Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი არ ღელავს, რომ მონღოლეთში ვიზიტისას პუტინი შესაძლოა დააკავონ


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ღელავს, მონღოლეთში ვიზიტისად პუტინის შესაძლო დაკავების გამო. მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. სასამართლოსი, რომელმაც 2023 წლის მარტში პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ხუთშაბათს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, 3 სექტემბერს მონღოლეთში პუტინის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში შეჭრისა და ომის სავარაუდო დანაშაულებში მისი ბრალეულობის გამო.

დმიტრი პესკოვმა მედიის კითხვის პასუხად, ღელავენ თუ არა კრემლში ვიზიტის გამო, უპასუხა, რომ „არა, არ არის ნერვიულობა“.

პესკოვმა ასევე უპასუხა კითხვას. იყო თუ არა სასამართლოს ორდერი განხილვის საგანი ვიზიტის წინ. მისი თქმით „ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ მზადდებოდა“.

მონღოლეთში პუტინის ვიზიტი იქნება მისი პირველი ვიზიტი რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში, 2023 წლის მარტის შემდეგ.

2023 წელს, პუტინი არ წასულა სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტზე და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს მას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ურჩია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ ქვეყნებს ფორმალურად ევალებათ ორდერის აღსრულება. არც ერთი ქვეყანა, სადაც ორდერის გამოცემის შემდეგ იმყოფებოდა პუტინი, არ ცნობს საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ მონღოლეთმა მასში გაწევრიანების პროცესი 2002 წელს დაასრულა. მას ასევე აქვს დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია.

მონღოლეთის ხელისუფლებას ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" წერს კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკურ კონსულტანტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით, პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა მრავალრიცხოვან დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მიმღები ქვეყანა ასპროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ არც პუტინს და არც დელეგაციის რომელიმე წევრს არ დააკავებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG