Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბიჭვინთა წაიღო - ანექსიის პირველი ფაქტი თბილისისთვის, შავი დღე აფხაზებისთვის


ბიჭვინთა, 2023 წლის ივლისი
ბიჭვინთა, 2023 წლის ივლისი

27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.

თბილისში მომხდარს საქართველოს ტერიტორიის ოკუოpაციის შემდეგ მისი ანექსიის პირველი შემთხვევა უწოდეს, ხოლო სოხუმში - ქურდობა.

ბჟანიას ხელმოწერამდე იყო დე ფაქტო პარლამენტის მრავალსაათიანი რიგგარეშე სხდომა, ოპოზიციის საპროტესტო აქცია და „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების” დილის 6 საათზე რატიფიცირება.

პოლიტიკური ანალიტიკოსებისათვის აშკარაა, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები, რისი ნაწილიცაა სამოქალაქო პროტესტი. აფხაზური საზოგადოება ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას, ხოლო რუსეთი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასთან გადატვირთვის პოლიტიკისა, განაგრძობს თავისი გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებას.

აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბიჭვინთის აგარაკი კანონის დარღვევით გადაეცა რუსეთს. მათი აზრით, პირველ რიგში დაირღვა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი.

როგორც 27 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ განმარტა, დილის 6 საათამდე გაგრძელებულ რიგგარეშე სესიაზე, სამი მოსმენით მიიღეს ცვლილებები რამდენიმე კანონში, შემდეგ კი კენჭი უყარეს შეთანხმების რატიფიცირებას:

ლაშა აშუბა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი
ლაშა აშუბა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი

„დღეს ჩვენ მივიღეთ არაერთი დელეგაცია, განვიხილეთ ამ შეთანხმების მიღების რამდენიმე საკითხი, რათა უზრუნველგვეყო რესპუბლიკის უსაფრთხოება. პირველი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია აგარაკისა და მისი ტერიტორიის კოორდინატებთან, რუსულმა მხარემ მიიღო ჩვენი შენიშვნები. მეორე საკითხი, ე.წ. მესამე მხარისთვის გადაცემის გამორიცხვა. შევიდა ცვლილებები „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც კონკრეტულად ეხება სახელმწიფო აგარაკის გადაცემას. ჩაიწერა, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდება და ქონება დაუბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას. 35 დეპუტატიდან რიგგარეშე სესიაში 28 დეპუტატი მონაწილეობდა, ცვლილებებსა და რატიფიკაციას მხარი დაუჭირა 25-მა დეპუტატმა. ყველა ცვლილება მიღებული იქნა სამი მოსმენით“.

აფხაზური ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა პარლამენტის საქმიანობის პრინციპები, რაც ხელახალი კენჭისყრის საფუძველია.

„თუ ეს რეგლამენტი დარღვეულია ან გამოვლინდა შეცდომები წესებში, ტექნიკასა და კენჭისყრის პროცედურაში, პარლამენტის გადაწყვეტილებით კენჭისყრა განმეორებით უნდა ჩატარდეს. კანონის მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო სხდომები უნდა იმართებოდეს ღიად და შუქდებოდეს მედიით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აფხაზური „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

თუმცა 27 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ პროცედურული ხარვეზების გამო არ აკრიტიკებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ „აფხაზი ხალხისთვის წმინდა ცნებები“ - მიწისა და ბუნების ხელშეუხებლობა უხეშადაა უგულებელყოფილი.

აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია ასლან ბჟანიასა და მის მთავრობას ქურდების ხელისუფლებას უწოდებს.

იზიდა ჭანია
იზიდა ჭანია

„ღამით პარლამენტის კედლებთან დგომისას, როცა ჩაკეტილ კარს მიღმა დილის 6 საათამდე მიმდინარეობდა პარლამენტის სესიის გამოუცხადებელი სხდომა, გამიჩნდა ასოციაცია, რომ ზუსტად ასე იქცევიან ქურდები, რომლებიც შუაღამისას სხვის სახლში იპარებიან, გააქვთ იქიდან ქონება და თან ფიზიკური ძალადობით იმუქრებიან, მერე კი ნაქურდალი მიაქვთ მოპარულების მყიდველთან, რათა იაფად გაინთავისუფლონ ხელი“, - ამბობს პოლიტოლოგი.

ომის ვეტერანი და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ზუხბა, რომელმაც ასევე მთელი ღამე გაატარა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე და, რომელიც იმედოვნებდა, რომ ე.წ. პარლამენტი ვერ გაბედავდა 2022 წლის 18 იანვარს მოსკოვსა დ სოხუმს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირებას, იმედგაცრუებული წერს ფეისბუკზე:

„მძიმეა 30 წლის შემდეგ იმის გააზრება, რომ არასწორ მხარეზე იბრძოდი“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „ეხო კავკაზას“ მიერ სოხუმის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვაც აჩვენებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ უკიდურესად არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო.

ასიდა შაკრილი, ყოფილი ომბუდსმენი: „რიგგარეშე სესიის ჩასატარებლად საჭირო იყო სერიოზული საფუძველი. არადა, ჩვენ არ გვაქვს არც საგანგებო მდგომარეობა და არც ომი, რომ გამართლებული იყოს ასეთი საგანგებო სხდომების ჩატარება. პატარა აფხაზეთისთვის ძვირფასი მიწის უზარმაზარი ტერიტორია გადაეცა სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვკარგავთ იურისდიქციას ამ ტერიტორიაზე. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას არ აღელვებს აფხაზეთის სახელმწიფო და აფხაზი ხალხის ბედი“.

ნარსოუ კვიცინია, „აიააირას“ უმაღლესი საბჭოს წევრი: „ეს არის განგაშის ზარი, ჯაჭვური რეაქცია, რომ ნელ-ნელა დავკარგავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ხალხის არჩეულმა დეპუტატებმა იგნორირება გაუკეთეს ხალხს, რომელიც მთელი ღამე იდგა პარლამენტის წინ“.

ალექსანდრა ბარგანჯია, ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი ბიჭვინთა“: „ძნელია საჭირო სიტყვების მოძებნა. ჩემთვის ეს არის შავი დღე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. თავს ვგრძნობთ მოტყუებულად და არ ვაპირებთ თვალის დახუჭვას და შეგუებას. ვგეგმავთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები“.

ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი ბიჭვინთა“, რომელიც ეწინააღმდეგება ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას, აფხაზეთის პარლამენტის შენობის წინ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური და მოვითხოვთ მის გაუქმებას. შემოგვიერთდით“, - ამბობენ მოძრაობის წევრები.

27 დეკემბერს გამთენიისას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებაც.

საქართველოს პრეზიდენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას საქართველოს მიწების მორიგი მიტაცება უწოდა.

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ:. „ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“.

რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაზე განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:

„ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის შესაჩერებლად მხოლოდ განცხადებების გავრცელება არ კმარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, პარლამენტმა ამ საკითხზე უნდა მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია, რათა რუსეთმა, ჩადენილი დანაშაულისათვის, პოლიტიკური ფასი გადაიხადოს:

" სამწუხაროდ, იმ კოლაბორაციონისტული, მოღალატეობრივი და ლაჩრული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც რუსული ოცნება აწარმოებს დეოკუპაციის საკითხზე, ოცნების მიერ კონტროლირებული პარლამენტი სამარცხვინოდ დუმს. ეროვნული მთავრობა მოახდენდა რეაგირებას არა მხოლოდ განცხადების გაკეთების დონეზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციით“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, პაატა დავითაიას თქმით, 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება არ არის რუსეთის რიგითი დესტრუქციული ნაბიჯი.

„ესაა პირველი შემთხვევა, როცა „იურიდიულად“ ხდება საქართველოს ტერიტორიისა და ქონების გადაფორმება პუტინზე, რაც არის ყოვლად მიუღებელი, რამაც ადგილობრივი საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია, - ამბობს დავითაია, - ვნებათაღელვა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიწევს აფხაზეთში. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როგორ იმოქმედებს საქართველოს მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქტისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემა“.

პაატა დავითაია
პაატა დავითაია

თუმცა საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი შეფასების გაკეთებას არ ჩქარობს. გია ვოლსკი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ აკვირდება ადგილობრივი საზოგადოების რეაქციას:

„აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა დადებული, სერიოზული განხილვის საგნად იქცა თავად აფხაზეთის საზოგადოებაში. ამას უკვე განხილვაც არ ჰქვია, ეს გამოიწვევს სერიოზულ მღელვარებას და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება“.

2023 წლის 27 დეკემბერს უცნაურ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად მოახდენს გავლენას დე ფაქტო რესპუბლიკის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2025 წელს გაიმართება, თუმცა ხალხი შესაძლოა მანამდეც გამოვიდეს სოხუმის ქუჩებში.

ბევრი თვლის, რომ რუსეთისათვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემით ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 273.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ხელყვეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა“.

  • 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
  • რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ, რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
  • რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
  • ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG