რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ორგანიზაცია „მემორიალის“ თანათავმჯდომარის, უფლებადამცველ ოლეგ ორლოვისთვის, ბრალდებამ ორი წლით და თერთმეტი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება სასამართლო დარბაზიდან. სასამართლო იმართება ე.წ. არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის ბრალდებით.
ორლოვს ასამართლებენ ანტისაომარი სტატიისთვის „მათ ფაშიზმი სურდათ. მათ ის მიიღეს“.
ეს ამ საქმის განმეორებითი განხილვაა მოსკოვის გოლოვინის რაიონულ სასამართლოში. შარშან შემოდგომაზე უფლებადამცველი დამნაშავედ ცნეს და 150 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრეს, მაგრამ პროკურატურამ, რომელიც ორლოვისთვის სამი წლით პატიმრობას ითხოვდა, განაჩენი გაასაჩივრა. პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეში არის დამამძიმებელი გარემოება - „იდეოლოგიური მტრობისა და სიძულვილის მოტივი“. შედეგად მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გააუქმა განაჩენი და საქმე ხელახლა გამოსაძიებლად დააბრუნა. გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე კვლავ სასამართლოშია. ორლოვის განმეორებითი პროცესი 16 თებერვალს დაიწყო.
ორლოვი უარყოფს დანაშაულს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, არ მისცემს ჩვენებას და მხოლოდ დასკვნითი სიტყვით გამოვა. „ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ ორლოვმა ასევე ადვოკატებს აუკრძალა მოწმეთა გამოძახება იმის შიშით, რომ ისინი ე.წ. უცხოეთის აგენტებად შეიძლება აღიარონ. თავად ორლოვი იუსტიციის სამინისტრომ 2 თებერვალს ცნო უცხოეთის აგენტად.