპარატში უხერხულად, არასწორი კუთხით შეაცურა, ან ბიულეტენი გადაკეცა და ისე შეაცურა ელექტრონულ მანქანაში.

როდესაც მანქანა ერთხელ დააბრუნებს ბიულეტენს, ის შეგიძლიათ ხელახლა შეაბრუნოთ უკან, მანქანაში. მაგრამ თუკი მეორედაც დააბრუნა ბიულეტენი მანქანამ, მაშინ ეს ბიულეტენი უკვე გაფუჭებულად ითვლება. თავმჯდომარე იბარებს ამ ბიულეტენს, აჭრის კუთხეს, აწერს, რომ გაფუჭებულია და რეგისტრატორს ავალებს, რომ ამომრჩეველს გადასცეს ახალი ბიულეტენი“.

კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება ვიფიქრო, რომ ბიულეტენი გამიფუჭდა?

  • თუკი წრე კი არ გააფერადე, არამედ შემოხაზე.
  • თუკი სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებული წრეც გააფერადე და შემთხვევით, სხვა კანდიდატების ველშიც გადახვედი:

ასეთ დროს ბიულეტენი ახლით უნდა შეცვალოთ.

„ხმის მთვლელი აპარატი ხედავს მხოლოდ სუბიექტების გასწვრივ არსებულ წრეებს. თუკი მოხდა ისე, რომ მეორე წრეზე გადავიდა ამომრჩეველი, ან ხაზი გაესვა და სხვა წრეც გადაკვეთა, რა თქმა უნდა, ხმის მთვლელი აპარატი ამ ბიულეტენს ჩათვლის ბათილად.

ამიტომ თუკი ამომრჩეველს ეჭვი ეპარება, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი იმ წესით ვერ შემოხაზა, რა წესითაც უნდა შემოეხაზა, ან შეეშალა, მაშინ უმჯობესია, გამოვიდეს კაბინიდან და უთხრას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ ბიულეტენი გაუფუჭდა“, - ამბობს ნათია იოსელიანი.

თუმცა, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა და მისი განზრახ დაზიანება ან უბნიდან გატანა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.

და თუკი მეორედაც დამიზიანდა ბიულეტენი?

კიდევ გაქვთ შანსი, საარჩევნო ხმა არ დაკარგოთ.

ამ შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს ასეთი ინსტრუქცია - ამომრჩეველი აცნობებს თავმჯდომარეს, რომ დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ბიულეტენის შევსებას. ამის შემდეგ თავმჯდომარე უბანზე მყოფ რომელიმე ამომრჩეველს მისცემს უფლებას, კენჭისყრის კაბინაში შემოგყვეთ და დაგეხმაროთ.

"გასული წლის ივნისში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში, პატარებს ელექტრონური სისტემით ავარჩევინეთ მათთვის საყვარელი მულტფილმის გმირები. 500-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა "ელექტრონულ არჩევნებში"და არცერთი "ბიულეტენი" არ იყო ბათილი.

ასე რომ, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ელექტრონული არჩევნები, მით უმეტეს, რომ ხმის დაფიქსირებამდე, ადმინისტრატორი დეტალურად აგიხსნით პროცედურას და იქვე, საცდელ წრესაც გაგაფერადებინებთ", - ამბობს ნათია იოსელიანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი.

პასუხები სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე:

არჩევნების დღეს საქართველოში არ ვარ - მაინც შემიძლია ხმის მიცემა?

რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?

ვარ თუ არა საარჩევნო სიაში - როგორ შევამოწმო?

როგორ მოვძებნო, სად ვაძლევ ხმას?

როგორ მივცე ხმა, თუ არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე?

არჩევნების წინ როგორ გადავეწერო სხვა მისამართზე?

არჩევნების დროს სახლში არ ვიქნები - როგორ დავრეგისტრირდე სხვა მისამართზე?

რუსეთში ვცხოვრობ - როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა?

არავინ არ მომწონს - რა მოხდება, თუ ბიულეტენში ყველას გადავხაზავ?

ჩემს ბინაში ჩაწერილი უცხო ამომრჩეველი ვიპოვე - რა უნდა ვქნა?