Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი: რა განცხადებები გააკეთეს დუდამ და ზურაბიშვილმა


ანდჟეი დუდა და სალომე ზურაბიშვილი თბილისის აეროპორტში.
ანდჟეი დუდა და სალომე ზურაბიშვილი თბილისის აეროპორტში.

შესწორება: სტატია განახლებულია. საქართველოს პრეზიდენტის ციტატაში სიტყვები "ორივე მხარემ უნდა დათმოს" ნაცვლად უნდა ყოფილიყო "ორივე მხარე მზად იყოს".

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, რომელიც თბილისში მცირე ხნით, ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ კოლეგასთან ერთად მედიის წინაშე ილაპარაკა.

პოლონეთის პრეზიდენტის პირველივე სიტყვებიდან ცხადი გახდა, რომ მისი ხანმოკლე ვიზიტის მიზანი უკრაინის საკითხს უკავშირდებოდა. მან ზურაბიშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და კმაყოფილი იყო იმით, რომ მას გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც მისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, იყო ცნობილი.

ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე ასევე მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენელთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი მოქმედება. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრები და შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - თქვა მან.

როგორც დუდა აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტი გაეცნოს პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა დაამატა, რომ კონსულტაციები ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.

დუდამ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება და გაიხსენა რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს პოლონეთის მხარდაჭერა.

„საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობები, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან საქართველო ასევე არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩემი პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ბატონი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს“.

პოლონეთის პრეზიდენტი, ასევე, გამოეხმაურა რუსეთის შესახებ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას.

„საქართველოს ჰქონდა ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით, რაც ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ერთობლივი კონსულტაციები გვქონდეს და მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“.

ანჟეი დუდა ამბობს, რომ ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებს გეგმავს და მისთვის მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ზურაბიშვილს ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მიაწვდის.

ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უკრაინის საკითხზე ინფორმაციის გაცვლის საშუალება მიეცა. ზურაბიშვილმა ილაპარაკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამოხატული აგრესიის შესახებ.

„ის აგრესიული ქმედებები, მუქარა - ეს იქნება კიბერშეტევები თუ პირდაპირი სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშნები იმისი, თუ რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე, რაზედაც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება. მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ დაძაბულ ვითარებაში მე მინდა რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი, რადგან ის დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ კარგად ესმის, რას გრძნობს დღეს უკრაინის ხალხი.

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა პოლონეთის დამოკიდებულებასაც.

„ვიცით, რაოდენ დიდი არის პოლონეთის სოლიდარობა უკრაინასთან და მხარდაჭერა ყველა მხრივ, რამეთუ ეს არის ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინის სუვერონობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ჩვენც გვიჭერს მხარს მუდმივად პოლონეთი ამ კუთხით, ისევე როგორც ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატო“.

სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოხატა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მიმართ. პრეზიდენტის თქმით, აგრესიას მომავალი არ გააჩნია.

„სხვა გზა არ გვაქვს დღეს, ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა მოვნახოთ მშვიდობიანი გზები. ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას დღეს არ ესმის, როგორი არის დღევანდელი მსოფლიო“.

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები საქართველოში მოქმედმა რიგმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს, მათ შორის იყვნენ: „პირველი არხი", „TV პირველი", „ფორმულა, „მთავარი არხი" და „ევრონიუს - საქართველო". ანჟეი დუდას და სალომე ზურაბიშვილის განცხადებები „იმედს", რუსთავი 2"-ს და „მაესტროს" პირდაპირ ეთერში არ გადაუციათ.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასზე მეტი სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

ამ ვითარებაში ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალებს.

XS
SM
MD
LG