Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვი „კატასტროფული შედეგების“ თაობაზე გააფრთხილა


ლიზ ტრასი მოსკოვში
ლიზ ტრასი მოსკოვში

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი გააფრთხილა იმ „კატასტროფული შედეგების“ შესახებ, რაც რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას მოჰყვება უკრაინაში. სწორედ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჭარბი სამხედრო ძალის თავშეყრით გამოწვეული დაძაბულობაა მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მთავარი დღის წესრიგი.

„არსებითად უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები მოჰყვება როგორც უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, ისე ევროპული უსაფრთხოებისათვის და ევროკავშირმა ნატოსთან ერთად განაცხადა, რომ უკრაინის ინტერვენციას მოჰყვება სერიოზული შედეგები და რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოსკოვში 10 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ.

იმ დროს, როდესაც ევროპელი ლიდერები და დიპლომატები ცდილობენ უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის განმუხტვას, რუსეთმა და ბელარუსმა 10 თებერვალს დაიწყეს ერთობლივი წვრთნა, რომელშიც 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე და დიდძალი ტექნიკა მონაწილეობს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარის პასუხად, სერგი ლავროვმა პრესკონფერენციაზე გააფრთხილა დასავლეთი, რომ მისი მუქარები მოსკოვის მისამართით კიდევ უფრო აღრმავებს დაძაბულობას.

„იდეოლოგიური მიდგომები, ულტიმატუმები და მუქარები - ეს არის გზა არსაით. ვითარების ნორმალიზება ჩვენ მხოლოდ ურთიერთპატივისცემის ვითარებაში გამართული დიალოგის გზით შეგვიძლია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ტრასის ვიზიტს ერთი დღით უსწრებდა წინ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დიპლომატიური ტურნეს დასრულება, რომლის ფარგლებშიც მან ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან. თავისი ტურნე მაკრონმა დაასრულა 9 თებერვალს ბერლინში გამართული შეხვედრებით გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან, სადაც მაკრონი გამოვიდა მოწოდებით გაგრძელდეს "მტკიცე დიალოგი" კრემლთან, რაც, მისი თქმით, ერთადერთი გზაა იმ შიშის განმუხტვისთვის, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.

10 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი შექმნილ კრიზისს ვარშავაში განიხილავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან ერთად. ერთდღიანი დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში ჯონსონი ასევე ეწვევა ბრიუსელს და მოლაპარაკებას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

XS
SM
MD
LG