Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი რუსი უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი 150 ათასი რუბლით დააჯარიმეს არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით


ოლეგ ორლოვი (მარცხნივ) სასამართლოში. 11 ოქტომბერი, 2023.
ოლეგ ორლოვი (მარცხნივ) სასამართლოში. 11 ოქტომბერი, 2023.

მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ თანათავმჯდომარეს, ოლეგ ორლოვს, 150 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა მუხლით „ჯარის განმეორებითი დისკრედიტაციის შესახებ“. პროკურატურა 250 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა. პროკურორი ასევე გამოვიდა წინადადებით, ორლოვისთვის დაენიშნათ ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მისი თქმით, ორლოვს შეენიშნება „სამართლიანობის გაძლიერებული გრძნობა და თვითგადარჩენის ინსტინქტის ნაკლებობა“.

ორლოვის ბრალდების მიზეზი გახდა ფრანგული გამოცემა Mediapart-ისთვის დაწერილი მისი სტატია, რომელიც ფეისბუკში გადაიბეჭდა. გამომძიებლების თქმით, ტექსტის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სამხედროთა მოქმედებები დახასიათებულია როგორც „დანაშაულებრივი, ფაშისტური, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებასთან დაკავშირებული“.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ და ის, როგორც წესი, გამოიყენება ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების სამართლებრივი დევნისთვის.

საბჭოთა პერიოდში „სამართლიანობის გაძლიერებულ გრძნობას“ ხშირად მიუთითებდნენ ერთ-ერთ სიმპტომად დისიდენტებისა და ოპოზიციონერების ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმისას. 1977 წელს მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც გმობს სსრკ-ში ფსიქიატრიის გამოყენებას პოლიტიკური რეპრესიების მიზნით.

XS
SM
MD
LG