„მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მე ვარ წარმოშობით ერედვიდან, ცხინვალის რეგიონიდან. ჩემი მიწა არის ოკუპირებული… ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია დავბრუნდე და გავყარო ოკუპანტები. ყველა უნდა დაბრუნდეს გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, ერედვში“, - თქვა გუშინ, 9 მარტს ნაციონალური მოძრაობის წევრმა და აქციის წამყვანმა ირაკლი ფავლენიშვილმა მიტინგზე აფხაზეთის და ცხინვალის ომის ვეტერანების წარდგენისას.
"სოხუმი! სოხუმი! ცხინვალი! ცხინვალი!" - გაისმა საპასუხოდ შეძახილები საპროტესტო აქციიდან.
"ყველა ჩვენგანისთვის ეს ჟღერდა, როგორც ომის მუქარა", - დაწერა ტიკ-ტოკის ერთ-ერთმა აფხაზმა მომხმარებელმა misha_gagra-ს ქართული ტიკ-ტოკ ანგარიშის ქვეშ.
"არც კი დაგესიზმრებათ, რა გამოვიარეთ ჩვენ აქ საქართველოს წყალობით", - მიაწერა სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა. "საქართველოს ყველა მოქალაქემ იგივე გამოიარა", - უპასუხა ვიდეოს ავტორმა.
"რით განსხვავდებით რუსეთისგან, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკში შეიჭრა? კარგით. სცადეთ საზღვრის გადმოკვეთა", - წერდა კიდევ ერთი კომენტატორი.
"თქვენ გირჩევნიათ იმას მიაქციოთ ყურადღება, საქართველო რუსეთი არ გახდეს, თუ უკვე ასე არ არის", - წერდნენ აფხაზები.
"საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხში არ ვყოფ. შესაძლოა, ოპოზიციისთვის უფრო ადვილი იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი განცხადებების გაკეთება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოშიც არის რევანშისტული სენტიმენტები ხელისუფლებაში... დიახ, გამიკვირდა მთელი ეს ვითარება, რომ ეს კანონპროექტი ასე ნაჩქარევად და მარტივად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს და ასე სწრაფად მიიღეს პარლამენტში. პირველი მოსმენით სახელმწიფოში, რომელიც თავს დემოკრატიულად მიიჩნევს", - თქვა რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზასთან" ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტმა საიდ გაზერდავამ.
აფხაზეთში სამოქალაქო სექტორი მკვეთრი წინააღმდეგობის ფასად ჯერჯერობით ახერხებს აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული "უცხოეთის აგენტების შესახებ" რუსული კანონის ანალოგის პარლამენტში განხილვის დაბლოკვას.
ასევე ნახეთ არ დავუშვებთ - როგორ ებრძვის აფხაზური საზოგადოება "აგენტების" შესახებ კანონპროექტსსაპროტესტო აქციებს რუსთაველზე თვალს ადევნებდნენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც. 8 მარტს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ძალები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეც კი გადაიყვანეს.
წინა დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც თბილისის ცენტრში არეულობა გამოიწვია.
"ეს არის რეალურად პრევენციული ღონისძიება, ჩვენ გაძლიერებულ რეჟიმში ვაკვირდებით სიტუაციას მიმდებარე, სასაზღვრო ტერიტორიებზე, რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება", - განაცხადა 9 მარტს სამხრეთ ოსეთის ე.წ-მა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა.
8 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ამერიკელები "საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან". დე ფაქტო უწყების მედიაცენტრის ცნობით, არძინბას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნაა.
ასევე ნახეთ მარგარიტა სიმონიანი: თუ 2008 წელი განმეორდება, "თბილისს ეგრევე გლიჯავენ"მანამდე არძინბამ თქვა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია". აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კი ამბობდა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს". ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ საქართველოს ხელისუფლება შეაფასა, როგორც "რუსეთის მიმართ ნეიტრალური".
"მაგრამ ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული, გახსნას მეორე ფრონტი?" - იკითხა მან.
2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული სამხედრო აგრესიის შიში გაუჩნდათ.
არც მთიანი ყარაბაღისა და არც უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტური რეგიონების ძალისმიერი გზით დაბრუნების სურვილი არ გამოუხატავს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, გასული წლის მარტის დასაწყისში CRRC საქართველოსა და კავკასიური სახლის კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც იდგნენ მარტის საპროტესტო აქციების ავანგარდში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას არ იწონებენ.
კვლევა 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა და მასში 18-29 წლის 1116 ქართველი მონაწილეობდა.
კითხვაზე, კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს თუ მოლაპარაკებების გზით, ქართველი ახალგაზრდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%) უპასუხა, რომ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს და არა ძალის გამოყენებას. მხოლოდ 2%-მა თქვა, რომ კონფლიქტები ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს, 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადსაქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ "გლობალური ომის პარტია" დასავლეთში საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
მასობრივი პროტესტის შემდეგ დღეს, 10 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.
კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.