ქართველები ქუჩაში, ევროკავშირის დროშების ფრიალით - ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებსაც ხელისუფლება რადიკალური ოპოზიციის მიერ ინსპირირებულს უწოდებს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების დადასტურებაა. როგორც ბერბოკი ამბობს, ეს იყო ძლიერ შთამბეჭდავი სანახაობა, რომელსაც მთელი გერმანია გასულ კვირებში ყურადღებით ადევნებდა თვალს.
ანალენა ბერბოკი საქართველოში 23 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა და 24 მარტს პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან - ე.წ. აგენტების კანონის მთავარ პოტენციურ სამიზნეებთან გამართა. დატვირთული დღის გრაფიკი მოიცავდა ასევე შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან, სტუდენტებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და პრემიერ-მინისტრთან. შუალედში გერმანელი მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა.
24 მარტს, მედიისთვის განცხადებები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
რას გულისხმობდა
ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, ბერბოკმა თქვა, რომ დაინახა „მცდელობები, რომ ქვეყანამ [საქართველომ] პროევროპული კურსიდან გადაუხვიოს“. ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. „აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი“, - თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
რას გულისხმობდა ანალენა ბერბოკი? - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ზუსტად ვერ ხვდება, კონკრეტულად რომელ განცხადებას ეყრდნობა ჟურნალისტი და იქვე დაამატა, რომ ეს შესაძლოა სხვადასხვა ენაზე თარგმანში განსხვავების საკითხსაც უკავშირდებოდეს.
თუმცა ბერბოკი ამბობს, რომ „მსოფლიოში ყველაფერი ვარდისფერი არ არის“ და „რა თქმა უნდა, მსოფლიოში არიან მოთამაშეები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში შედიან“. მან ამ კონტექსტში რუსეთსა და მის სამეზობლოზე გააკეთა აქცენტი, ახსენა უკრაინა, ხოლო საქართველოზე თქვა, რომ უნდა ისარგებლოს მიცემული შანსით და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი.
ასევე ნახეთ ანალენა ბერბოკი: ქარიშხალშიც საჭიროა მეგობრების გვერდით დგომაანალენა ბერბოკი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვიდა არა მხოლოდ როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ როგორც გულშემატკივარი მეგობარი; ხოლო მეგობრობა არა მხოლოდ „მზიან ამინდში“, არამედ „ქარიშხლის დროსაც“ მეგობრობა უნდა იყოს.
ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდასაქართველო ევროკავშირს განეკუთვნება
„საქართველო ევროკავშირს განეკუთვნება. ეს მან მკაფიოდ არა მხოლოდ ბოლო კვირებში აჩვენა, არამედ ბოლო წლებშიც. საქართველო ევროკავშირს განეკუთვნება და საქართველოს ხალხის ადგილი ევროკავშირშია“, - ეს არის მთავარი მესიჯი, რომლის გამოც, როგორც ბერბოკი ამბობს, გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა. გერმანია მზად არის, საქართველოს გვერდიგვერდ, ერთობლივად და „გულწრფელად“ გაიაროს ინტეგრაციის რთული გზა:
„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, ჩვენ გვინდა საქართველოს ხილვა ევროკავშირში... ჩვენ გვინდა, რომ თქვენი მეგზურები ვიყოთ ამ გზაზე“.
გერმანელი მინისტრი საქართველოს შეახსენებს, რომ ახლა ისტორიული მომენტია, კანდიდატის სტატუსისკენ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის „ფართოდ გაიხსნა“ და უახლოესი თვეების მთავარ ამოცანას, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულება წარმოადგენს, რასაც ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.
ბერბოკი ამბობს, რომ ინტეგრაციის გზა გასავლელად საკმაოდ რთულია, მაგრამ „ეს გზა ვერ შემოკლდება“ და პირობების შესრულება აუცილებელია.
ასევე ნახეთ "აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა - ბერბოკისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგას ერთობლივ პრესკონფერენციაზე უთხრა, რომ „ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, არამედ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს“, რადგან „ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია“ და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. „თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, - უთხრა დარჩიაშვილმა ბერბოკს.
სამოქალაქო საზოგადოებაზე
მას შემდეგ, რაც თბილისში ქართველ კოლეგას შეხვდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაფართოებული შეხვედრაც გამართა, გერმანელმა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული სწრაფვა გასულ კვირებში დაადასტურეს, როდესაც ისინი „ევროკავშირის დროშებით ხელში დემონსტრაციაზე [ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ] გამოვიდნენ, გამოხატვის თავისუფლებისა და კრიტიკული, სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად“.
„ჩვენი გამოცდილებით, ევროპაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს შანსს და არა მხოლოდ შანსს, არამედ რწმენას ევროპული ღირებულებებისა… ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ჩემი აზრით, ნამდვილად საამაყოა”, - თქვა ბერბოკმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენციაზე ბერბოკმა თქვა, რომ „მეტად შთამბეჭდავი“ იყო პროევროპული განწყობა, რაც თბილისის ქუჩებში მასშტაბურ აქციებზე გამოჩნდა, ევროპული ღირებულებების დაცვისას.
ასევე ნახეთ ანალენა ბერბოკმა თბილისში პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა24 მარტს, ვიზიტის პირველი სამუშაო დღის პირველი შეხვედრა, გერმანელმა მინისტრმა ე.წ. აგენტების კანონის მთავარ პოტენციურ სამიზნეებთან - არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.
შეხვედრაში, რომელსაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისმა უმასპინძლა, მონაწილეობდნენ ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის კვლევების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები.
შეხვედრის შემდეგ, ანალენა ბერბოკს კომენტარი არ გაუკეთებია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ სტუმარი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ და საუბრის მთავარ თემებს მედიისა და მართლმსაჯულების მდგომარეობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვის გამოწვევები წარმოადგენდა.
„მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, საზოგადოების გარეშე, და ზუსტად ასევე, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ხელისუფლების გარეშე“, - ესეც ანალენა ბერბოკის სიტყვებია.
12 პუნქტზე
მომავალი თვეების მთავარ ამოცანად ბერბოკი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას ასახელებს და ეს მან პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაიმეორა. მოსაგვარებელი საქმეების ჩამონათვალშია: კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და სხვა.
„მთავარი არხის“ წარმომადგენლის შეკითხვაზე, რომელიც ტელევიზიის დამფუძნებლის - ნიკა გვარამიას ბევრისთვის უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასა და ზოგადად, მედიის შევიწროებას შეეხებოდა, ანალენა ბერბოკმა უპასუხა, რომ: „მედიის თავისუფლება ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მთავარ საკითხს წარმოადგენს“ და სწორედ ამიტომ შევიდა 12 პუნქტში „პრესის თავისუფლების, მედიის თავისუფლების საკითხი... და ასევე კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობა“; მეორე მხრივ, მისი თქმით, „სამართალწარმოებაში დაუშვებელია წნეხი და ჩარევა“, რამდენად ცნობილ პირსაც უნდა შეეხებოდეს ეს პროცესი, მაგრამ ყველაფერი კომპლექსურ მსჯელობას მოითხოვს.
„მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ არა მხოლოდ შავი და თეთრი, არამედ ყველაფერს ერთად უნდა მოვუყაროთ თავი და შემდეგ, პრესის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საფუძვლებზე... ევროპულ კანონმდებლობასთან, ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საფუძველზე უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
გერმანელმა ჟურნალისტმა, პრესკონფერენციაზე, ანალენა ბერბოკს დაუსვა შეკითხვა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების #5 პუნქტს წარმოადგენს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა. გერმანელმა მინისტრმა შეკითხვას ზოგადად უპასუხა და კვლავ გაიმეორა, რომ 12 პუნქტის შესრულება აუცილებელია.
ასევე ნახეთ მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს - ზურაბიშვილი ბერბოკს ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა