რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, შეხვდა ჩინეთში მიმდინარე ფორუმის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“, ფარგლებში.
„იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდულია, მაინც არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოიწვიოს იმან, რომ ჩვენ ევროპის მრავალ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ და ვავითარებთ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, - ციტირებს სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
მისი სიტყვებით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები იგებოდა „მხოლოდ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, წარსულიდან მიღებულ ყველაფერ პოზიტიურზე დაყრდნობით“.
„ეს ეხება საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს, უპირველესად, ეკონომიკას. გასულ წელს ჩვენ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - 80 პროცენტზე მეტი. სამწუხაროდ, პირველი შვიდი თვის განმავლობაში დაფიქსირდა კლება - მინუს 35 პროცენტი. შარშანდელ 80-ს არ სჭარბობს, მადლობა ღმერთს, მაგრამ მაინც არსებობს საფუძველი ვიფიქროთ იმაზე, თუ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ამ პროცესზე დადებითი გავლენისთვის“, - განაცხადა პუტინმა.
მან დაამატა, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა „ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში უნგრეთთან, მოსაზრებების გაცვლა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზეც“.
პუტინის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიციები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო "ტასსის" ცნობით, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან დაპირისპირება არ სურს და პირიქით, ყოველთვის გეგმავდა კონტაქტების გაფართოებას. ორბანის თქმით, უნგრეთ-რუსეთის ურთიერთობებმა ბევრი რამ დაკარგა უკრაინაში ომისა და სანქციების გამო, მაგრამ უნგრეთი ცდილობს გადაარჩინოს, „რაც კი შესაძლებელია“.
ორბანი და პუტინი ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის 1 თებერვალს შეხვდნენ მოსკოვში, მათ შორის სატელეფონო საუბარი კი, კრემლის თანახმად, გასული წლის 6 აპრილს შედგა.
ორბანი მოსკოვში იმყოფებოდა შარშან სექტემბერშიც, სსრკ-ს პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გასვენებაში, თუმცა პუტინს არ შეხვედრია.
"ტასსის" ცნობით, უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის გარდა, პუტინს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები.
რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის თანახმად, შეხვედრის შესახებ მხარეებისთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.
უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელმაც პირადად აწარმოვა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, რომლის, როგორც ომის დამნაშავის, დაკავების ორდერიც გასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ.
ვიქტორ ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ათ ეკონომიკურ შეთანხმებას პეკინში, სადაც კვირას ჩავიდა ფორუმში, "ერთი სარტყელი, ერთი გზა", მონაწილეობის მისაღებად.
წელს, 23 მაისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.
უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემა. ტრანშის ოდენობა 500 მილიონი ევრო იყო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინამ უნგრეთის OTP Bank-ი ომის საერთაშორისო მხარდამჭერების სიაში შეიტანა.
ნატოს წევრი უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას თანმიმდევრულად არ გმობს. ქვეყანა კვლავაც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.