Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თსუ-სთან სცემეს


ნაცემი აქტივისტი ნიკო მანაგაძე
ნაცემი აქტივისტი ნიკო მანაგაძე

აქტივისტს, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ნაცემი სტუდენტის ვიდეოს თსუ-ს ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ფეისბუკზე ავრცელებს. ვიდეოში ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ მინიმუმ ორი ადამიანი თავს დაესხა ზურგიდან, თუმცა არ დაუნახავს, ხელი ჩაარტყეს თუ სხვა რაიმე საგანი.

"თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან ლექციიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი, უკვე გზაზე გადმოვდიოდი და უკნიდან ვიგრძენი. შემდეგ მეც შევუბრუნე ხელი, ვცდილობდი თავდაცვას. შემდეგ მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე, ალყაში ვიყავი, აღარც მახსოვს... სახეზეც არ მახსოვს ეგ ხალხი იმიტომ, რომ როგორც კი მივბრუნდი, მაშინვე სახის მიმართულებით, გამიზნულად, პირდაპირ თავში მოდიოდა...", - ჰყვება ნიკო მანაგაძე.

მაგდა მემანიშვილის თქმით, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებულია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება სავარაუდო თავდამსხმელების ვიდეოც, სადაც ჩანს უკვე ნაცემი მანაგაძე და ის, თუ როგორ გარბის გზაზე რამდენიმე პირი.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დაიწყო თუ არა გამოძიება, ამის შესახებ უწყების კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ე.წ. აგენტების კანონის გამო პროტესტით ხვდება.

"დახვდი კობახიძეს", - ამ ლოზუნგით მართავდნენ აქციას სტუდენტური მოძრაობის წევრები და შეძახილებით აცილებდნენ ირაკლი კობახიძეს თსუ-ში.

იმავე შინაარსის აქცია იგეგმება ხვალაც, 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძის ლექცია უნდა გაიმართოს.

ირაკლი კობახიძე, რომელიც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ყოველ შაბათს, დილის 10 საათზე ატარებს ლექციას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG