მის მსგავსად რუტეც რთული პოლიტიკური კომპრომისების მიღწევის ნიჭითაა ცნობილი. მას ფართო მხარდაჭერა აქვს ძირითად წევრ ქვეყნებს შორის, სადაც აფასებენ მის მშრალ იუმორს.
ჰოლანდიელს შედარებით მარტივი პირველი რამდენიმე კვირა ელის. 17-18 ოქტომბერს ბრიუსელის შტაბბინაში ნატოს 32 თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა ჩატარდება. შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები ბელგიის დედაქალაქში 3-4 დეკემბერს შეიკრიბებიან, თუმცა მინისტერიალის ამ შეხვედრებისგან ბევრს არაფერს ელიან.
ელიან, რომ თავდაპირველად რუტე ბევრს იმოგზაურებს ნატოს მთავარ დედაქალაქებში. მას ასევე მოუწევს უკვე დაიწყოს მზადება ნატოს სამიტისათვის, რომელიც 2025 წლის 24-26 ივნისს, მის მშობლიურ ქალაქ ჰააგაში ჩატარდება. მისი პოზიციის გასამტკიცებლად მნიშვნელოვანია, რომ სამიტმა წარმატებულად ჩაიაროს. მისგან სამი მთავარი საკითხის მოგვარებას ელიან. ესენია: ნატოს კოლექტიური თავდაცვა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთთან დაკავშირებული ახალი სტრატეგია.
ამაში არაფერია ახალი. სტოლტენბერგი თავისი დროის დიდ ნაწილს ატარებდა სწორედ ამ საკითხებთან გამკლავებაში. ყველა დიპლომატი, ვისთანაც კი მილაპარაკია, ამბობს, რომ ნორვეგიელი ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინის შესახებ ნატოს კომუნიკეებში უფრო ამბიციური ენის გამოყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მან უზრუნველყო უკრაინის სამეთაურო ცენტრის შექმნა გერმანიის ქალაქ ვისბადენში, საიდანაც კოორდინაციას გაუწევენ სამომავლო დახმარებას.
მომავალში რუტეს მოუწევს იმის უზრუნველყოფა, რომ ნატო ნაკლებად წარმოადგენდეს ამერიკის პროექტს და მეტად იყოს დამოკიდებული ნატოს სხვა მოკავშირეებზე. ის ასევე, სავარაუდოდ, გააგრძელებს ალიანსის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
ამ მხრივ, მას ახლო ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის რანგში მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კიევისთვის F-16 გამანადგურებლების გაგზავნაში და უზრუნველყო ევროკავშირის უფრო ძლიერი ეკონომიკური სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ. ის დაეხმარა უკრაინას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
ასევე ნახეთ ინტერვიუ სტოლტენბერგთან: ნატოს მოკავშირეები ყველაფერს იღონებენ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოსმოკლევადიან პერსპექტივაში მას მოუწევს გაუმკლავდეს რთულ საკითხს: მიიღებს თუ არა უკრაინა ნატოში გაწევრიანების მოწვევას. უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ამერიკა ამას შეიძლება მალე დათანხმდეს.
თუმცა, დიპლომატებს, რომლებსაც ნატოში ვესაუბრე, ამის დიდი მოლოდინი არა აქვთ. გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები, რომ უკრაინის ადგილი სამხედრო ალიანსშია. ამ მხრივ არც სხვა ევროპულ სახელმწიფოებში არსებობს ერთსულოვნება.
შემდეგი საკითხია კოლექტიური თავდაცვა. აქ არაერთი ხარვეზია აღმოსაფხვრელი, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატომ უნდა გააუმჯობესოს ეგრეთ წოდებული როტაციული მოდელი და საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა გადაისროლოს აღმოსავლეთის დაუცველ ფლანგზე.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფულზე დადის. ბრიუსელში ამაყად აღნიშნავენ, რომ ახლა ნატოს 32 მოკავშირიდან 23 ხარჯავს მშპ-ს 2 პროცენტს თავდაცვაზე. თუმცა, როგორც ალიანსში ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა მითხრა, ეს საკმარისი არაა და საჭიროა ეს ნიშნული 3.5%-ს მიუახლოვდეს. შეძლებს კი რუტე, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გონივრული მხარჯველის სახელით იყო ცნობილი, სხვების იძულებას, რომ მეტი ხარჯონ?
ასევე ნახეთ უკრაინა ნატოს პრაღის მინისტერიალის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იქნებაშემდეგი რუსეთის საკითხია. მომავალ წელს ჰააგის სამიტზე ნატოს რუსულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედავენ. ვაშინგტონის სამიტზე ალიანსი უკვე შეთანხმდა, რომ „რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის“. საკითხავია, წავა თუ არა ნატო ამაზე უფრო შორს, და შეიმუშავებს თუ არა რაიმე სახის „შეკავების პოლიტიკას“ - ბევრს ეს ფრაზა არ მოსწონს, რადგან ცივი ომის რიტორიკას აგონებს.
იმის გათვალისწინებით, რომ რუტე კომპრომისების მიღწევითაა ცნობილი, მისგან მოელიან ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას. ამას შესაძლოა იმდენად ინსტიტუციური ხასიათი არ ჰქონდეს, არამედ უფრო არაფორმალური. ახლა ამ ორ ორგანიზაციას შორის ახალი ფორმალური კავშირების დამყარებას ხელს უშლის ორი ქვეყანა: კვიპროსი (ევროკავშირის მხრიდან) და თურქეთი (ნატოს მხრიდან).
ახლა ამ ინსტიტუტების დაახლოებისათვის შესაძლოა ყველაზე ხელსაყრელი დრო იყოს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას კაია კალასი წარმართავს და ევროსაბჭოს ანტონიო კოსტა მეთაურობს - ყველანი გულმხურვალე ტრანსატლანტიკოსები არიან. იგივე შეეხება ლიტვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატ ანდრიუს კუბილიუსს.
თუმცა, ეს საქმე ადვილი მაინც არ იქნება. უნგრეთთან უდავოდ შეიქნება პრობლემები. ბუდაპეშტი ნატოს უკანასკნელი წევრი იყო, რომელმაც რუტე დაამტკიცა. გარდა ამისა, ჰოლანდიელი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ადრეც დაჯახებიან ერთმანეთს, როდესაც რუტემ მოითხოვა უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის თანხების გაყინვა.