რა ბედი ელით „ვაგნერელებს“ და როგორ იხსენებენ ისინი მოსკოვზე გალაშქრებას?

"ვაგნერელების" ავტოკოლონა დონის როსტოვს ტოვებს. 24 ივნისი, 2023 წელი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ არშემდგარი სამხედრო პუტჩიდან სამი დღის შემდეგ კვლავაც უცნობია, თუ ვინ დათანხმდება რუსეთის ხელისუფლების წინადადებას: დარჩება რუსეთში და ხელს მოაწერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს და ვინ გაჰყვება ბელარუსში დაჯგუფების დამაარსებელს, ევგენი პრიგოჟინს.

„ჩვენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შევალთ. ჩვენ მოგვიწია მათთან მჭიდროდ მუშაობა. ასეთი ქაოსი მე ჩემი ბოლო პატიმრობის დროსაც კი არ მახსოვს“, - უთხრა „ვაგნერის“ რიგითმა მებრძოლმა, ირკუტსკელმა ალექსეიმ „სიბირ.რეალიის“ კორესპონდენტს.

მიუხედავად იმისა, რომ 27 ივნისს რუსეთის უშიშროებამ დახურულად გამოაცხადა „ვაგნერელების“ წინააღმდეგ აღძრული საქმეები, გასამხედროებული ორგანიზაციის წევრებს აინტერესებთ, შეწყდება თუ არა მათი იმ თანამებრძოლების სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინც პუტჩის დროს რუსეთის რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურა.

ასევე ნახეთ რუსეთის უშიშროებამ დახურულად გამოაცხადა „ვაგნერელების" წინააღმდეგ აღძრული საქმე

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა 23-24 ივნისს ჩამოაგდეს რუსეთის რეგულარული არმიის სამი შვეულმფრენი (2 ერთეული მი-8 და კა-52) და 2 საბრძოლო-სატრანსპორტო თვითმფრინავი (მი-35მ და ილ-22 ვზპუ), რომლებშიც დაახლოებით 13 მფრინავი დაიღუპა.

27 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის სიტყვაში, წუთიერი დუმილი გამოაცხადა პუტჩის დროს დაღუპული რეგულარული არმიის მფრინავების პატივსაცემად.

რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ გაუმჟღავნებია მათი ვინაობა, ვისაც „ნამდვილ გმირებს“ უწოდებს. სამაგიეროდ პუტინმა ხაზგასმით გადაუხადა მადლობა რუსეთის არმიის, ეროვნული გვარდიის, ფსბ-ს, ფსო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს „ვაგნერის“ პუტჩის დროს, 23-24 ივნისს, „სამოქალაქო ომის თავიდან აცილებისთვის“.

"ვაგნერის" მებრძოლების სამხედრო ტექნიკა დონის როსტოვის ქუჩებში. 24 ივნისი, 2023 წ.

„ჩვენი ბანაკის დაბომბვის დროს 1000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. პრიგოჟინმა ეს ვეღარ აიტანა“

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჩიტის ოფისის კოორდინატორი იური რიაზანცევი პუტჩის მცდელობის დღეს ისვენებდა. იგი ახალი დაბრუნებულ იყო დონბასიდან, სადაც დანაყოფთან ერთად იბრძოდა.

„პრიგოჟინის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი გამიგია. სწორედ ამ დღეებში დავბრუნდი დონბასიდან, მე იქ ვიბრძოდი. ამბოხზე არავინ ლაპარაკობდა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო“, - ამბობს რიაზანცევი, რომელსაც „სიბირ.რეალიი“ ტელეფონით დაუკავშირდა.

იგი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ 2020 წლიდან იმყოფება. დაქირავებულ მებრძოლთა რიგების შევსება მან წინა სამუშაო ადგილზე წამოჭრილი უსიამოვნების შემდეგ გადაწყვიტა.

„მშენებლობაზე ვმუშაობდი, უფროსმა ჩვენი ბრიგადა მოატყუა. დიდ ფულში გადაგვაგდეს, იქ მუშაობა უკვე აღარ გვინდოდა. მეტიც, უფროსი დაგვემუქრა, რომ ისეთ პრობლემებს შეგვიქმნიდა, ნორმალურ სამუშაოს ვეღარასოდეს ვეღირსებოდით. წარსულში ციხეში სასჯელი მქონდა მოხდილი და მასთან რას გავხდებოდი? „ვაგნერში“ კი ეგრევე მიმიღეს. სირიაშიც მოვასწარი ბრძოლა და უკრაინაშიც“, - ამბობს იური რიაზანცევი.

მისი თქმით, „ვაგნერის“ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ფილიალების კოორდინატორებმა ევგენი პრიგოჟინის მოსალოდნელ ამბოხზე ასევე მისი დაწყების შემდეგ შეიტყვეს.

„ვვარაუდობ, რომ ჩვენ იმიტომ არ ჩაგვაყენეს სამომავლო მოვლენების საქმის კურსში, რომ შორს ვიყავით და არაფერი შეგვიძლია. ახლა ხომ არ წავალთ იქ და თუ წავალთ, როდის მივაღწევთ“, - უთხრა რიაზანცევმა „სიბირ.რეალიის“ მაშინ, როცა „ვაგნერი“ უკვე მოსკოვისკენ მიიწევდა.

ევგენი პრიგოჯინი. დონის როსტოვი, 24 ივნისი, 2023 წ.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლ „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.

„პრიგოჟინის გაგება შეიძლება. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიბრძვით, ტერიტორიებს ვათავისუფლებთ, ხოლო (რუსეთის) თავდაცვის სამინისტრო ჩვენვე გვირტყამს. ჩვენი ბანაკის დაბომბვის დროს 1000-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. ჰოდა, პრიგოჟინმა ეს ვეღარ აიტანა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს ამბოხი ცუდად არავითარ შემთხვევაში არ შემოგვიბრუნდება. ასეთ ადგილს დიდხანს არავინ მოაცდენს: პრიგოჟინს სხვა ვინმეთი შეცვლიან, ჩვენ კი, როგორც ვიყავით, ისე დავრჩებით“, - ამბობს რიაზანცევი.

ევგენი პრიგოჟინის ამბოხიდან რამდენიმე საათში, პროკურატურის ბრძანებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჩიტის ოფისის გვერდი სოციალურ ქსელ „ვკონტაქტედან“ წაშალეს, ხოლო თავად იური რიაზანცევი კავშირზე აღარ გამოდის. მისი ტელეფონი დაბლოკილია.

„მივდიოდით, რათა წაგველეკა სისტემა და შეგვეცვალა ხელისუფლება“

ასევე ციმბირიდან, ირკუტსკის ოლქიდან აღმოჩნდა ის ორი „ვაგნერელი“, რომლებიც პუტჩის მოსკოვისკენ მიმავალ კოლონაში იმყოფებოდნენ. ორივემ აღიარა, რომ ამბოხების შედეგით „ცოტა იმედგაცრუებული არიან“.

„თავდაპირველად მივდიოდით, რათა წაგველეკა სისტემა და შეგვეცვალა ხელისუფლება, - ამბობს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი ირკუტსკელი მეთაური ანდრეი, - შემდგომ, ვითომცდა, პუტინმა შეისმინა ჩვენი პრეტენზიები და დაგვპირდა ყველაფრის გამოსწორებას. დიახ, ცოტა იმედგაცრუებულები ვართ“.

ანდრეი პრიგოჟინის მიერ წამოწყებული ამბოხის ჩაფუშვის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ვაგნერის“ მოსკოვისკენ მარშს რუსეთის ხელისუფლებამ ვადიანი სამსახურის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირებიც დაუპირისპირა.

ანდრეიც ამბობს, რომ მისი თანამებრძოლები ელოდებიან პუტინთან შეხვედრას, რომელსაც მათ „ამ დღეებში დაჰპირდნენ“. მაგრამ ამბობს, რომ არ აპირებს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შესვლას და დარწმუნებულია, რომ „ვაგნერელები“ ძველებურად ცალკე დარჩებიან.

წითელი მოედანი "ვაგნერის" ამბოხების დროს. მოსკოვი, 24 ივნისი, 2023 წ.

„ვაგნერში“ ირკუტსკის სხვა ქალაქიდან მოხვედრილი ალექსეი დარწმუნებით აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში არ აპირებს სამსახურის გაგრძელებას.

„ჩვენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შევალთ. ჩვენ მოგვიწია მათთან მჭიდროდ მუშაობა. ასეთი ქაოსი მე ჩემი ბოლო პატიმრობის დროსაც კი არ მახსოვს. კოლონიაში მოლაპარაკება მაინც შეიძლებოდა, მათთან, მარადიულად ლურჯ [იგულისხმება ალკოჰოლის მოხმარებისგან გამოწვეული სილურჯე - რ.თ] ოფიცრებთან კი - არა.

ისინი ჩვენ ბევრჯერ გვიდებდნენ ფეხს. არ ვიტყვი, რომ სპეციალურად, ალბათ სიზარმაცის გამო. ეზარებოდათ ჩვენთვის სადაზვერვო ცნობების მოწოდება, გვპირდებოდნენ „დახმარებას“ და ისიც მომხდარა, რომ საარტილერიო მხარდაჭერა არ აღმოუჩენიათ. და ეს ჩვენ ვართ ბანდიტები, არა?

ამიტომ, იქ [რუსეთის ფედერაციის არმიაში] არ გადავალ. დიდად არც განვიცდი, თუ დაგვშლიან - განა მსოფლიოში ცოტაა კერძო კამპანია? აი, აფრიკაშია მღელვარება, სირიაშიც შეიძლება. თუ „მუსიკოსად“ (იგულისხმება „ვაგნერის“ წევრობა - რ.თ. )არა, მაშინ „მოცეკვავედ“ წავალ“, - ხუმრობით ამბობს ალექსეი.

„მე მოსკოვში იარაღს დავყრიდი. არ მინდა ჩემი ქვეყნის მოქალაქეების დახოცვა“

ის, რომ „ვაგნერის“ მარშის შესაჩერებლად, მოსკოვის ბრძანებით, წვევამდელები და მობილიზებული სამოქალაქო პირები გადაისროლეს, ამას რამდენიმე სამხედრო პირის ნათესავიც ადასტურებს.

მოსკოვის ოლქში მცხოვრები ოლია (სახელი შეცვლილია), მობილიზებული მოქალაქის ქალიშვილი და „ვაგნერელის“ დაა. ის ამბობს, რომ მისი ორი უახლოესი ნათესავი კინაღამ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა.

„მამა საღამოს სვატოვსკის მიმართულებიდან საზღვრისკენ გადაისროლეს. თავდაპირველად წერდნენ, რომ საზღვარზე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის თითქოს განსაკუთრებული შეტაკება არ მომხდარა, მაგრამ შემდეგ დაიწყო.

ჩემი ძმა სროლაში პრინციპულად არ მონაწილეობდა. (თან ის მეზენიტე არც არის, საავიაციო ტექნიკა რომ ჩამოეგდო). დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ძაღლებივით დაიღალნენ „კამაზებზე“ შლიგინით: ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს. უკვე დაბრუნდნენ ბანაკში.

ბიჭები არ არიან იმედგაცრუებულნი. ბევრს თითქოს არც კი უნდოდა თავისიანებისთვის სროლა. ძმა მწერდა: „მოსკოვში უბრალოდ იარაღს დავდებდი, არ მინდა ჩემი ქვეყნის მოქალაქის მოკვლა“, - ამბობს მოსკოვის ოლქელი ოლია.

"ვაგნერის" სამხედრო კოლონა დონის როსტოვში. 24 ივნისი, 2023 წ.

ახლა მან და მისმა მეგობრებმა არ იციან, თუ რა იქნება მათ თავს. ერთი რა ზუსტად არის ცნობილი: ისინი ევგენის პრიგოჟინის კვალდაკვალ ვერ შეძლებენ ბელარუსში გამგზავრებას, რადგან ლუკაშენკა თავის ტერიტორიაზე არ დაუშვებს ალტერნატიული ჯარების შექმნას.

„მითხრა, ასე მგონია, თვითონ „ვაგნერი“ დარჩება, უბრალოდ მისი მართვა ბელარუსიდან მოხდებაო“, - ასე გადმოსცემს ძმის ნათქვამს ოლია.

მაგრამ 27 ივნისს ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ არ გამორიცხა „ვაგნერის“ გაწევრიანება ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში.

ასევე ნახეთ ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება.

„დიახ, მართალია, ის დღეს ბელარუსშია. როგორც პირობა დავდე, თუ გნებავთ, გარკვეული დრო ჩვენთან დაჰყოთ და ა.შ., ჩვენ თქვენ დაგეხმარებით-მეთქი. ცხადია, მათი [„ვაგნერის“] ხარჯებით“, - თქვა ლუკაშენკამ.

როგორც ლუკაშენკამ დასძინა, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა თქვა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდა“. ბელარუსის ლიდერის თქმით, ის თანახმაა და ხრენინს მოუწოდა, „ვაგნერელებს“ მოელაპარაკოს.

  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • 24 ივნისის ღამეს „ვაგნერელებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას ბელარუსში გამგზავრების გარანტიები აღუთქვეს.