Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მონღოლეთს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდებენ


მონღოლეთის დროშა
მონღოლეთის დროშა

მონღოლეთმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უნდა უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ან, შესვლის შემთხვევაში, იგი უნდა დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე - ამბობს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი.

პუტინი მონღოლეთში 3 სექტემბერს უნდა ჩავიდეს, რათა მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, რომლებითაც აღინიშნება 85-ე წლისთავი საბჭოთა და მონღოლეთის მეომრების მხრიდან იაპონიის შეიარაღებული ძალების დამარცხებისა. პუტინი მიიწვია ქვეყნის პრეზიდენტმა, უხნაგინ ხურელსუხმა.

რუსეთის პრეზიდენტს ბრალად სდებენ უკრაინელი ბავშვების უკანონოდ გაყვანაში ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ულან-ბატორი პუტინს დაპირდა, რომ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში მას არ დააპატიმრებენ.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მონღოლეთი დაარღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებსაც მას აკისრებს ICC-ის წევრობა - თუკი პუტინს საშუალება მიეცემა ქვეყანაში ჩავიდეს და მას არ დააპატიმრებენ. Human Rights Watch-ის შეფასებით, პუტინის მიღება არა მხოლოდ რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთ შეურაცხყოფს, არამედ ძირს გამოუთხრის კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

მონღოლეთი ICC-ის წევრი 2003 წელს გახდა. ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან, მათ შორის მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ეჭვმიტანილის დაპატიმრებით და სასამართლოსთვის გადაცემით.

თუ პუტინი მონღოლეთს ეწვევა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მასზე ორდერის გაცემის შემდეგ მას მიიღებს ICC-ის წევრი სახელმწიფო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG