რისკები და შესაძლებლობები - რა ითქვა საქართველოზე და ახალ ალიანსზე ლონდონში?

9 და 10 თებერვალს ლონდონში არაერთი შეხვედრა გაიმართა.

ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებისას. რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არ შემდგარა საუბარი სამთავრობო დონეზე, რომელიც გასულ კვირაში გადაიდო.

სამთა ალიანსი, რომელსაც უკრაინა „უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის“ იმედებს უკავშირებს, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაფუძნებულა, თუმცა გამოიკვეთა სამი ქვეყნის პირველ პირთა აქტიურობა და ურთიერთდახმარების გაცხადებული სურვილი, ევროპული უსაფრთხოებისთვის რუსეთის მიერ შექმნილი რეალური საფრთხეების ფონზე.

რა ითქვა ლონდონში?

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა ლონდონში დროში დაემთხვა საქართველოში გააქტიურებულ დისკუსიებს ბრიტანეთის, უკრაინისა და პოლონეთის ალიანსის შესახებ. იყო წინასწარი განცხადებები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ვიზიტის დროს ამ საკითხზეც გაიმართებოდა მსჯელობა.

თუმცა ოფიციალურ განცხადებებსა თუ კომენტარებში, ლონდონიდან, უმრავლესობის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ ამ საკითხის თაობაზე.

საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრმა „რეფორმების ჯგუფიდან“, თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ახალი ალიანსის შესახებ საუბარი იყო ლონდონში გამართულ ყველა შეხვედრაზე.

„გვაინტერესებდა, როგორია შესაძლებლობები ამ ალიანსში საქართველოს უსაფრთხოების კუთხით ჩართულობისა და გააქტიურებისა. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ალიანსი ფორმირების პროცესშია და ის არის სრულ ბმაში არა მხოლოდ პრემიერ [ბორის] ჯონსონის, არამედ მთელი ბრიტანეთის მთავრობის ხედვასთან. კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშაოს, რათა ეს შესაძლებლობები, რომლებიც ახლა, ამ ეტაპზე იქმნება, სათანადოდ იყოს გამოყენებული“, - თქვა აქუბარდიამ, რომელსაც რადიო თავისუფლება ლონდონში დაუკავშირდა.

განიხილავენ თუ არა ლონდონში ალიანსის შესაძლო გაფართოებას, ვთქვათ - 3 ქვეყანაზე მეტი რომ გაერთიანდეს, მათ შორის - საქართველოც?

„საქართველოს ადგილთან მიმართებით, რაც მე შთაბეჭდილება დამრჩა, ამ ეტაპზე აზრის ფორმირება არ მომხდარა და სწორედ იმისთვის არის აქტიურობა საჭირო... პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ეს ინტერესი დავაფიქსირეთ და ასევე აქცენტი გავაკეთეთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება უკრაინაში კრიზისის ფონზე“, - გვპასუხობს თეონა აქუბარდია.

ოპოზიციონერი დეპუტატი გვეუბნება, რომ დელეგაციიდან ის „არ იყო ერთადერთი, რომელიც შეხვედრებზე ამ ახალ ალიანსთან დაკავშირებულ შეკითხვებს სვამდა“ და რომ დელეგაციის წევრებს ამ მხრივ „საერთო მიდგომა“ ჰქონდათ.

9 და 10 თებერვალს ლონდონში არაერთი შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის როგორც თემთა, ასევე ლორდთა პალატაში და შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მრჩეველსაც.

შეხვედრები ასევე გაიმართა ხელმძღვანელ პირებთან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტში და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდში.

„საქართველო არის გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრების მთელი ეს პერიოდი ხაზი ესმებოდა იმას, რომ ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანია ის მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც გვაქვს და ამ ურთიერთობების განვითარება“, - განაცხადა ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

მიღებული დაპირებებიდან გამომდინარე, თავდაცვა და უსაფრთხოება დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებებად დაასახელა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემაც.

საქართველო და დიდი ბრიტანეთი წელს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ და 2019 წლიდან ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორებაც აკავშირებს. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

რა ხდება მთავრობაში?

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერჯერობით არ შემდგარა მისი კომუნიკაცია ბრიტანეთის საგარეო უწყებასთან. დისტანციური საუბარი გასულ კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ ის, ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრ ზალკალიანის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო.

ასევე ნახეთ ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - ბრიტანელ კოლეგასთან სატელეფონო ზარი გადაიდო

საგარეო უწყებაში განგვიმარტეს, რომ პირი, რომელსაც ზალკალიანი უნდა დალაპარაკებოდა, ძველ პოსტზე აღარ მუშაობს და შესაბამისად, კომუნიკაციაც მის შემცვლელთან უნდა მოხდეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ლაპარაკია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების სახელმწიფო მინისტრზე ევროპის საკითხებში - კრის ჰიტონ ჰარისზე. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჰიტონ ჰარისი, რომელიც მანამდე ბრიტანეთის პარლამენტის წევრი და ტრანსპორტის მინისტრიც იყო, ბორის ჯონსონთან დაახლოებული პირია და ის მან თავის კაბინეტში, საპარლამენტო მდივნად გადაიყვანა.

ოფიციალური ინფორმაციით, კრის ჰიტონ ჰარისი ახალ პოსტზე 8 თებერვალს დაინიშნა და მის ფუნქციებში შედის, მათ შორის, ისიც, რომ პარტიის გადაწყვეტილებებმა მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვონ პარლამენტის წევრების მხრიდან, კენჭისყრის პროცესში.

მასშტაბური აქტიურობა

რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ დიპლომატიური აქტივობის მუხტს არ ანელებენ ბრიტანეთი და პოლონეთი.

ასევე ნახეთ ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვი „კატასტროფული შედეგების“ თაობაზე გააფრთხილა

მოსკოვში ჩასულმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა 10 თებერვალს პირადად გააფრთხილა რუსი კოლეგა, რომ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება და შეახსენა, რომ, აშშ-ს მკაფიო განცხადებით, რუსეთი მისთვის ასე ძვირფასი მილსადენის, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის ამოქმედებასაც დაემშვიდობება.

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, ლიზ ტრასი კიევში 2 თებერვალს უნდა ჩასულიყო და უკრაინა-ბრიტანეთი-პოლონეთის ახალი ალიანსის შექმნის იდეა სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა გახმაურებულიყო. თუმცა, კორონავირუსით ინფიცირების გამო, მან ვიზიტი გადადო და სინანული ამის შესახებ ტვიტერზეც გამოხატა.

ასევე ნახეთ რას უმიზნებს ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობის ფორმატი?

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას დაჰპირდა, რომ შეძლებისდაგვარად მალე ესტუმრებოდა.

10 თებერვალს პოლონეთში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.

უკრაინა აცხადებს, რომ ალიანსის შექმნა მისი იდეაა და მუშაობა ამ თემაზე უკვე თვეებია მიმდინარეობს. თუმცა ეს იდეა პირველად სწორედ ლიზ ტრასმა გაახმაურა, 21 იანვარს ავსტრალიაში ვიზიტის დროს.

საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 თებერვალს, რადაში გამოსვლის დროს ილაპარაკა.

ასევე ნახეთ „პუტინი გადაწყვეტს“ - უკრაინის დიპლომატიური ფრონტი და დასავლეთის პასუხი მოსკოვს

რუსეთის შეჩერების დიპლომატიური და პოლიტიკური მცდელობების პარალელურად, ბრიტანეთი აქტიურად ეხმარება უკრაინას - მათ შორის იარაღის მიწოდებით. პროკრემლისტურად განწყობილი რუსი ანალიტიკოსებისთვის დღემდე შემაშფოთებელ გამოცანად რჩება - რატომ გადაწყვიტა ბრიტანეთმა ინსტრუქტორების გაგზავნა უკრაინაში - NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, ინსტრუქტორების გაგზავნა უკრაინელი სამხედროებისთვის „საწვრთნელი კურსის“ ჩასატარებლად გახდა საჭირო.

ბრიტანეთი მკაფიოდ უჭერს მხარს რუსეთის უშუალო მეზობელს - პოლონეთს და სულ ახლახან, დამატებით 350 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღო. საერთო ჯამში, პოლონეთში 600 ბრიტანელი სამხედრო იქნება მობილიზებული, სადაც პარალელურად, ათასობით სამხედროს გზავნის აშშ-ც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მადლობას უხდის პოლონეთის პრეზიდენტს, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში, 8 თებერვალს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გაკეთებული მკაფიო, მხარდამჭერი განცხადებებისთვის.

პოლონეთის ხელისუფლება, მეთვალყურეების აზრით, წარმოუდგენელი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს და მის როლს საქართველოს იმედებიც უკავშირდება.

ასევე ნახეთ მეორედ, განსხვავებულად - რატომ ჩამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი?
ასევე ნახეთ პოლონეთის პრეზიდენტი ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრების ჩატარებას ითხოვს

დეპუტატი და უსაფრთხოების სპეციალისტი, თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ „პოლონეთი ამ ეტაპზე ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ევროპული უსაფრთხოების კუთხით“ და ეს მისთვის ცხადი გახდა ლონდონში გამართული შეხვედრების დროსაც.

აქუბარდიამ არ იცის, რატომ ჩამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა სულ რამდენიმე საათით თბილისში, 3 თებერვალს, ღამით; მაგრამ, დარწმუნებულია ამ მოკლე ვიზიტისა და, ზოგადად, პოლონეთთან ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობასა და აუცილებლობაში.

„მიუხედავად გაზრდილი რისკებისა, შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ალიანსით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი თეონა აქუბარდია.