რუსეთი, რომელიც იძულებულია უკრაინასთან დაწყებული ომის გამო მთელი სხეულით შეტრიალდეს აღმოსავლეთისკენ, აცხადებს, რომ შანხაის ორგანიზაციას გინიხილავს „კოლექტიური დასავლეთის“ ალტერნატივად და საპირწონედ, ერთგვარ ანტინატოდ, რომელიც დაეხმარება მას, უკრაინაში შეჭრის გამო შექმნილი უმძიმესი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების დაძლევაში.
15 სექტემბერს, სამიტის პირველ დღეს, ერთმანეთს შეხვდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პირველი პირები - სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი. ეს იყო ამ ორი ლიდერის პირველი შეხვედრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
სამარყანდში ორი დღის განმავლობაში ასევე იმყოფებოდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ინდოეთის, პაკისტანისა და ბალარუსის პრეზიდენტები.
სამიტის მსვლელობისას გადაწყდა, რომ შთო-ს სრულუფლებიან წევრად დაემატება ირანი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ხელი მოაწერა ორგანიზაციის წინაშე ვალდებულებათა მემორანდუმს. ალექსანდრ ლუკაშენკამაც განაცხადა, რომ ბელარუსიც აპირებს გაწევრიანდეს შთო-ში - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო) - დაარსდა 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერების მიერ. |
---|
2017 წლის 9 ივნისს ინდოეთი და პაკისტანი გახდნენ შთო-ს სრულუფლებიანი წევრები. |
შთო-ში შემავალი ქვეყნების მთლიანი ტერიტორია 34 მლნ კმ²-ზე მეტია - მოიცავს ევრაზიის ტერიტორიის 60%-სა და დაახლოებით 3,4 მილიარდ ადამიანს. |
შთოს-ის დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი. |
შთო-ის პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. |
შთო - არ არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი (როგორც ნატო). ორგანიზაციის ძირითადი ამოცანებია სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება ფართო სივრცეში, რომელიც აერთიანებს მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე: ბრძოლა ტერორიზმთან, სეპარატიზმთან, ექსტრემიზმთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან; ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ენერგეტიკული პარტნიორობა, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთოების გაღრმავება და ა.შ. |
შთო-ს ორდღიანი სამიტი ე.წ. სამარყანდის დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დოკუმენტში, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები აწერენ ხელს, ასახულია „კონსოლიდირებული პოზიცია ორგანიზაციის შემდგომ განვითარებასა და გლობალური თუ რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე“.
განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა დეკლარაციის ორი ქვეთავი: „საერთაშორისო ვითარება“ და „ვაჭრობა და ეროვნული ვალუტა“, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებიც ჩანს.
საერთაშორისო ვითარება
შთო-ის ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს „მსოფლიოში არსებული მდგომარეობის სახიფათო დეგრადაციას“
შთო-ის ქვეყნები აფიქსირებენ მახლობელ პოზიციებს მიმდინარე საერთაშორისო დღის წესრიგთან დაკავშირებით, მხარს უჭერენ უფრო სამართლიან მსოფლიო წესრიგსა და „კაცობრიობის საერთო ბედის მქონე თანამეგობრობის“ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას
ლიდერები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას
ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს ასოციაციის ღიაობა სხვა სახელმწიფოებთან მიმართ და ვინმეს წინააღმდეგ მიმართული განზრახულების არარსებობა
ორგანიზაციის ქვეყნები მხარს უჭერენ „ხალხების უფლებას, დამოუკიდებლად და დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზები“
შთო-ის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტები მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს
ვაჭრობა და ეროვნული ვალუტა
ორგანიზაციის ლიდერები ეწინააღმდეგებიან პროტექციონიზმს და სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას
შთო-ის ქვეყნებმა მოიწონეს ურთიერთგადახდისას ეროვნული ვალუტების წილის თანდათანობით გაზრდის პრაქტიკის გაფართოების იდეა
ორგანიზაციის ქვეყნები გააგრძელებენ კონსულტაციებს შთო-ის განვითარების ბანკისა და შთო-ის განვითარების ფონდის შექმნის თაობაზე
შთო-ის ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ინკლუზიური რეფორმის აუცილებლობას თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტაციაზე აქცენტით
ორგანიზაციის წევრები გააძლიერებენ ღია მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომელიც დაფუძნებულია WTO-ს პრინციპებსა და წესებზე, ასევე დაუპირისპირდებიან პროტექციონისტულ ქმედებებსა და სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას.
რუსეთის იმედები თუ ოცნებები?
ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან აფასებს „ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის ომთან დაკავშირებით. პუტინმა კიდევ ერთხელ დაგმო „აშშ-ისა და მისი სატელიტების პროვოკაცია ტაივანის სრუტეში“.
რუსეთის პრეზიდენტი დიდ იმედებს ამყარებს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაციასაც „კოლექტიურ დასავლეთთან“ დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს.
სამიტის მსვლელობისას რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაში გამოითქვა არაერთი ანალიტიკოსისა თუ პოლიტოლოგის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაცია ნატოს ალტერნატულ ძალად ყალიბდბება და, რომ სამარყანდის სამიტი აუცილებლად მოახდენს გავლენას მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე. ასევე ითქვა:
- სამიტი აჩვენებს, რომ სამყარო ორად გაიყო: „დასავლურ“ და „არადასავლურ“ ნაწილებად
- შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაძლიერება აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ატარებენ აშშ-ისა და დასავლეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას
- ირანის მიღება ორგანიზაციაში, ცხადყოფს იმას, რომ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შეიცვალეს პოზიცია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში
- ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი, დაინტერესებულია, შეიქმნას ალტერნატიული, დამოუკიდებელი გადახდის სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ უსაფრთხოებას
- რუსეთი იმედოვნებს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ანგარიშსწორებისას გამოიყენებენ ეროვნულ ვალუტებს და არა დოლარსა და ევროს
- რუსეთი ცდილობს ციმბირის საბადოებში მოპოვებული ბუნებრივი აირი მიმართოს აღმოსავლეთისკენ. საუბარია „ციმბრის ძალა-2“-ის (Сила Сибири-2) მშენებლობასა და მისი საშუალებით ჩინეთისთვის წელიწადში 50-100 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე
- რუსეთის ინტერესებშია, რომ ნავთობი, რომელიც მიედინებოდა დასავლეთისკენ, წავიდეს აზიის ბაზრებისკენ. შთო-ის საშუალებით რუსეთი შეეცდება დაარწმუნოს ეს ქვეყნები, არ შეუერთდნენ რუსეთის ნავთობისათვის ფასის ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილებას
ჩინეთი ელოდება
ჩინეთის ლიდერმა პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პეკინი მზად არის „რუსეთთან ერთად აიღოს თავის თავზე დიდი და ლიდერი სახელმწიფოების როლი, რათა სტაბილურობა და პოზიტიური ენერგია მოუტანოს მსოფლიოს“.
რას შეიძლება ნიშნავდეს სი ძინპინის ეს განცხადება?
საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ კონკრეტულს არაფერს და, რომ სამარყანდის სამიტი არსებით გავლენას ვერ მოახდენს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაზე, რომლის ინტენსივობის გაზრდით სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული მოსკოვი.
„ამ შეხვედრას, დღევანდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა სამიტის დაწყებისას, - ჩინეთი უკრაინის კრიზისს დაბალანსებულად უდგება, მკაფიოდ გამოხატავს თავის გაგებას იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რამაც აიძულა რუსეთი დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი დასავლეთისგან იზოლირებულია. შეხვედრა ისეთ გავლენიან მსოფლიო ლიდერთან, როგორიც სი ძინპინია, კრემლისთვის მომგებიანია პუტინის პრესტიჟის შესანარჩუნებლად, თუმცა უმთავრესი მაინც, მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა და წარუმატებელი ომის პირობებში გადარჩენაა.
რუსეთი დაინტერესებულია ჩინური ინვესტიციებით, ტექნოლოგიებითა და ორმხრივი ვაჭრობით. რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების მასობრივი გასვლის შემდეგ, პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი ადგილი ჩინურმა კომპანიებმა დაიკავონ, თუმცა რეალურად, ასე არ ხდება: რუსული ექსპორტი ჩინეთში სწრაფად იზრდება, ჩინეთიდან რუსეთში იმპორტი კი ნელდება.
მოსკოვი ასევე ჭიედება იარაღი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, მაგრამ, მიუხედავად სიტყვიერი თანაგრძნობისა, ჩინეთი უკიდურეს სიფრთხილეს იჩენს. მიზეზი აქაც მარტივია: ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა დასავლეთთან 10-ჯერ აღემატება რუსეთთან ვაჭრობის მოცულობას, შესაბამისად, პეკინი ცდილობს არ დაარღვიოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი და პრობლემები არ შეუქმნას ჩინურ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს.
ჩინეთის ეკონომიკის შენელება არ შედის სი ძინპინის ინტერესებში, რადგან, სულ რაღაც, ერთი თვეა დარჩენილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის XX, ისტორიულ ყრილობამდე, რომელზეც მოქმედი ლიდერი უპრეცედენტო, მესამე ხუთწლიანი ვადით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას.
შანხაის ორგანიზაცია - როგორც ხავსი წყალწაღებული რუსეთისთვის
პეკინი ცდილობს შეინარჩუნოს „დაბალანსებული პოზიცია“ უკრაინის ომთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ჩინეთის ოფიციალური პირები ამ ომში ადანაშაულებენ აშშ-სა და ნატოს, მეორე მხრივ კი, რუსეთს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მათ შორის სიტყვიერს, არ უწევენ. ჩინეთი, როგორც ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Stimson Center-ის ჩინეთის პროგრამის დირექტორი იუნ სონგი ამბობს, ელოდება კვანძის გახსნას: „თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინასთან ომში, ჩინეთი მიიღებს ძლიერ მოკავშირეს დასავლეთთან წინააღმდეგობაში. თუ დამარცხდება, რუსეთი ალბათ ჩინეთის ვასალი გახდება“.
რუსეთში იმედოვნებენ, რომ საგარეო-პოლიტიკური ძალისხმევით, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატის გამოყენებით, შეძლებენ აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის პირველ რიგში ჩინეთის, „ლოდინის რეჟიმიდან“ გამოყვანას და მიმხრობას, თუმცა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რუსეთის ეს მცდელობაც მარცხისთვის არის განწირული.
„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა - დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია რუსეთი, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, - ვერც ეს და ვერც სხვა მსგავსი ორგანიზაცია ვერ უშველის რუსეთს ძალიან ბევრი რამის გამო. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი - ქვეყნები, რომლებიც საომარ მოქმედებებში იმყოფებიან ერთმანეთთან და, რომლებმაც სამიტის დღეებშიც კი ვერ მოახერხეს ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ არის ისეთი ორგანიზაცია, რომელშიც ქვეყნები საერთო ფასეულობების ან წესების გარშემო არიან გაერთიანებული. ამ ორგანიზაციას არ აქვს არც სამხედრო კომპონენტი, როგორიც აქვს ნატოს და არც საერთო ეკონომიკური წესები, როგორიც აქვს ევროკავშირს. გარდა ფორმალური ხასიათისა, რამე სხვა საფუძველი რომ ჰქონდეს, აქამდე გაფორმდებოდა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირად. ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რუსეთის ოცნებებიდან არაფერი გამოვა. ეს უფრო შიდა, პროპაგანდისტული მოხმარების საკითხია, რომლის მიზანია, რამენაირად დაამშვიდოს რუსეთის საზოგადოება წაგებებისა და მოახლოებული კრახის ფონზე, რომელიც აუცილებლად ელოდება პუტინსა და რუსეთს“.
პუტინს აღარ დარჩა კარგი მოქმედებების შესაძლებლობა: აქვს ცუდი ან ძალიან ცუდი სვლები, რასაც ყველა ხვდება, მათ შორის ჩინეთი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სხვა ქვეყნები.
„ეს ორგანიზაციაც მალე ჩამოიშლება, რადგან სხვადასხვა მიმართულებით მიდიან მისი წევრი თუ დამკვირვებელი ქვეყნები. მაგალითად, სამიტზე იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტი, რომელიც ნატოს წევრი და დასავლეთის ნაწილია. თურქეთს აღმოსავლეთში აქვს ინტერესი და ამიტომ იყო. ჩინეთს საერთოდ სოციალისტური წყობა აქვს, ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, რუსეთზე აღარ ღირს ლაპარაკი... ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მოწყობის, ღირებულებებისა და მიზნების ქვეყნებია. შეუძლებელია ამ ორგანიზაციას მომავალი ჰქონდეს“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.