ულან-ბატორის აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე მის დაპატიმრებას თავად საერთაშორისო სასამართლო, მისი წევრი ქვეყნები, ემიგრაციაში მყოფი რუსი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, პუტინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომის სტატუტის წევრ ქვეყანაში დაუსჯელად ჩასვლის დემონსტრირება.
სტუმრობის ტექნიკური დეტალები
პუტინის თვითმფრინავი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 2 სექტემბერს გვიან ღამით დაეშვა. რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში საპატიო ყარაულითა და წითელი ხალიჩით დახვდნენ.
3 სექტემბერს ულან-ბატორის ცენტრში პუტინს მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნაგიინ ხურელსუხმა უმასპინძლა სახელმწიფო სასახლეში დადგმულ საველე კარავში - იურტაში.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთს ესტუმრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევით. ТАСС-ის მიხედვით, მიპატიჟება 2023 წლის შემოდგომაზე პეკინში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, მიზეზად კი დასახელდა საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის ჯარების მიერ მდინარე ხალხინ-გოლზე „იაპონელი მილიტარისტების“ დამარცხების 85 წლისთავის აღნიშვნა.
რუსეთისა და მონღოლეთის პრეზიდენტებმა ყვავილებით შეამკეს მარშალ გიორგი ჟუკოვის ძეგლი. სწორედ ჟუკოვი მეთაურობდა საბჭოთა და მონღოლეთის ჯარებს ხალხინ-გოლის ბრძოლის დროს.
რუსეთისა და მონღოლეთის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს. შეხვედრის მსვლელობისას პუტინმა რუსეთში მიიწვია მონღოლი კოლეგა.
„მინდა მოგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტს ვუმასპინძლებთ. ეს იქნება ამ დონის პირველი ღონისძიება ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს, თქვენ მიიღებთ მონაწილეობას BRICS Plus ფორმატში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
უკანასკნელად რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთს სტუმრობდა ხუთი წლის წინ, როდესაც ასევე ხალხინ-გოლის ბრძოლის მორიგი, 80 წლისთავი აღინიშნებოდა.
უკრაინისა და დასავლეთის რეაქცია
„ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მონღოლეთში არის "მძიმე დარტყმა" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) და საერთაშორისო სისხლის სამართლისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, მონღოლეთი თავისი ქმედებებით თითქოს ეხმარება რუსეთის პრეზიდენტს, „თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას“.
„პუტინის ჰააგისთვის გადაცემაზე უარის თქმით, ულან-ბატორი იზიარებს პასუხისმგებლობას მის [პუტინის] სამხედრო დანაშაულებზე. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა ამას ჰქონდეს შედეგები ულან-ბატორისთვის“, - განაცხადა ტიხიმ.
მონღოლეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წევრია 2002 წლიდან. რომის სტატუტზე ხელმოწერით, როგორც მონაწილე ქვეყანამ, აიღო ვალდებულება თავის ტერიტორიაზე დააკავოს სასამართლოს მიერ ძებნილი ადამიანები.
ICC-ის პალატამ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა 2023 წლის მარტში „უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში“. სასამართლოს განცხადებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, „სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულზე, რომელიც მოიცავს მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“. კრემლმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებას „უბადრუკი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ მოსკოვი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.
ასევე ნახეთ ვინ არის ქალი, რომელმაც დაღუპა პუტინიპუტინის ვიზიტის დაწყების წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მონღოლეთს - „აღასრულოს სავალდებულო საერთაშორისო დაკავების ორდერი და გადასცეს პუტინი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“. ასეთივე მიმართვა გაავრცელა სასამართლომაც, რომლის სპიკერმა ფადი ელ-აბდალაჰმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიას (BBC) განუცხადა, რომ სასამართლო ეყრდნობა წევრ ქვეყნებს, მათ შორის მონღოლეთს, რომ „ისინი აღასრულებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“ და, რომ მონღოლეთს, ისევე როგორც სასამართლოს სხვა წევრებს, აქვს „სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“.
სასამართლოს წარმომადგენელმა არ დააზუსტა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ორდერის შეუსრულებლობას მონღოლეთისთვის, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ შემთხვევაში, ICC-ის მოსამართლეები ამის შესახებ აცნობებენ მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეას, რომელიც „მიმართავს ნებისმიერ ზომას, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლის“.
ICC-ის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობა ფორმალურად იწვევს შედეგებს, მაგრამ შესაძლო სანქციები ძირითადად შემოიფარგლება სიტყვიერი საყვედურით.
2 სექტემბერს ბრიუსელმაც გამოთქვა „შეშფოთება“ ICC ორდერის უგულებელყოფის გამო.
„მონღოლეთს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, უფლება აქვს განავითაროს თავისი საერთაშორისო ურთიერთობები საკუთარი ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ნაბილა მასრალიმ, ევროკომისიის წარმომადგენელმა, თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ „მონღოლეთი რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოა 2002 წლიდან, რის გამოც გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულებები“.
Associated Press-ის ცნობით, 50-ზე მეტმა რუსმა პოლიტიკურმა ემიგრანტმა, მათ შორის ვლადიმირ კარა-მურზამ, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც მოუწოდა მონღოლეთის მთავრობას „დააკავოს ვლადიმირ პუტინი ჩასვლისთანავე“.
„გასული წლიდან, თუ არ ვცდები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მუშაობს მოსამართლე, რომელიც წარმოადგენს მონღოლეთს. ჩემი აზრით, ქვეყანამ, რომელიც აცხადებს, რომ არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა შეასრულოს მის მიერ რატიფიცირებული და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების პირობები. ამიტომ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, პუტინის დაპატიმრება არ არის არჩევანის ან სურვილის საკითხი, ეს არის სამართლებრივი ვალდებულება და ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს“, - უთხრა ვლადიმირ კარა-მურზამ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.
პუტინის დაპატიმრების მოწოდებას შეუერთდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის - Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, მონღოლეთს აქვს დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია. Freedom House-ი მას თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიაკუთვნებს, განსხვავებით რუსეთისგან. თუმცა მონღოლეთმა არ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თავი შეიკავა გაეროში რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან.
პუტინის ჩაშლა გააპროტესტეს მონღოლეთშიც. ვიზიტის მეორე დღეს ულან-ბატორში დააკავეს აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც ცდილობდა უკრაინის დროშის გაშლას, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
პოლიციამ აქციის მონაწილეები მანამდე აიყვანა, ვიდრე პუტინი და მონღოლეთის პრეზიდენტი მთავრობის შენობასთან მივიდოდნენ. სააგენტოს ცნობით, მთავარი მოედნის მახლობლად კიდევ ხუთი ადამიანი იდგა უკრაინის დროშითა და პუტინის საწინააღმდეგო ბანერებით.
მონღოლეთის მთავრობის შენობასთან 2 სექტემბერსაც გაიმართა საპროტესტო აქცია. უკრაინელმა ბიზნესმენმა იგორ დემინმა, რომელიც დიდი ხანია მონღოლეთში ცხოვრობს, გამოცემა New Voice-ს განუცხადა, რომ აქცია არ ყოფილა ხელისუფლებასთან შეთანხმებული. მისივე თქმით, შეკრებილები სკანდირებდნენ: „დაახვიე აქედან!“, „მკვლელი!“, „დიდება უკრაინას!“.
რატომ „გარისკა“ პუტინმა?
უკრაინელი პოლიტოლოგის, ვიტალი პორტნიკოვის თქმით, მოსკოვმა საგანგებოდ შეარჩია მონღოლეთი, რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, პუტინის სტუმრობისთვის, რათა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს.
„პუტინი ის ადამიანია, რომელმაც გაანადგურა საერთაშორისო სამართალი ყირიმისა და უკრაინის სხვა რეგიონების ოკუპირებითა და ანექსიით. პუტინისთვის ჰააგის ტრიბუნალის ორდერი ერთგვარ გამოწვევად იქცა: როგორმე უნდა დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების ნორმების იგნორირებაც. ამ მიმართულებით მუშაობა ორდერის გაცემის პირველივე დღიდან დაიწყო. 2023 წლის ივლისში ამ მცდელობებმა კულმინაციას მიაღწია. ვლადიმირ პუტინი ფაქტობრივად აიძულებდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს სირილ რამაფოსას, დათანხმებულიყო მის ჩასვლაზე იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტზე“, - წერს ვიტალი პორტნიკოვი, რომელმაც გაიხსენა 2023 წლის 18 ივლისს სამხრეთაფრიკულ გამოცემა IOL-ში გამოქვეყნებული რამაფოსას აღიარება. პუბლიკაციის მიხედვით, სასამართლომ (პროკურატურა მოითხოვდა პუტინის დაკავებას, თუ რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკაში ჩავიდოდა) გამოაქვეყნა პრეზიდენტ რამაფოსას მიერ მიცემული ჩვენება, რომლის ყველაზე სენსაციურ ნაწილს წარმოადგენდა რამაფოსას მტკიცება, რომ კრემლი მას ომით ემუქრებოდა, თუ პუტინს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავებდნენ. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ პუტინმა უარი თქვა იოჰანესბურგში ჩასვლაზე და BRICS-ის სამიტში მოსკოვიდან ჩაერთო.
ვიტალი პორტნიკოვის ვარაუდით, მოსკოვმა სამხრეთი აფრიკაც საგანგებოდ შეარჩია, რადგან სამხრეთ აფრიკას უკვე ჰქონდა შექმნილი პრეცედენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, როდესაც რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ აფრიკის კავშირის სამიტის ფარგლებში უმასპინძლა სუდანის მაშინდელ პრეზიდენტს, ომარ ალ-ბაშირს, რომლის დაპატიმრების ორდერი ასევე გამოწერილი ჰქონდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:
„თუმცა, რამაფოსა არ გაჰყვა ზუმას გზას, მეტიც, რამაფოსამ შესაძლოა შეახსენა კიდეც პუტინს, რომ ალ-ბაშირი იძულებული გახდა გაქცეულიყო სამხრეთ აფრიკიდან, რადგან სამხრეთ აფრიკის სასამართლომაც გასცა ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი. მოვლენების ასეთი განვითარება კი აშკარად არ შედის ვლადიმირ პუტინის ინტერესებში. და კრემლმა დაიწყო სხვა ქვეყნის ძებნა - და, როგორც ჩანს, მათ იპოვეს იგი მონღოლეთის სახით“.
მონღოლეთს მართავს სახალხო პარტია, რომელიც ხელმძღვანელობდა ქვეყანას საბჭოთა კავშირზე მისი სრული დამოკიდებულების თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში. ახლაც ულან-ბატორი ცდილობს დააბალანსოს მოსკოვსა და პეკინს შორის და არ გააუარესოს ურთიერთობა არცერთ პარტნიორთან. ამიტომ, პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი არ იტყუებოდა, როცა ვიზიტის დაწყების წინ ამბობდა, კრემლს არ ეშინია, რომ პუტინს მონღოლეთში დააპატიმრებენო.
მონღოლეთი დიდი ძალისხმევის ფასად აღწევს თავს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის შესახებაც მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნაგიინ ხურელსუხმა პუტინთან შეხვედრის დროსაც ილაპარაკა:
„Covid-ის პანდემიის დროს ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა. მაგრამ გასული წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა. გაორმაგდა საგარეო ვაჭრობის მოცულობა. თუ ადრე ინფლაცია 17% იყო, ახლა ის 5%-მდეა შემცირებული. ამის გამო ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების რეალური შემოსავლებიც გაიზარდა“.
გამოცემა Politico-ს ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ თავის გადაწყვეტილება, არ დაეპატიმრებინა პუტინი, ახსნა ენერგეტიკული დამოკიდებულებითა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკით. გამოცემის წყაროს ცნობით, მონღოლეთი ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს მეზობელი ქვეყნებიდან იღებს.
„ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის არსებობისთვის“, - უთხრა გამოცემას მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ასევე ნახეთ უფლებადამცველები მონღოლეთს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდებენვიტალი პორტნიკოვის თქმით, პუტინის მიერ მონღოლეთის დაუსჯელად მოვლით შეიქმნება სახიფათო პრეცედენტი, პირველ რიგში, გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის.
„აი, ჩავიდა პუტინი მონღოლეთში, სადაც არ დააპატიმრეს და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ჩვენც ხომ არ მოგვეწვია პუტინი? შედეგად საგრძნობლად შესუსტდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ავტორიტეტი. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს პუტინი, სწორედ ამიტომ ჩაფრინდა მონღოლეთში“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი, რომელიც მონღოლეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს პუტინის მორიგ სპეცოპერაციას უწოდებს.