მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს. პრესრელიზის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონე. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანალენა ბერბოკი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა.