სამოქალაქო სექტორი მკვეთრი წინააღმდეგობის ფასად ჯერჯერობით ახერხებს აფხაზეთში უცხოეთის აგენტის სტატუსის შემოღების დაბლოკვას.
გასული წლის იანვარში ასეულობით მოქალაქემ კანონპროექტის წინააღმდეგ დე ფაქტო მთავრობას საჯარო წერილით მიმართა. მასში ნათქვამი იყო, რომ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდება და ის დარტყმას მიაყენებს არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ "აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯს". პირველ სამ დღეში მიმართვას ხელი 400-მდე ადამიანმა მოაწერა.
"ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ აფხაზეთში და აქ არიან დარეგისტრირებული, ვფიქრობ, არიან "აფხაზების აგენტები". ომის შემდგომ პერიოდში მათ დიდი სამუშაო გასწიეს განათლების, ფსიქოლოგიური, სოციალური დახმარების, ვეტერანების, შშმ პირთა დახმარების, იურიდიული კონსულტაციების, სტატისტიკის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სფეროს სხვადასხვა სახის კვლევებში", - უთხრა რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" აფხაზმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ახრა ბჟანიამ.
აფხაზეთში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე მსჯელობა 2014 წელს დაიწყო, მაშინ როცა რუსული კანონის (მიიღეს 2012 წელს) ანალოგიური საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში - ცხინვალში მიიღეს. ცხინვალისგან განსხვავებით, აფხაზეთში კანონპროექტს დიდი უკმაყოფილება და წინააღმდეგობა მოჰყვა.
"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ შეიქმნა უარყოფითი პრეცედენტი: მსგავსი კანონმდებლობა მიიღეს სამხრეთ ოსეთში, ოდნავ სხვა სახელით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რა შედეგები მოჰყვა ამას. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოება ინსტიტუციური ფორმით პრაქტიკულად არ არსებობს", - თქვა "ეხო კავკაზასთან" აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის" იურისტმა საიდ გეზერდავამ გასული წლის იანვარში და დაამატა:
"სამოქალაქო სექტორი და არა მხოლოდ, ძალიან შეაშფოთა იმავე [რუსეთის კანონმდებლობასთან] ჰარმონიზაციის პროგრამის 37-ე პუნქტმა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების საკითხებში. ეს ყველაფერი სამოქალაქო საზოგადოებასა და ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თავისუფლებებზე ახდენს პირდაპირ გავლენას, როგორიცაა გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლება და სხვა თავისუფლებები".
აფხაზეთში "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე მუშაობა აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ "აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროგრამის ფარგლებში" დაიწყო. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 2020 წლის 12 დეკემბრის შეხვედრაზე შეთანხმდა.
"უცხოელი აგენტების" შესახებ საუბარი კი 2021 წელს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ინალ არძინბას დანიშვნის შემდეგ ისევ დაუბრუნდა დღის წესრიგს. თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ახალი მინისტრი სამოქალაქო სექტორს დაუპირისპირდა.
2022 წლის მაისში დე ფაქტო საგარეო უწყებამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთი პროექტი დახურა. ამ პროექტის ხელმძღვანელი ტიფანი ლუკასი კი "ჯაშუშურ საქმიანობაში" დაადანაშაულა და აფხაზეთიდან გააძევა.
"... თუ აფხაზეთის პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, მაშინ ყველა სხვა ცვლილებასაც მიიღებენ. წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ასეთი კანონის მიღება შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, რა შედეგები მოჰყვება იმას, რასაც ვაკეთებთ", - უთხრა "ეხო კავკაზას" აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა ლიანა კვარჩელიამ 2022 წლის შემოდგომაზე.
კანონპროექტს კრიტიკულად აფასებდა აფხაზი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ასლან კობახია, რომელიც არ მიეკუთვნება არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერ ლიბერალური საზოგადოების ნაწილს.
"მე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე გამკაცრებული კონტროლის მომხრე ვარ. მაგრამ წინააღმდეგი ვარ, მათ უცხოეთის აგენტები უწოდონ. ასეთი მიდგომა ნამდვილი ჩიხია. აგენტად, არასანდოდ ცნო, აფხაზური მიდგომით ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. თუ ამას ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე ან ვინმეს მოსაწონად ვაკეთებთ, მაშინ ეს უხეში შეცდომაა, რომელსაც აფხაზური საზოგადოება არასოდეს მიიღებს", - თქვა ასლან კობახიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთში დიდწილად ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამებიდან ფინანსდებიან. საერთაშორისო ფონდები აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, მესამე სექტორი - აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს წინაშე. მედია აფხაზეთში პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული დასავლეთის გრანტებზე.
"როცა გვაქვს პროექტი, ვიღებთ გრანტს, ვმუშაობთ. მაგრამ როცა ეს პროექტი სრულდება, მუშაობას არ ვწყვეტთ და ვცდილობთ ხალხის დახმარება გავაგრძელოთ. საუბარიც არ შემიძლია იმაზე, რომ აფხაზეთის ბავშვთა ფონდს მთლიანად დავხურავ, რადგან ძალიან მტკივნეულია... იმედი მაქვს, საზოგადოება არ დაუშვებს ასეთი კანონის მიღებას და ჩვენი პარლამენტიც არ გაითვალისწინებს მას, ისევე როგორც სხვა სტრუქტურები", - ამბობს "ეხო კავკაზასთან" აფხაზეთის ბავშვთა ფონდის თავმჯდომარე ასიდა ლომია.
აფხაზური საზოგადოების სამოქალაქო სიმტკიცითა და წინააღმდეგობით ხსნიან ქართველი კონფლიქტოლოგები იმას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა ჯერ კიდევ არ დაუწყია. კანონპროექტის განხილვა ამ გაზაფხულზეა დაგეგმილი.
"იმაზე, რაც საქართველოში თითქმის ერთ კვირაში გადაწყდა, აფხაზეთში წლებია საუბარი მიდის. აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოზე მეტს აკეთებს ხშირ შემთხვევაში, რადგან დასავლური ინსტიტუტების მხარდაჭერა აქვთ… აფხაზეთში სამოქალაქო სექტორის მიმართ მუდმივი პატივისცემაა… არცერთი მმართველი არ გამოირჩეოდა აფხაზეთში განსაკუთრებული სურვილით, სამოქალაქო სექტორისთვის შეეტია. ეს ერთ-ერთი პასუხია, რომ თავს იკავებენ ამ კანონის მიღებისგან", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
ის ასევე დასძენს, რომ დე ფაქტო პარლამენტში დეპუტატების დიდი ჯგუფია, რომელიც "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს ეწინაღმდეგება.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ინიციირებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ნდობის აღდგენის პროექტებზე და აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობაზე ძალიან ცუდად აისახება.
"ძალიან კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება საქართველო, იმიტომ, რომ გარკვეულ თავისუფლების ოაზისად ითვლებოდა კავკასიის რეგიონში. თუ რამე მიმზიდველობა ახლდა საქართველოსთან ურთიერთობას, ერთ-ერთი მათ შორის ის იყო, რომ დემოკრატია შედარებით მაღალი ხარისხის იყო. [ეს თუ გაქრა] აფხაზებისა და ოსების დამოკიდებულება საქართველოსადმი მკვეთრად ნეგატიურად შეიცვლება, რადგან თუ არაფერი გვასხვავებს, რა გვაქვს სალაპარაკო", - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.
მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დარეგისტრირებიდან მალევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ "ხალხის ძალის" ინიციატივას.
დოკუმენტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" ჩაითვლება, ვალდებული იქნება საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში დარეგისტრირდეს.