„ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ოკუპაციას არ ურიგდებიან, მაგრამ რუსეთს ომს ვერ გამოუცხადებენ.
ბიჭვინთის საკითხზე ხელისუფლების რეაგირება ოპონენტებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ მოსკოვის მიზანმიმართული გეგმის აღსრულებას „ქართული ოცნების“ „არგაღიზიანებისა და რბილი ურთიერთობების“ პოლიტიკა, რომელსაც ისინი „მავნეს, წინდაუხედავსა და დამაზიანებელს“ უწოდებენ, ვერ აფერხებს.
თმენა როგორც სტრატეგია, თუ დუმილი საქართველოს ინტერესების ხარჯზე?
ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა არ არის პირველი შემთხვევა, რის გამოც ექსპერტები და პოლიტიკური ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დუმილის, ან არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს.
სულ ბოლოს ამგვარი საკითხების ჩამონათვალში ასევე მოექცა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის პორტის მშენებლობის გეგმა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.
კრიტიკოსებს შორისაა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
„ხელისუფლებას თავისი ხისტი, მწვავე და სწორხაზოვანი განცხადებებით შეეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ კომპრომისი არ იქნება და მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამ საკითხს [ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა] აფხაზეთში აპროტესტებს და ეთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად დაიცავს მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას“, - ეუბნება დეკანოიძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ „სტრატეგიული მოთმინება არ ნიშნავს სიჩუმეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე“.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისი დუმილით ადასტურებს, რომ მზად არის „ნებისმიერი კომპრომისი დაუშვას რუსეთის მიმართ ფარისევლური სტრატეგიული მოთმინებით“.
„ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ. რაც გაკეთებადია ამის მიღმა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს პროცესს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, - ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე.
„ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „საქართველო ოკუპაციის პირობებში ვერაფერს შეცვლის“, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ეს საკითხი შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენოს.
„ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი 28 დეკემბერს დაინტერესდა - „სამხედრო კონფლიქტის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს“ მაშინ, როცა - მისი თქმით - „დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება მაქსიმუმზეაო“.
ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ფორმებს ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევით არჩევს; ხოლო ბიძინა ივანიშვილს - „რომელმაც დიდი ფული გამორეცხა რუსეთიდან“, „აქვს ვალდებულებები“, ამოძრავებს შიში და სურს „ძალაუფლების შენარჩუნება რუსების ზურგით“.
ასევე ნახეთ რუსეთმა ბიჭვინთა წაიღო - ანექსიის პირველი ფაქტი თბილისისთვის, შავი დღე აფხაზებისთვისრა მიიტაცა რუსეთმა?
დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმში განმარტავს, რომ ე.წ. სახელმწიფო აგარაკების ტერიტორია რუსეთს არა საკუთრებად, არამედ 49-წლიანი იჯარით გადაეცა, მაგრამ საკუთრებაში ნამდვილად მიიღო შენობები ამ ტერიტორიაზე, რომელთა „შენახვა და რემონტი უზრუნველყოფილი იქნება [რუსეთის] დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ“.
რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ შურგალინი კომენტარში ახსენებს ზღვის აკვატორიასაც - რომლის კოორდინატებიც, მისი თქმით, ხმელეთის მსგავსად, პირველად დოკუმენტში შეცდომით იყო შეყვანილი და ჩასწორებას საჭიროებდა.
თავდაპირველი კოორდინატებით ლაპარაკი იყო 345 ჰექტარზე, რომლიდანაც 180 ჰექტარი იყო ზღვის აკვატორია, 155 ჰექტარი ბიჭვინთის ნაკრძალი, რვა ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი კვარტლები.
ასევე ნახეთ "#ბიჭვინთა ჩვენია" - რით დასრულდება ბრძოლა აფხაზეთის საუკეთესო კურორტისთვის„ეს ძველი, სტალინისდროინდელი სახელმწიფო აგარაკია. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა“, - უთხრა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა.
სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ „რუსეთში არავის გამოუთქვამს პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გატანაზე ან აფხაზეთის ნაწილის აფხაზეთისგან მოწყვეტაზე“. მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ იმ ტერიტორიის იჯარით გადაცემა, რომელზე განლაგებული შენობებიც რუსეთს საკუთრებად დაუმტკიცდა, მთელი ამ ტერიტორიის მისაკუთრებას ნიშნავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია, რომელსაც რუსეთი ამ ეტაპზე დაეპატრონა, 160 ჰექტარზეა გადაჭიმული.
თავდაპირველად ლაპარაკი იყო ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული КГБ-ს სამმართველოს სამხედრო ქალაქის გადაცემაზე, ობიექტებით, რომლებიც განთავსებულია ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ტერიტორიაზე.
2022 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოტყდა, რომ ბიჭვინთის სამთავრობო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნა პირადად პრეზიდენტმა პუტინმა „ჩვეული ტაქტით“ შეახსენა, 2020 წლის ნოემბერში, სოჭში შეხვედრისას.
ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის დოკუმენტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 27 დეკემბერს მოაწერა ხელი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ე.წ.-მა პარლამენტმა თვეების მანძილზე სადავო შეთანხმების რატიფიცირებას გამთენიის 6 საათზე, რამდენიმე „კანონში“ ცვლილებების შეტანის შემდეგ, უყარა კენჭი.
სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციებს რუსეთის ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში, მიხაილ შურგალინი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აბრალებს. ის ამბობს, რომ მესამე სექტორი ამერიკის დავალებებს ასრულებს.
მათ, ვინც პროტესტს გამოხატავს, პირდაპირ ემუქრებიან - როგორც ადგილობრივი ე.წ. პროკურატურა, ასევე მოსკოვიდანაც. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანასტასია უდალცოვამ რუსულ მედიას უთხრა, რომ თუკი „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები“ ვერ გააკონტროლებენ სიტუაციას, „მათ შეუძლიათ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართონ“.
რა შეუძლია თბილისს?
და რა აზრი აქვს მწვავე რეაქციებსა და განცხადებებს თბილისიდან, თუკი ვერაფერს ცვლი და მხოლოდ რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევ?! - ხელისუფლების მომხრეების ამ არგუმენტის პასუხად ოპონენტები ამბობენ, რომ:
- ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია - ხმამაღლა და პრინციპულად გააპროტესტოს საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ გადადგმული თითოეული უკანონო ნაბიჯი, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს;
- თუკი თავად არ ამოიღებ ხმას, არც საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი უნდა გქონდეს, რომ შენ მაგივრად ვინმე იმოქმედებს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებლის, ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილისთვის გაუგებარია, რატომ აღიქვამს ხელისუფლება მკაცრი განცხადებების გაკეთებას რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასად.
„რომ ამბობენ, მეტი რაღა უნდა გავაკეთოთო - ეს არის ძალიან მავნე, წინდაუხედავი და ახლომხედველური პოზიცია“, - ეუბნება ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას და ჩამოთვლის ორ კონკრეტულ ნაბიჯს - „პრინციპულად მნიშვნელოვანსა და აუცილებელს“ საქართველოსთვის.
„პირველი - საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, უნდა მოვითხოვოთ სანქციების წნეხი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, ვინც ახდენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევას. თუმცა აქ გვაქვს პრობლემა - ჩვენ ვერ მოვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს სანქციების დაწესებას რუსეთის ან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე იმ პირობებში, როცა ჩვენ არ ვუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს არის ჩვენი სისუსტე ამ მხრივ“.
ვალერი ჩეჩელაშვილი „ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტს“ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ უკავშირებს:
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ყოველ ჯერზე უნდა იქნას შევსებული იმ ფიზიკური პირების სახელებითა და გვარებით, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ - გვიკლავენ ან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს... აქ უნდა შევიდნენ მკვლელები, გამომძიებლები და პოლიტიკოსები - ამ პირებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერასოდეს გავლენ ცივილიზებულ სამყაროში, ვერ გახსნიან ანგარიშებს, ვერ იმოგზაურებენ“.
ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, თბილისის დუმილი ცუდი სიგნალია რუსეთისთვის, რადგან „მოსკოვში ექმნებათ ილუზია, რომ საქართველო თანდათან შეეგუება ოკუპაციას და უარზე არ იქნება, ცნოს რუსეთის მიერ უკანონოდ შექმნილი ე.წ. ახალი რეალობა“.
ასევე ნახეთ რუსი პოლიტიკოსები: "აფხაზეთში საპროტესტო აქციები გარედანაა წაქეზებული"რუსეთს არაერთი თვის მანძილზე გაუჭიანურდა კიდევ ერთი ახალი რეალობის შექმნა და საკმაოდ გაუჭირდა „ღია ანექსიის პირველი ნაბიჯის“ გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სოხუმში დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებას, თუმცა პროტესტის მუხტმა იკლო - ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ მისი მოწინააღმდეგეები ჯერჯერობით მხოლოდ საპროტესტო წერილზე ხელმოწერებით შემოიფარგლნენ.