ვლადიმირ პუტინისთვის ეს მეორე უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ცალკეული ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, მასპინძელი ქვეყნის ლიდერს კი ხვალ, 18 ოქტომბერს შეხვდება. ამ დღეს პუტინი იქნება ფორუმის მთავარი სტუმარი. ღონისძიების გახსნაზე ის სიტყვითაც გამოვა, ცხადია, ჩინეთის ლიდერის შემდეგ.
ასევე ნახეთ პუტინი ორბანს შეხვდა ჩინეთშიუკრაინისა და მისი მოკავშირეების განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იწვევს. დასავლეთი შეშფოთებით აკვირდება რუსეთისა და ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის ინტენსივობა და მასშტაბი აჩენს კითხვას, ხომ არ აპირებენ პეკინი და მოსკოვი სამხედრო კავშირის შექმნას? ჩინეთიც და რუსეთიც ირწმუნებიან, რომ თანამშრომლობენ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში, მაგრამ არანაირ სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნაზე საუბარი არ არის.
სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში მიიწვია 2023 წლის მარტში მოსკოვში სტუმრობისას. პუტინი ბოლოს ჩინეთში 2022 წლის 4 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 20 დღით ადრე იმყოფებოდა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.
რუსეთის პროპაგანდისტული მედია გულდასმით აშუქებს ჩინეთში მიმდინარე ფორუმს, რომელმაც „თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს“ რუსეთსა და აზიის ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს შორის. რუსეთის პირველი არხის (1tv.ru) ცნობით, უკვე მოეწერა ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა (РФПИ) და ჩინეთის მთავრობას შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქნება სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის განვითარების ფონდი, რომლის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 100 მილიარდი რუბლი (1 მლრდ $) იქნება.
РФПИ-ის ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებით ცდილობს გადაჭრას სანქციების დაწესების შემდეგ ავიაციაში შექმნილი პრობლემები.
„100 მილიარდი რუბლის ღირებულების ეს ფონდი საშუალებას მოგვცემს, ჩავდოთ ინვესტიცია მარაგნაწილებში და გავზარდოთ ჩვენი კავშირები ავიამშენებლობის ინდუსტრიაში, მათ შორის ჩინეთში სამოქალაქო რუსული ვერტმფრენების წარმოებაში. ჩვენ მოვახდენთ ინვესტირებას პარიტეტულ საფუძველზე. ჩვენი ინვესტიციის ყოველ რუბლს დაემატება ჩინელი ინვესტორის ერთი რუბლი. ინვესტიციები განხორციელდება როგორც რუსეთში, ასევე ჩინეთში და, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლობა ავიამშენებლობის ინდუსტრიაში“, - უთხრა კირილ დმიტრიევმა რუსეთის ტელევიზიის „პირველ არხს“.
„მოსკოვსა და პეკინს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ურთიერთობა, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებული გლობალური სტაბილურობა“, - უთხრა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის მედიაკორპორაციას ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზის" დაწყების წინ მიცემულ ინტერვიუში. საუბრისას პუტინმა გვერდი ვერ აუარა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის უკრაინასთან ომს, თუმცა კვლავ მოიშველია ყველა პროპაგანდისტული კლიშე, რომ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ეწინააღმდეგებიან სამშვიდობო პროცესს და, რომ რუსეთი მზად არის საუბრისთვის, მათ შორის, მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, ჩინეთის წინადადებების გათვალისწინებით. პუტინმა ომის დაწყებაშიც ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა:
„მადლობელი ვართ ჩვენი ჩინელი მეგობრების, რომლებიც კრიზისის დასრულების გზებზე ფიქრობენ. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ საომარი მოქმედებები უკრაინაში დაიწყო არა ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციით, არამედ ბევრად უფრო ადრე - 2014 წელს, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც მოქმედებდნენ პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გარანტორებად, დაივიწყეს თავიანთი გარანტიები ფაქტობრივად რამდენიმე დღის შემდეგ და ხელი შეუწყვეს სახელმწიფო გადატრიალებას. ასე დაიწყო 2014 წლის კრიზისი და საომარი მოქმედებები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს ესკალაცია ახალ დონეზე. ასე რომ, რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება არ არის ომის დასაწყისი. ეს არის მისი შეჩერების მცდელობა“.
თუმცა პუტინმა ინტერვიუში ძირითადად ჩინეთთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. პუტინი ელოდება, რომ სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს რეკორდულ 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რომ დინამიკურად განვითარდება თანამშრომლობა საავტომობილო ინდუსტრიაში, ენერგეტიკაში, რომ არ შეფერხდება ჩინეთისთვის ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.
ვლადიმირ პუტინმა ბევრი თბილი სიტყვა იხმარა ჩინეთის ლიდერის მისამართით, აღნიშნა, რომ უკვე 10 წელია, პეკინი სი ძინპინის ხელმძღვანელობით ავითარებს ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რითაც ქმნის ეკონომიკურ დერეფნებს ახალი „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში და აფართოებს თანამშრომლობისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს. პუტინმა ასევე გაიხსენა, რომ 40-ზე მეტჯერ შეხვდა ჩინელ კოლეგას და, რომ ისინი უკვე მეგობრები არიან.
„ის [სი ძინპინი], რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია, რომელიც არ იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მიმდინარე კონიუნქტურიდან გამომდინარე. ის აფასებს სიტუაციას, აანალიზებს და მომავლისკენ იყურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც განასხვავებს ნამდვილ მსოფლიო ლიდერს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ დროებითებს, რომლებიც ხუთი წუთით მოდიან საერთაშორისო პლატფორმაზე თავის მოსაწონებლად და შემდეგ შეუმჩნევლად ქრებიან. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სი ძინპინი სრულიად განსხვავებული ადამიანია. ის საფუძვლიანი, მშვიდი, მაგრამ საქმიანი და სანდო პარტნიორია“, - პუტინის მიერ ჩინეთის მედიაკორპორაციისათვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს რუსეთის ტელევიზიის პირველი არხი აქვეყნებს.
პოლიტიკის ექსპერტები, პუტინის ამგვარ, რბილად რომ ითქვას, თავაზიანობას მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მიღების სურვილით არ ხსნიან. სინოლოგი პიოტრ შევჩენკო Current time-თან საუბარში ამბობს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმაციის მიღება, ანუ იმის ჩვენება, რომ, ერთი მხრივ, არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერი და, მეორე მხრივ, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია უსაფრთხოდ ჩაფრინდეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც ითვლება პლანეტის ერთ-ერთ გეოეკონომიკურ ცენტრად.
შეიძლება თუ არა, პუტინმა იარაღი სთხოვოს ჩინეთის ლიდერს?
პიოტრ შევჩეკნკოს აზრით, ეს დელიკატური საკითხია, რომელიც შეიძლება იყოს დღის წესრიგში: „რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ [იარაღის] პირდაპირ მიწოდებაზე, რაშიც ახლა ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებენ, ვფიქრობ, რომ ამჯერად საქმე აქამდე არ მივა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩინეთი მზად არ არის შეერთებულ შტატებთან ასეთი კონფრონტაციისთვის. ჩინეთი აწვდის რაღაცებს რუსეთის ფედერაციას იმ იმედით, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი შეასუსტებს აშშ-ს ყურადღებას წყნარი ოკეანის რეგიონზე. ჩინეთი არ არის მზად სერიოზული სანქციებისთვის, ჯერჯერობით ჩინეთს ეს არაფერში სჭირდება და მეც მიმაჩნია, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა არ გადადგამს ასეთ ნაბიჯს, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცე პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს და ელაპარაკოს მას, როგორც ტოლსა და სწორს“.