Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ სტოლტენბერგთან: ნატოს მოკავშირეები ყველაფერს იღონებენ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა ალიანსის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა ალიანსის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს მოკავშირეები მზად არიან, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გასწიონ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს რუსულ ძალებზე. მისი თქმითვე, ალიანსმა „მნიშვნელოვნად შეიცვალა“ პოზიცია კიევისთვის გაუმჯობესებული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე, რადიო თავისუფლებასთნ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინასთან სოლიდარობა არა მხოლოდ მორალურადაა სწორი, არამედ „ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის“.

„შეგვიძლია, ველოდოთ, რომ ნატოს მოკავშირეები მეტს გააკეთებენ უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, - და ეს ძალიან ცხადად განაცხადეს ნატოს მოკავშირეებმა“, - თქვა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტთან, ზორიანა სტეფანენკოსთან ინტერვიუში.

„მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში და ჩვენს მხარდაჭერას ყოველდღიურად აქვს გავლენა ბრძოლის ველზე”, - დასძინა მან.

დღეს, როცა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის შედეგად დაწყებული ომი ორწლიან ნიშნულს უახლოვდება, დასავლეთში „პოლიტიკური დაღლილობის“ ნიშნები შეიმჩნევა, უკრაინისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინანსური და სამხედრო დახმარება დასავლეთისგან.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ და, ამავე დროს, ბოლო თვეების განმავლობაში ბრძოლის ველზე რუსეთის პირველმა მიღწევებმა ნატოსა და მოკავშირეებს ყურადღება კიდევ უფრო უნდა გაუმახვილოს უკრაინაზე, მისი დახმარების აუცილებლობაზე.

იენს სტოლტენბერგი ინტერვიუს აძლევს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტს, ზორიანა სტეფანენკოს
იენს სტოლტენბერგი ინტერვიუს აძლევს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტს, ზორიანა სტეფანენკოს

16 თებერვალს, არქტიკის შორეულ ციხეში, საეჭვო გარემოებებში ნავალნის გარდაცვალება – ხელისუფლება ამბობს, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემს ოჯახს ნავალნის ცხედარს – კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ავტორიტარულ მმართველობას პასუხი უნდა გაეცეს.

„მტკიცედ მჯერა, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივისცემის საუკეთესო საშუალება არის იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბრძოლის ველზე არ გაიმარჯვოს და უკრაინა გამარჯვებული გამოვიდეს [ომიდან]“, - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქალაქ ავდეევკაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, გასულ კვირას, ქალაქიდან უკრაინული ძალების გამოსვლა ადასტურებს, რომ მეტი სამხედრო დახმარებაა აუცილებელი „იმისათვის, რომ რუსეთმა სხვა გამარჯვებებიც არ მოიპოვოს“.

„არ მიგვაჩნია, რომ უკრაინული ძალების ავდეევკიდან გასვლა თავისთავად მნიშვნელოვნად შეცვლის სტრატეგიულ მდგომარეობას“, - განაცხადა მან.

„მაგრამ ეს გვახსენებს, რომ რუსეთი მზად არის, მსხვერპლად გაიღოს უამრავი ჯარისკაცი. ასევე, მას მხოლოდ მცირე ტერიტორიული მიღწევები აქვს; და რომ რუსეთი იღებს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას ირანისგან, ჩრდილოეთ კორეისგან და ამიტომ ახერხებს სამხედრო წარმოების გაზრდას“.

უკრაინის მოკავშირეები მოუთმენლად ელოდნენ აშშ-სგან 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს, რაც უკრაინისათვის მზადდება, თუმცა სანამ ამ პაკეტის განხილვა შტატების წარმომადგენელთა პალატაში შეჩერებულია, სხვა ქვეყნები, მათ შორის შვედეთი, კანადა და იაპონია, დახმარებას აძლიერებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ასევე ვხედავთ, თუ როგორ აძლიერებენ სხვა მოკავშირეები დახმარებას და მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ უკრაინას“, - თქვა სტოლტენბერგმა ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ როდის შეძლებს უკრაინა F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ამის თქმა შეუძლებელია. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ F-16-ები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ კიევს, მაგრამ თქვა, რომ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუკი მფრინავები კარგად გაწვრთნილები იქნებიან, თუკი ტექნიკური ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად იქნებიან მომზადებულები.

„ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, [რომლებიც იტყვიან] ზუსტად როდის ვიქნებით ჩვენ, ან როდის იქნებიან მოკავშირეები მზად F-16-ების გასაგზავნად“, თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა: „რაც მალე, მით უკეთესი“.

უკრაინა აქტიურად ითხოვს შეერთებულ შტატებში წარმოებულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ცაში რუსეთის სამხედრო უპირატესობას. შეერთებულმა შტატებმა გასული წლის აგვისტოში გასცა ნებართვა, რომ დანიასა და ნიდერლანდში განთავსებული F-16-ები უკრაინაში გაიგზავნოს, - როგორც კი უკრაინელი პილოტების გადამზადება დასრულდება.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა F-16-ები უკრაინას, - და ამაზე მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთო. მაგრამ ამავე დროს იგი ხაზს უსვამს, რომ ომი უკრაინაში არის „თავდასხმითი ომი“ და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის - უკრაინის გარეთ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის ლეგიტიმური უფლება.

და რა მოხდება 2024 წლის ბოლოს აშშ-ის თეთრ სახლში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში? სტოლტენბერგი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, აშშ დარჩება ნატოს ერთგული მოკავშირე, რადგან ეს შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

ტრამპს, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, მწვავედ უსაყვედურეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა და, ასევე, ნატომ, - რადგან 10 თებერვალს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ მიტინგზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ალიანსის წევრები რუსეთის პოტენციური შემოჭრისაგან, თუკი ისინი „საკმარისს არ გადაიხდიან საკუთარ თავდაცვაში“.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაცილებით უსაფრთხო და ძლიერია თავის 30 მოკავშირესთან ერთად, - და ეს არის ის, რაც არც რუსეთსა და არც ჩინეთს არ გააჩნიათ.

კრიტიკა მიმართული იყო იმ მოკავშირეებისადმი, რომლებიც თავდაცვაზე ნაკლებს ხარჯავენო, თქვა სტოლტენბერგმა, მაგრამ განაცხადა, რომ ახალი მონაცემების თანახმად, ნატოს მოკავშირეები პატიოსნად იცავენ 2%-იან დანაწესს - თავდაცვის ბიუჯეტი მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ ალიანსმა 2014 წლის - რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის - შემდეგ გრძელი გზა გამოიარა.

2014 წლისთვის ნატოს მხოლოდ სამი წევრი ხარჯავდა თავისი მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე. სტოლტენბერგის თქმით, ახლა მათი რაოდენობა 18-მდეა გაზრდილი.

„თუ დაუმატებთ იმას, რასაც ყველა ევროპელი მოკავშირე აკეთებს და შევადარებთ ევროპის საერთო მშპ-ს, დღეს რეალურად მივიღებთ 2 პროცენტს“, - თქვა სტოლტენბერგმა. „ეს კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი, რადგან ჩვენ გვინდა [ნატოს თითოეული წევრი] 2 პროცენტს ხარჯავდეს. და, რაც მთავარია, ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს 2 პროცენტი მინიმალური იყოს“.

XS
SM
MD
LG