Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრების ჩატარებას ითხოვს


პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აუცილებლობად მიიჩნევს სახელმწიფო მეთაურთა დონეზე ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრების გამართვას. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე, ცოტა ხნის წინ ჩინეთისკენ მიმავალი, გზად ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და განვიხილეთ მისი თვალით დანახული სიტუაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავატაროთ საქართველო-ნატოს შეხვედრა სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ასევე შეხვედრა ნატო-უკრაინის ფორმატში, რათა ჩვენი სოლიდარობა დავანახოთ ამ ქვეყნებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ალიანსის საიმედო მოკავშირეები“, - განაცხადა დუდამ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსი დაინტერესებულია უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციით და მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ ალიანსი არ აპირებს "საკუთარი ძირითადი პრინციპების სანაცვლოდ კომპრომისზე წასვლას“ და პატივს სცემს ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, „აირჩიოს მისთვის მისაღები ალიანსები“.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG