საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა 26 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთში იმ ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების უფლებების დარღვევის შესახებ, რომელთა დევნა მოტივირებულია პოლიტიკურად. საუბარია ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ომის მოწინააღმდეგეებზე.
„რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს მთავრობის კრიტიკის გამო დაპატიმრებული ადამიანების უფლებას, შეინარჩუნონ ოჯახებთან კონტაქტი. კვლევა აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება კანონში არსებულ ხარვეზებს და ამზადებს საბაბს ოპონენტების, მათ შორის უკრაინაში შეჭრის კრიტიკის გამო დაპატიმრებულების, იზოლაციის გასამკაცრებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.
Amnesty International-ის კვლევა ეფუძნება ღია წყაროების ინფორმაციას, მათ შორის მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. ასევე, სატელეფონო ინტერვიუებს, რომლებიც უფლებადამცველებმა ჩაწერეს პოლიტპატიმრების ნათესავებთან და მეგობრებთან.
გამოძიების დროს პაემნების აკრძალვა
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოძიების დროს ყველაზე სერიოზულად და მასტაბურად ირღვევა ბრალდებულის პაემნისა და სატელეფონო ზარის უფლება. და ეს მაშინ, როცა რუსეთის კანონმდებლობა ბრალდებულს აძლევს უფლებას ჰქონდეს თვეში ორი პაემანი და სატელეფონო ზარები, თუკი ბრალდებულის ახლობლები (ნათესავები) აანაზღაურებენ ზარის საფასურს. თუმცა პრაქტიკაში, პაემანთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, რომელიც პოლიტპატიმრების შემთხვევაში, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის წინააღმდეგია.
„ღია რუსეთის“ ყოფილი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი 2021 წლის ივნისში დააკავეს მუხლით - „არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების შესახებ“. გამომძიებელმა პივოვაროვს დაკავებიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, მისცა პირველი პაემნის (დედასთან) უფლება. შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა, მინის ტიხრის სხვადასხვა მხარეს მყოფ დედასა და შვილს მხოლოდ ტელეფონით საუბრის უფლება მიეცათ. კიდევ ხუთი თვის შემდეგ, 2022 წლის 5 მაისს, ანდრეი პივოვაროვს პირველად მისცეს ტელეფონით დარეკვის უფლება - დაელაპარაკა დედას და ხუთი წლის შვილს, რომელმაც პირველად ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიგონა მამის ხმა. 2022 წლის ივლისში პივოვაროვს მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ნახეთ რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯაოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ კარა-მურზამ ცოლ-შვილთან ტელეფონით დალაპარაკება პირველად დაკავებიდან 14 თვის შემდეგ შეძლო. როდესაც ის დააკავეს, კარა-მურზას ქალიშვილები 17 და 14 წლის იყვნენ, ვაჟი კი - 11-ის. გამოძიებისა და სასამართლო პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსს ოჯახთან მხოლოდ წერილების გაგზავნა შეეძლო: ვინაიდან მისი სასამართლო პროცესი დახურული იყო, მის ახლობლებს სასამართლო დარბაზშიც კი არ შეეძლოთ მისი ნახვა. 2023 წლის აპრილში კარა-მურზას მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას მხოლოდ 1,5 წლის შემდეგ მიეცა შვილებთან ტელეფონით დალაპარაკების საშუალება. პოლიტპატიმრის ცოლმა ევგენიამ ასე აღწერა ეს საუბარი:
"ზარი შეიძლება შემოსულიყო ნებისმიერ მომენტში - დილის ოთხი საათიდან ათ საათამდე, დროებში განსხვავების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არავის ეძინა. ველოდებოდით ზარს. ვიჯექი ტელეფონით ხელში, ბავშვებიდან ერთ-ერთი კი ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, რათა არ დაკარგულიყო მამასთან ურთიერთობის ძვირფასი არცერთი წუთი. როგორც წესი, ბავშვები წინასწარ ამზადებდნენ მამისთვის სათქმელს, რადგან ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ 15 წუთი იყო“.
ვლადიმირ კარა-მურზამ, რომელიც სასჯელს იხდის ომსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, 24 ივნისს The Washington Post-ში გამოაქვეყნა სვეტი, რომელშიც ის რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონზე, ამ კანონთან დაკავშირებულ რეგულარულ სასამართლო პროცესებსა და მის წინააღმდეგ ახალი საქმის აღძვრის პერსპექტივაზე ლაპარაკობს. „შეიძლება ვიკითხოთ, რაღა სასამართლო სხდომებია საჭირო იმ ადამიანისთვის, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის სახელმწიფოს ჩემთან ჯერ არ დაუსრულებია ანგარიშსწორება. ყოველთვე ჩემს საკანს სტუმრობენ თავაზიანი ჩინოვნიკები როსკომნადზორიდან, რათა გადმომცენ სასამართლო უწყება „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, - წერს პოლიტიკოსი. კარა-მურზამ განმარტა, რომ როსკომნადზორის პრეტენზიები უკავშირდება მის გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრებები „უცხოელი აგენტის“ სპეციალური მარკირების გარეშე. „მე არ ვარ უცხოელი აგენტი“ - ასეც ჰქვია ვლადიმირ კარა-მურზას სვეტს The Washington Post-ში. პოლიტიკოსმა ასევე გაიხსენა, რომ პოლიტიკური ოპონენტების „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებით დისკრედიტაცია ძველი საბჭოთა ტაქტიკაა და, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეიტანოს ყველა, ვინც, მისი აზრით, „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება“.
2023 წლის აპრილში ვლადიმირ კარა-მურზა დამნაშავედ ცნეს „სახელმწიფო ღალატის“, „არასასურველ ორგანიზაციაში“ საქმიანობისა და რუსული არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების მუხლებით. თავად პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს და დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2024 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ კარა-მურზა ექვსი თვით გადაიყვანეს საკნის ტიპის საპატიმროში.
ასევე ნახეთ პუტინის სწორება პატიმრობის „სტალინურ ვადებზე“უფაში ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ლილია ჩანიშევას 2024 წლის აპრილში 9,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ჩანიშევა 2021 წლის ნოემბერში დააკავეს. მის მეუღლეს, ალმაზ გატინს მხოლოდ 16 თვის შემდეგ მისცეს ცოლის ნახვის უფლება: ილაპარაკეს ერთი საათი, ტელეფონის საშუალებით, მინის კედლით გადატიხრულ ოთახში.
ტომსკის მუნიციპალურ დეპუტატს და ნავალნის შტაბის კიდევ ერთ ყოფილ ხელმძღვანელს, ქსენია ფადეევასაც ბრალი წაუყენეს იმავე მუხლით, რომლითაც გაასამართლეს ჩანიშევა. ფადეევა 2023 წლის ნოემბერში დააკავეს, დეკემბრის ბოლოს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ფადეევას დღემდე არ ეძლევა მშობლებთან შეხვედრის უფლება.
ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი, რვა თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება, მას დღემდე არ ეძლევა ოჯახის წევრებთან არც დალაპარაკების და არც პაემნის უფლება. კურმაშევას ოჯახი ცხოვრობს პრაღაში, სადაც თავადაც ცხოვრობდა დაპატიმრებამდე; ჟურნალისტი რუსეთში დედის მოსანახულებად ჩავიდა. ალსუ კურმაშევას ასევე უარი უთხრეს აშშ-ის საკონსულო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე - ჟურნალისტს ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, რუსეთის და ამერიკის.
ასევე ნახეთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვანათესავების საქმის მოწმეებად გამოცხადება
„ახლობლებისთვის პოლიტპატიმრებთან შეხვედრის უფლების ჩამორთმევის კიდევ ერთი გზაა სისხლის სამართლის საქმეზე მათი მოწმეებად ქცევა“, - აღნიშნავს Amnesty International-ი. უფლებამოსილების ამ სახით ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია მხატვრისა და მუსიკოსის საშა სკოჩილენკოს შემთხვევა.
სკოჩილენკო 2022 წლის მარტში დააპატიმრეს, როცა სურსათის მაღაზიაში რამდენიმე იარლიყი შეცვალა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შესახებ ინფორმაციით. ხელოვანმა აღიარა იარლიყების შეცვლა, თუმცა თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა, არ იყო ყალბი. 2023 წლის 16 ნოემბერს მას 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.
Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, განსასჯელის შეყვარებული, სოფია სუბოტინა, მთელი წლის განმავლობაში, ვიდრე გამოძიება გრძელდებოდა, ამაოდ ცდილობდა პარტნიორთან როგორც შეხვედრას, ასევე ტელეფონით დალაპარაკებას. მას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან სუბოტინა ფორმალურად დაკითხული იყო მოწმედ და საქმის მასალებშიც ამ სტატუსით ირიცხებოდა. მხოლოდ საქმის სასამართლოში გადაცემის შემდეგ შეუწყდა სუბოტინას მოწმის სტატუსი. საშა სკოჩილენკოს პაემნის უფლება დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ მიეცა. შეხვედრები ერთ საათს გრძელდებოდა და თვეში ორჯერ იმართებოდა მინის ტიხრით გაყოფილ ოთახში.
ჟურნალისტი მარია პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს, ასევე რუსული არმიის შესახებ ყალბი ცნობების („ფეიკების“) გავრცელების საქმეზე. სასამართლოში საქმის განხილვისას გამომძიებელმა განაცხადა, რომ მოწმედ დაკითხნენ პონომარენკოს ქალიშვილები, რომლებიც მაშინ 13 და 16 წლისები იყვნენ. გამომძიებლის განმარტებით, ჟურნალისტი უნდა დარჩენილიყო წინასწარი დაკავების იზოლატორში, რათა მოწმეებზე, საკუთარ შვილებზე ზეწოლა არ მოეხდინა. მარია პონომარენკოს 2023 წლის თებერვალში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიმოწერის სირთულეები
Amnesty International-ის ანგარიშში უფლებადამცველებს მოაქვთ, სულ ცოტა, სამი მაგალითი იმისა, თუ როგორი პრობლემები ექმნებათ პოლიტპატიმრებს წერილების გაგზავნასა და მიღებაში. ერთ-ერთია იმავე მარია პონომარენკოს შემთხვევა: აქტივისტმა ანამ, რომელსაც ხშირი მიმოწერა ჰქონდა პოლიტპატიმართან, Amnesty International-ს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მარია გადაიყვანეს ალტაის მხარეში მდებარე შიპუნოვოს კოლონიაში ( ИК-22), მას 2024 წლის მარტიდან მოყოლებული არ მიუღია არცერთი წერილი.
კიდევ ერთმა პოლიტპატიმარმა, მუნიციპალურმა დეპუტატმა ალექსეი გორინოვმა, რომელსაც 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი რუსული არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების საქმეზე, 2024 წლის 4 ივნისს მხარდამჭერებს შეატყობინა, რომ ორი კვირის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, აღარ აწვდიან მისთვის გაგზავნილ წერილებს.
ასევე ნახეთ 7 წელი ომის ხსენებისთვისუეცარი ეტაპი
2024 წლის თებერვალში სასამართლო დარბაზში დააკავეს უფლებადამცველი და ორგანიზაცია „მემორიალის“ ერთ-ერთ თანადამფუძნებელი ოლეგ ორლოვი, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორლოვს ბრალი ედებოდა „რუსეთის შეიარაღებული ძალების არაერთგზის დისკრედიტაციაში“, რაც გამოვლინდა სოციალურ ქსელში ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამოქვეყნების სახით. 70 წლის უფლებადამცველი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორ N5-ში, სადაც იგი თავისი საჩივრის განხილვამდე უნდა დარჩენილიყო. ორლოვის მეუღლე ტატიანა კასატკინა ექვსი კვირა ითხოვდა ქმართან შეხვედრას, რისი ნებართვაც მიიღო 2024 წლის 11 აპრილს, თუმცა 12 აპრილს გამთენიისას ორლოვი მოულოდნელად ეტაპით გაგზავნეს კოლონიაში ისე, რომ არც პატიმრის ცოლი და არც ადვოკატი არ გაუფრთხილებიათ. მეტიც, უეცარი ეტაპირება მოხდა სარჩელის განხილვამდე.
ასევე ნახეთ უფლებადამცველ ოლეგ ორლოვისთვის ბრალდებამ ორი წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა„ასეთი მოპყრობა ძნელია არ შეფასდეს პატიმრის უფლების უხეშ დარღვევად“, - ნათქვამია Amnesty International-ის კვლევაში.
ტატიანა კასატკინამ ეტაპის შემდეგ ქმრის მონახულება შეძლო მხოლოდ 13 ივნისს - ქალაქ სიზრანის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
საჯარიმო საკანში პაემნები არ დაიშვება
კოლონიაში გადაყვანის შემდეგ მსჯავრდადებულებს უჩნდებათ უფლება ხანგრძლივ და მოკლევადიან პაემნებზე, რომელთა რაოდენობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება კოლონიის რეჟიმით. თუ ეს არის ზოგადი რეჟიმის კოლონია, დასაშვებია წელიწადში ექვსი მოკლევადიანი (ორიდან ოთხ საათამდე) და ოთხი გრძელვადიანი (ერთი დღიდან სამ დღემდე) პაემანი. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრებს სამი მოკლევადიანი და სამი გრძელვადიანი პაემნის უფლება აქვთ.
თუმცა, კოლონიაში გადაყვანის შემდეგ, ბევრი პოლიტპატიმარი მალევე იქცევა „წესრიგის დამრღვევად“ და პატიმრობის ვადის მნიშვნელოვან ნაწილს, სხვადასხვა საბაბით, ან საჯარიმო იზოლატორში, ან საკნის ტიპის შენობაში ატარებს. ამ თვალსაზრისით სამაგალითოა ალექსეი ნავალნის შემთხვევა: სამი წლის განმავლობაში პატიმარი 27-ჯერ გადაიყვანეს საჯარიმო იზოლატორში, სადაც ჯამში 295 დღე გაატარა, ვიდრე არ გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს.
ასევე ნახეთ როგორ კლავდნენ ნავალნისAmnesty International-ის ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ პოლიტპატიმრების საკანში გაგზავნისა და კოლონიაში მათი ნათესავების ვიზიტების თარიღების დამთხვევის კიდევ ერთ ფაქტს: 2023 წლის 7 სექტემბერს, დეპუტატი ალექსეი გორინოვი საჯარიმო საკანში გადაიყვანეს 13 სექტემბრამდე იმის გამო, რომ თითქოსდა მან თავი არ წარუდგინა სასჯელაღსრულების სამსახურის ოფიცერს. საკნიდან სავარაუდო გათავისუფლების დღეს გორინოვი უკან დააბრუნეს რეჟიმის დარღვევის საბაბით. ეს მოხდა გორინოვის ნათესავების კოლონიაში დაგეგმილი ჩასვლის წინა დღეს, რის გამოც პატიმართან დანიშნული პაემანი აღარ შედგა.
იგივე დაემართა ილია იაშინს, პოლიტპატიმარს და მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის მუნიციპალურ დეპუტატს. 2024 წლის მაისში ის მშობლებთან დანიშნულ პაემნამდე სამი დღით ადრე გადაიყვანეს საჯარიმო საკანში.
„სამდღიანი პაემანი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პარასკევს გამომკეტეს საკანში, რაც გამორიცხავს ოჯახთან ჩემს კომუნიკაციას. სპეციალურად დაელოდნენ პარასკევ საღამოს, რათა ადვოკატი ვერ მოსულიყო ჩემთან და ვერ გაეფრთხილებინა ჩემი ოჯახის წევრები. ანუ უბრალოდ პაემანი კი არ ჩაშალეს, არამედ ისე გააკეთეს, რომ ჩემს მშობლებს ჩანთებით ევლოთ 300 კმ და მხოლოდ კოლონიის კარიბჭესთან შეეტყოთ, რომ მათი შვილი საჯარიმო საკანშია გადაყვანილი და, შესაბამისად, უკან უნდა დაბრუნდნენ. ეს არის საძაგლობა! მესმის, რომ არსებობს ჩემზე ზეწოლის გაძლიერების პოლიტიკური ამოცანა. გუშინ არ დავბადებულვარ და მორალურად მზად ვარ ასეთი რამეებისთვის, მაგრამ ადმინისტრაციასთან მაქვს ერთი შეკითხვა: რა შუაშია დედაჩემი? ის არც პოლიტიკოსია და არც ოპოზიციონერი მოღვაწე. მას რატომღა იგდებთ აბუჩად? თუ აცნობიერებთ, რომ მას უფრო სჯით, ვიდრე მე?“ - ილია იაშინის ეს წერილი მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
სხვა პოლიტპატიმრების ახლობლებიც, რომლებიც Amnesty International-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, ადასტურებენ ამ პრაქტიკას და მას "დაცინვას და აბუჩად აგდებას" უწოდებენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა შენიშნა, რომ ასეთი ვიზიტებისთვის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, ისევე როგორც გზას. როგორც წესი, საუბარია ასობით კილომეტრზე.
Amnesty International-ის მიერ 26 ივნისს გამოქვეყნებული მოხსენების ავტორები დეტალურად აღწერენ საერთაშორისო კანონებსა და რეგულაციებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება არღვევს პატიმრებისთვის პაემნების, სატელეფონო ზარებისა და მიმოწერის უფლების შეზღუდვით.