საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მედიის კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა როგორც არა მხოლოდ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გერმანელ მინისტრს ჰკითხა, რა იგულისხმებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არის საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობები და ასევე ზეწოლები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედან.
"მე მხოლოდ გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე: მე ჩამოვედი საქართველოში იმის ხაზგასასმელად, რომ არა მხოლოდ როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მეგობარი მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაც ძალიან რთულია.
მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგ ამინდში ერთად ყოფნა და რაღაცის ერთად აღნიშვნა, ქარიშხალშიც საჭიროა მეგობრების გვერდით ყოფნა. საქართველო უნდა მივიდეს ევროკავშირამდე.
არ ვიცი, რა განმარტებას საჭიროებთ, ჩვენ 12 პუნქტად ჩამოვაყალიბეთ ყველაფერი, ასევე ვენეციის კომისიამ დაამტკიცა და დაადასტურა ეს. მართლმსაჯულების სფერო, სიტყვის თავისუფლება, ეს არის თავისთავად ცხადი. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთად უნდა გადაიდგას. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ აუცილებელია რეფორმების განხორციელება. აქ და ახლა, გამჭვირვალედ ვთქვი ჩემი სათქმელი, რაზეც მე და ილია ვსაუბრობდით გასული თვეების განმავლობაში", - ასე უპასუხა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტის კითხვას. ამავე კითხვის პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიას წლების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერისთვის და გერმანელ კოლეგას - საქართველოში ვიზიტისთვის.
"თავად ის ფაქტი, რომ ქალბატონი მინისტრი დღეს საქართველოში იმყოფება, ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ორმხრივი დინამიკა, შეხვედრები პერიოდული და მუდმივად ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც გვაქვს ორმხრივ დღის წესრიგში და ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, მეტყველებს იმაზე, რომ ქალბატონი მინისტრის მხარდაჭერა, მისი სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არის ძალიან ძლიერი და სწორედ ეს ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს ახალ იმპულსს", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ჰკითხა მედიის თავისუფლებისა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ. ამ კითხვას ბერბოკმა ზოგადი პასუხი გასცა იმაზე, რომ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და ევროპაში ინტეგრაციისთვის.
"მედიისა და პრესის თავისუფლება არის ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი სვეტი, 12 პრიორიტეტი ამას ითვალისწინებს, ისევე როგორც კორუფციის დაძლევას და კანონის უზენაესობას. ყველა ფაქტი კონტექსტურად უნდა იქნეს განხილული სიტყვის, პრესის თავისუფლების გადმოსახედიდან, კანონის უზენაესობის გადმოსახედიდან, ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან და საჭიროა ძალიან ღიად, გამჭვირვალედ მსჯელობა ამ ყველაფერზე", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა კი ამავე კითხვის პასუხად ჟურნალისტს უთხრა, რომ "დღეს ყველაზე თავისუფალია მედია საქართველოში."
"რაც მოიტანა ამ ხელისუფლებამ, ერთ-ერთი მედიათავისუფლებაა. დღეს კრიტიკული მედია არსებობს ამ ქვეყანაში, კრიტიკული მედია ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ეს არის დემოკრატიული განვითარების ნაწილი. რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს, მე ვფიქრობ, რომ სასამართლოში მიმდინარე საქმეებს არანაირი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
ანალენა ბერბოკს ჰკითხეს დეოლიგარქიზაციაზეც, რომელიც ერთ-ერთია საქართველოს მიერ შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კითხვაზეც ზოგადი პასუხი გასცა:
"მე აღვნიშნე და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველომ განიცადა უდიდესი პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო. ის, რომ რუსული ქვედანაყოფები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ მივდივარ საოკუპაციო ხაზთან.
ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს და ასევე მკაფიო პოზიციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული აგრესიული ომის მიმართ, ასევე - გამონათქვამებს ევროპულ დონეზე და უსაფრთხოების პოლიტიკის მხრივ.
მე არ ვარ აქ დეოლიგარქიზაციაზე სალაპარაკოდ, მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება: კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რათა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩემი ვიზიტის ძირითადი გზავნილი", - თქვა ანალენა ბერბოკმა. მან ასევე ისაუბრა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე და თქვა, რომ პატივსაცემია ამ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება.
დღეს საქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი მას საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, სტუდენტებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ანალენა ბერბოკი ასევე აპირებს ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან.
გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოში ვიზიტით ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას.