უყვება რადიო თავისუფლებას მარიამ წიწიკაშვილი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 9 ივნისს, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. მას და მის მეგობარს ჩამოართვეს პასპორტები და იმ დღეს დაგეგმილი რეისით გაფრენა ვეღარ მოახერხეს.
მარიამ წიწიკაშვილის სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, ანუ ჩაიდინა თუ არა წვრილმანი ხულიგნობა, 19 ივნისს გაიმართება.
ასევე ნახეთ მოქალაქე ამბობს, რომ აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ დააკავესერთწუთიან ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ისმის, როგორ უხსნის მარიამ წიწიკაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძესა და მის თანმხლებ პირებს თავისი პროტესტის მიზეზს:
„თქვენ ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს დემოკრატია დაასამარა, სამჯერ თუ ოთხჯერ ღილაკზე თითის დაჭერით, საქართველოს ევროპულ მომავალს უთხრა უარი, უნდა შეგრცხვეთ ყველგან“, - მარიამს მხედველობაში აქვს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერა.
ვიდეოში არსად ისმის დეპუტატის ან მისი თანმხლები პირების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, ლანძღვა-გინება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის, ანუ ხულიგნობის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.
მარიამ წიწიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიდეოს გადაღება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატის თანმხლებმა პირებმა თავად დაიწყეს ვიდეოგადაღება. ინციდენტის დასრულების შემდეგ კი, მალევე მივიდა მასთან პოლიციელი და შეატყობინა, რომ მან საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და მის წინააღმდეგ საჩივარი დაიწერა.
ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამგვარი „დასჯის მეთოდის“ გამოყენებით, იმ მოქალაქეების დაშინებას ცდილობს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ და საკუთარ აზრს საჯაროდ, სხვების თანდასწრებით, ხალხმრავალ ადგილებში გამოხატავენ.
„არ მგონია, რომ ვიქნები ბოლო, რომელმაც დეპუტატს სიმართლე კიდევ ერთხელ უთხრა. მგონია, რომ ამ სიმართლეს კიდევ ბევრი მოქალაქე ეტყვის მათ. ამ ანგარიშსწორების მიზანი, რა თქმა უნდა, დაშინებაა, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ის საქართველო, რომელშიც მე გავიზარდე, ის მოქალაქეები, რომლებიც წლებია იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, არ წამოეგებიან ამ დაშინებას და ძალიან ბევრი მოქალაქე გამოჩნდება, ვინც სახეში ეტყვის სიმართლეს დეპუტატებს, რომლებიც ევროპულ მომავალს გვართმევენ“.
მარიამ წიწიკაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც სამართალდამცავებმა ხულიგნობის მუხლით მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პროტესტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გამოხატა.
5 ივნისს, ბათუმში, სწორედ ხულიგნობის მუხლით დააკავეს ხათუნა ბერიძეც. მან ბულვარში სეირნობის დროს პრემიერ-მინისტრსა და აჭარის მთავრობის მეთაურს მოღალატეები და მონები ეძახა:
„არ შემეძლო ჩვეულებრივ გამეტარებინა ის ფაქტი, რომ კობახიძე და გამყიდველები, სამშობლოს მტრები ჩემ ქალაქში, ბათუმში, გადაადგილდებიან ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე და თამამად, თითქოს ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებენ“, - უთხრა ხათუნა ბერიძემ ჟურნალისტებს.
დეპუტატი ნინო წილოსანი კი მოქალაქეს, რომელმაც მის სახლთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და "მოღალატე" დაუძახა, სისხლის სამართლის დანაშაულში, ადევნებაში ადანაშაულებს.
3 ივნისს მან შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა „დათაგა“ ფეისბუკზე და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
რამდენიმე საათში დავით კუპრავა, რომელიც ნინო წილოსანმა ადევნებაში დაადანაშაულა, გამოკითხვაზე დაიბარეს.
„უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების პროტესტის ეშინია", - დაწერა დავით კუპრავამ ფეისბუკზე.
დავით კუპრავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს გამოიკითხა:
„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე?” - თქვა დავით კუპრავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრისას.
მარიამ წიწიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლების დაშინების მიზანმიმართულ კამპანიას კიდევ უფრო ცხადს ხდის ის გულგრილობა, რომელსაც მთავრობა ბოლო დროს, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების მიმართ იჩენს:
„ადამიანებს დღისით, მზისით უსწორდებიან ფიზიკურად და ამგვარი ქმედებების გამო ჯერ არავინ დასჯილა. რამდენიმე დღის წინ გაუსწორდნენ უნივერსიტეტიდან გამოსულ სტუდენტს, ნიკო მანაგაძეს. ნაცარს გვაყრიან თვალებში, გვეუბნებიან, რომ თურმე არაფერია, ადამიანს რომ თავს ესხმიან, სცემენ, ვერ პოულობენ პირებს, რომლებსაც სახე უჩანთ, რომლებსაც კამერები აფიქსირებენ და მე, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც დეპუტატს მოახსენა საკუთარი პოზიცია კანონთან დაკავშირებით, მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წვრილმან ხულიგნობაში დამადანაშაულეს“.
ასევე ნახეთ აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თსუ-სთან სცემესცემა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ერთ საათში
„ერთი მოქალაქის პროტესტის“ ფაქტები ყურადღების მიღმა არ რჩებათ ხელისუფლების პირველ პირებს, მათ შორის, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს.
შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „აღშფოთებული მოქალაქის“ მოწყობილი სცენა სინამდვილეში "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა".
თავის პოსტში მან ის ხალხი ჩამოთვალა სახელებით და გვარებით, რომლებიც, მისი სიტყვებით, ემუქრებიან, ურეკავენ და შეურაცხყოფენ დეპუტატებს.
ამ ჩამონათვალში მოხვდა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ზუკა ბერძენიშვილიც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან დაახლოებით ერთ საათში, საკუთარ სახლთან, ფიზიკურად გაუსწორდა სამი უცნობი თავდამსხმელი.
როგორც ზუკა ბერძენიშვილის მეგობარი, სალომე ბარკერი (ისიც მოხსენიებულია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტში) ეუბნება რადიო თავისუფლებას, აქტივისტს ზურგიდან დაესხნენ თავს, ის თავად შეესწრო მომხდარს:
„ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, დილით გამოვიდა სახლიდან. დახვდა მანქანა, რომლის ნომერიც ვიცით და პოლიციასაც გადავეცით, თეთრ „პრიუსში“ იჯდა სამი პირი. მეზობლებმა გვითხრეს, რომ ეს მანქანა ბოლო ორი დღის განმავლობაში იდგა აქ. ზუკას ზურგიდან მიეპარნენ. როგორც ზუკა იხსენებს, ერთ-ერთი უყვიროდა, შენ თუ თავში არ გესროლოო და შემდეგ გაიქცნენ.
სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, გამოკვლევებს უკეთებენ. ეს არის დაშინების სერიების გაგრძელება. ერთი საათიც არ იყო გასული პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, ზუკას რომ თავს დაესხნენ, მაგრამ ამით ვერავის გააჩუმებენ და ვერავის შეაშინებენ“, - ამბობს სალომე ბარკერი.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ პოლიცია იძიებს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ძალადობას და ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ასევე ნახეთ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყოდაშინებისა და რეპრესიული მანქანის კიდევ ერთი განშტოება
ნესტან ლონდარიძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ყურადღებით აკვირდება „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მოქალაქეებისა თუ აქტივისტების პროტესტს იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც კანონს მხარი დაუჭირეს.
ამის პარალელურად, ყურადღებით აკვირდება ის „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეების, აქტივისტებისა თუ პოლიტიკოსების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ძალადობის ფაქტები ერთ თვეზე მეტია, რაც სისტამატურად ხდება, თუმცა, გამოძიებას ერთი სავარაუდო დამნაშავეც კი არ გამოუვლენია, მაშინ, როდესაც რამდენიმე მათგანი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, კიდევ რამდენიმე თავდამსხმელის გადაღება ქუჩაში მოახერხეს მოქალაქეებმა და მათი იდენტიფიცირება სამართალდამცავებისთვის არანაირ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
ასევე ნახეთ ტერორი „მარწყვის არომატით“ - გინებისა და მუქარის ახალი ტალღაპირველ რიგში, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ საჯარო სივრცეებში, მოქალაქეების პროტესტი სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ამგვარი პროტესტისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა აბსოლუტურად არამართებულია:
„ამ მოქალაქეების პროტესტებში არანაირად არ იკვეთება 166-ე მუხლის შემადგენლობა, წვრილმანი ხულიგნობა - ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. აქ ხდება მოქალაქის პოზიციის, პროტესტის დაფიქსირება, რომ ამგვარი კანონის მიღებით, მმართველი გუნდი ქვეყანას უცვლის პოლიტიკურ ორიენტაციას.
სწორედ ამ შინაარსის გზავნილებს აფიქსირებენ მოქალაქეები დეპუტატებთან, ეს არ არის წვრილმანი ხულიგნობა. ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ხელის შეშლაა“.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, გამოხატვის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ მაშინ, თუკი ის ეხება - ცილისწამებას, უხამსობას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, მუქარას.
ნესტან ლონდარიძის თქმით, ბოლო დროის ტენდენცია, ხულიგნობის მუხლით დააკავონ ის მოქალაქეები, რომლებიც საჯარო სივრცეში გამოხატავენ პროტესტს დეპუტატების მიმართ, იმ დაშინებისა და რეპრესიული მანქანის კიდევ ერთი განშტოებაა, რომელსაც ხელისუფლება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეების მიმართ იყენებს.
მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, როდესაც ამ მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები, სახლთან თუ სასწავლებლებთან ჩასაფრება და ფიზიკური ანგარიშსწორებები, რეაგირებისა და ბოლომდე მიყვანილი გამოძიების გარეშე რჩება:
„მაშინ როდესაც დეპუტატების კრიტიკისთვის მოქალაქეებს წამის უსწრაფესად აკავებენ, ასე დროულად რეაგირებენ მათთვის შექმნილ დისკომფორტზე, რომელსაც არანაირი ძალადობრივი ფორმა არ აქვს, ყველა ბერკეტს იყენებენ, რომ არ დაირღვეს დეპუტატების სიმშვიდე, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების, პარტიების, აქტივისტების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებზე დღემდე ვერ ვხედავთ რეაგირებას. ვერ ვხედავთ გამოვლენილ დამნაშავეებს“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
ასევე ნახეთ „შეიძლება ფიზიკურადაც გაგვისწორდნენ“ - არასამთავრობოების ოფისებზე ისევ გაჩნდა მუქარის წარწერებითეთრი ქაღალდი, ირა*ლი, მონა ლიზა - ხულიგნობად შერაცხული პროტესტი
არაძალადობრივი, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების ხულიგნობის მუხლით დაკავება, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ტენდენციად იქცა.
მაგალითად, გასული წლის ივლისში პოლიციამ მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ მაშინ დააკავა, როდესაც მათ თეთრი ფურცლები ეჭირათ და ასე გამოხატავდნენ პროტესტს. იმ დღეს მოქალაქეები მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია გაიმეორა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე.
ასევე ნახეთ “ირა*ლის” მაგივრად “ირაჯლი” რომ ყოფილიყო, მაინც დააკავებდით?”მანამდე, ივნისში, ამავე, ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, დააკავეს სამართალდამცავებმა მოქალაქეები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ რიტორიკას მშვიდობიანი გზით აპროტესტებდნენ და ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით „ირა*ლი“.
კიდევ ერთი მოქალაქე, გასული წლის მარტში, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციაზე კი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის პარლამენტთან „მონა ლიზას“ ყვიროდა: სხვა მიზეზი არაფერი არ ჰქონდათ. სასამართლო სხდომაზე პოლიციელმაც თქვა, რომ "მონა ლიზას" ვსკანდირებდი", - თქვა მან სასამართლოს დასრულების შემდეგ.
ასევე ნახეთ კაცი, რომელიც პარლამენტთან "მონა ლიზას" ყვიროდა, მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმაიმ ღამეს პოლიცია ცდილობდა დაეკავებინა ის მოქალაქეები, რომლებიც დეპუტატებს "მონებს" ეძახდნენ, ე.წ. აგენტების კანონპროექტის პარლამენტის კომიტეტებში განხილვის გამო. აქციის მონაწილეების ნაწილმა ამ მიზეზით დაიწყო "მონა ლიზას" სკანდირება.