ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული პროტესტი „ხელოვნურად გარედან არის წაქეზებული“, ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განუცხადა. ამით იგი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებასა და აფხაზურ საზოგადოებაში არსებულ პროტესტს.
„ეს ძველი, სტალინისდროინდელი სახელმწიფო აგარაკია. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მათ სჭირდებათ. ყველაფერი სხვა ე.წ. მეგობრების მიერ მოწყობილი არეულობაა, ახლომახლო არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ამით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა კარასინმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანასტასია უდალცოვამ თქვა, რომ შეიძლება "გარე ჩარევის შედეგი" იყოს მცდელობა, გამოიყენონ რუსეთსა და “აფხაზეთს“ შორის ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტები. მისი განცხადებით, „ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმთავრესია, „შეინარჩუნონ საღი აზრი და არ აჰყვნენ რაიმე პროვოკაციას, იხელმძღვანელონ მხოლოდ გადამოწმებული ოფიციალური ინფორმაციით“.
„დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები დამაჯერებლად აკონტროლებენ რესპუბლიკაში შიდა პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართონ“, - თქვა უდალცოვამ.
სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ „რუსეთში არავის გამოუთქვამს პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გატანაზე ან აფხაზეთის ნაწილის აფხაზეთისგან მოწყვეტაზე“.
„თავიდანვე ეს იყო უბრალო ხალხის კონიუნქტურული, აბსოლუტურად ყალბი, მაგრამ შემაშფოთებელი ბრალდება. ბრალდებები, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებოდა რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს, მაგრამ უკავშირდებოდა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში და მიდის იქამდე, რომ ერთმანეთის მიყოლებით პრეზიდენტები იძულებული ხდებიან ვადამდე დატოვონ თანამდებობა ბრბოს გავლენით. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ვიღაცისთვის პრინციპული გახდა, რატიფიკაციის პროცესი დამუხრუჭდა. გადაწყვიტეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, როგორც მე მესმის, შეთანხმებას მიაღწიეს. იმიტომ რომ საუბარი არაა რუსეთის პრეტენზიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ცნობილი ფაქტის დადასტურებაზე, რომ ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის შენობა-ნაგებობები, პირველ რიგში, აშენდა მაშინ, საბჭოთა დროს, საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის ხარჯზე. მეორეც, მას ექსკლუზიურად რუსეთი იყენებდა. ახლა საუბარი იმაზეა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სამართლებრივად აისახოს აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში“, - განაცხადა ზატულინმა.
მისი სიტყვებით, „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი“ იყო და რჩება სარეჟიმო ობიექტად. ზატულინის თქმით, პროტესტი დაკავშირებულია ოპოზიციის სურვილთან, მოახდინოს „ხელისუფლების“ კომპრომეტირება და დაადანაშაულოს ის „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში“.
„აფხაზეთს ძალიან ესაჭიროება რუსეთის მხარდაჭერა. ჩემი აზრით, აფხაზეთს ესაჭიროება გამშვები რეჟიმის გამარტივება, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრიდან. აფხაზეთს ესაჭიროება, რომ სოხუმის აეროპორტი კვალავ მუშაობდეს და ამ გზაზე მიღწეულია პროგრესი, უკვე შეუდგნენ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას. მაგრამ ხალხს, რომელიც დღეს დემაგოგიური ლოზუნგებით ცდილობს სახელმწიფო აგარაკის გარშემო ვითარების არევას აფხაზეთში, ეს არ ანაღვლებს. მათთვის მთავარია ხელისუფლების დამხობა ნებისმიერი საბაბით“, - უთხრა ზატულინმა გამოცემა „Газета.ру-ს"
27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.
თბილისში მომხდარს უწოდეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ მისი ანექსიის პირველი შემთხვევა, ხოლო სოხუმში - ქურდობა.
ბევრი თვლის, რომ რუსეთისათვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემით ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 273.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ხელყვეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა“.
- 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული ობიექტი ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
- რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ, რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
- რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
- მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
- ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.