ახალგაზრდა კაცი, რომელიც 2 მარტს პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავა პოლიციამ, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 აპრილს, გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე ნიკა კვიტატიანი თავად ესაუბრა რადიო თავისუფლებას.
იმ დღეს კვიტატიანი საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 9 აპრილის ქუჩაზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ყვიროდა "მონა ლიზას". დაკავების მომენტი ასახულია ვიდეოკადრებშიც.
"დამაკავეს, როცა ვსკანდირებდი "მონა ლიზას". ამ დროს დამაკავეს. სხვა მიზეზი არაფერი არ ჰქონდათ. სასამართლო სხდომაზე პოლიციელმაც თქვა, რომ "მონა ლიზას" ვსკანდირებდი", - ამბობს ნიკა კვიტატიანი.
2 მარტის საღამოს პოლიცია ცდილობდა დაეკავებინა ის მოქალაქეები, რომლებიც დეპუტატებს "მონებს" ეძახდნენ, ე.წ. აგენტების კანონპროექტის პარლამენტის კომიტეტებში განხილვის გამო. აქციის მონაწილეების ნაწილმა ამ მიზეზით დაიწყო "მონა ლიზას" სკანდირება.
- პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. უფრო ადრე, 2 მარტს, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განიხილებოდა.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზე თბილისში ათეულობით ადამიანი დააკავეს. მათ უმრავლესობას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. მათ შორის მოხვდნენ "ტაბულისა" და "პუბლიკის" ჟურნალისტები.