ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერთან ერთად, ასევე გასცა რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას ორდერი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსი ჩინოვნიკები პასუხისმგებელი იყვნენ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი, იულია ლატინინა ამბობს, სწორედ ლვოვა-ბელოვამ გაუწია ფასდაუდებელი სამსახური საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორებს, როცა ვლადიმირ პუტინს ჩართული კამერების წინ უპატაკა, „ჩვენ შევასრულეთ თქვენი ბრძანება, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ მოვიტაცეთ უკრაინელი ბავშვებიო“.
საბედისწერო შეცდომა?!
„იცით, რატომ დაარტყა ჰააგამ პუტინს ზუსტად ბავშვების ხაზით და ლვოვა-ბელოვათი? - იკითხა ლატინინამ, - იმიტომ, რომ იურისტებისათვის ყველაზე რთული, დანაშაულებრივი ბრძანებების ჯაჭვის გამოვლენა და დამტკიცებაა. აქ კი თავად ქალბატონი მივიდა პუტინთან და ტელევიზიით აჩვენეს, თუ როგორ უბრძანა და მოიწონა ყველაფერი პუტინმა“.
და მართლაც, საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქ-ნ ლვოვა-ბელოვას ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია უშუალოდ მის მიერ სხვა პირებთან ერთად ან/და სხვა პირების საშუალებით“.
ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას შეხვედრის ამსახველი კადრები, რომელთა შესახებაც იულია ლატინინა საუბრობს, ასევე მოხვდა ტელეკომპანია „დოჟდის“ ვრცელ რეპორტაჟში, რომლის ავტორის ნიგინა ბეროევას თქმით, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დიალოგიდან ცხადი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჟენევის კონვენციისა და ზოგადად საერთაშორისო სამართლის დარღვევით გაყავს ბავშვები უკრაინიდან და შემდეგ მათ აშვილებს.
„შარშან პუტინთან მივიდა ბავშვთა უფლებების კომისარი ლვოვა-ბელოვა და უთხრა მას: ბავშვები გამოგვყავს უკრაინიდან: იმ ბავშვებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ოჯახებში ვანაწილებთ, ვისაც არა აქვს, არ ვანაწილებთ. პუტინმა ჰკითხა: "და რა პრობლემაა? ჩვენ ამას სწრაფად მოვაგვარებთო". და პრობლემა მართლაც სწრაფად მოგვარდა: შეიტანეს ცვლილებები და გაამარტივეს მოქალაქეობის შესახებ კანონი. ამ ცვლილებების მიხედვით, ბავშვისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისანიჭებლად საკმარისია ბავშვთა სახლის მასწავლებლის ან კლინიკის ექიმის განცხადება“, - ამბობს ნიგინა ბეროევა, რომლის თქმითაც, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რეალურად მისი ტერიტორიებია, განცხადების დაწერის საჭიროებაც გაქრა:
„ბავშვებს უბრალოდ დაურიგეს რუსული პასპორტები და დაბადების მოწმობები და თქვეს: ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რატომ არ შეიძლება, რომ რუსულმა ოჯახებმა იშვილონ? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ჟენევის კონვენციას, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს: კონფლიქტის დაწყებიდან არ შეიძლება სამოქალაქო სტატუსის შეცვლა, არ შეიძლება ბავშვების გაშვილება ომის დასრულებამდე“.
მოსკოვის ცრემლებისაც არავის სჯერა
17 მარტს ჰააგის ტრიბუნალის განცხადების კომენტირებისას მარია ლვოვა-ბელოვამ ირონიულად შენიშნა, რომ ტრიბუნალის გადაწყვეტილებას აღიქვამდა თავისი მუშაობის დადებით შეფასებად.
„ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ჩვენი შრომა მიმართული ბავშვების დახმარებაზე; დააფასეს ის, რომ არ ვტოვებთ ბავშვებს ომის ზონაში, რომ გამოგვყავს ისინი, რომ კარგ პირობებს ვუქმნით მათ და, რომ გარემოცული გვყვანან ისინი მოსიყვარულე მზრუნველი ადამიანებით. ჩემთან მიმართებით იყო სანქციები ლამის ყველა ქვეყნიდან, იაპონიიდანაც კი. ახლა დაკავების ორდერიც გაუციათ, მაინტერესებს, რა იქნება შემდეგ“, - თქვა მარია ლვოვა-ბელოვამ ტელეკომპანია RTVI-სთვის მიცემულ კომენტარში.
თუმცა, ორი-სამი დღის შემდეგ რუსმა ჩინოვნიკმა ქალმა საჭიროდ ჩათვალა უფრო სერიოზულად ესაუბრა და ერთგვარად თავიც კი ემართლებინა. Soloviev Live-ის ეთერში სტუმრობისას რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა ბავშვთა უფლებების საკითხებში, მარია ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ უკრაინიდან რუსეთში ევაკუირებული თხუთმეტი ბავშვი უკრაინელ ნათესავებს დაუბრუნეს:
„დღეს ჩვენი ქვეყნის 19 რეგიონში 380 ბავშვია განაწილებული ოჯახებში. ეს ის ბავშვებია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ სოციალურ დაწესებულებებში. არცერთი მათგანი არ დაგვიშორებია მშობლებს. მეორეც, თუ შევიტყობთ, რომ გამოჩნდნენ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოჯახები გაერთიანდნენ“.
ლვოვა-ბელოვას თქმით, რუსეთის ხელისუფლება ღიაა პრობლემების გადასაჭრელად.
„ჩვენთვის პრიორიტეტი მშობლიური ოჯახია, ამის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა პუტინმა. საწყენია, რომ დაკავების ორდერით გაჩენილ თემას წინ უძღოდა საუბარი პრეზიდენტთან, რომელმაც თქვა, თუ იქნება შემთხვევები, როცა გამოჩნდებიან ბავშვის ნამდვილი ნათესავები, მაშინ ბავშვი აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნათესავებთანო“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტის ბავშვის უფლებათა საკითხების რწმუნებული.
თუმცა მოსკოვის სიტყვების არც ჰააგაში სჯერათ და არც კიევში. როგორც კი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პრობლემამ იჩინა თავი, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი დაუკავშირდა რუსეთის წარმომადგენლებს და ბავშვების სამშობლოში დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ რუსეთში გაყვანილ არცერთ ბავშვს უკრაინაში დაბრუნება არ სურდა.
2022 წლის 22 ოქტომბერს გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა მტკიცებულებები უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის შესახებ. გამოცემა ესაუბრა 14 წლის ანას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში გააშვილეს. რუსეთში გადაყვანამდე ანა ცხოვრობდა და მკურნალობდა ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა სახლში. როცა შენობაში აფეთქების შედეგად ფანჯრები ჩაიმსხვრა და კარები ჩამოვარდა, ბავშვები სარდაფში ჩავიდნენ. ანა ყველაზე პატარა ბავშვებს ზღაპრებს უკითხავდა და ართობდა. მოგვიანებით უკრაინელმა მოხალისეებმა ანა და 20-მდე ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასხეს და ზაპოროჟიესკენ წაიყვანეს, მაგრამ ისინი რუსეთის საგუშაგოზე დააკავეს, შემდეგ კი დონეცკში გადაიყვანეს. დონეცკი, ფაქტობრივად, სატრანზიტო პუნქტად ითვლება მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე.
„არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს“, - ციტირებს გამოცემა უკრაინელი ბავშვის სიტყვებს. გოგონას თქმით, ის ვერ უკავშირდება დედას, რადგან სიჩქარეში დაავიწყდა ბლოკნოტი, რომელშიც ეწერა ტელეფონის ნომერი. ახსოვს მხოლოდ პირველი სამი ციფრი.
გამოცემა წერს, რომ ბავშვების იძულებითი გადაყვანა, რომლის მიზანია რომელიმე ეროვნული ჯგუფის ამოძირკვა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით გენოციდად ითვლება, ხოლო ბავშვების მასობრივი იძულებითი მიგრაცია ომის პოტენციური დანაშაულია, მიუხედავად იმისა, ობლები არიან თუ არა ისინი.
რუსეთში კი უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა პატრიოტულ აქტად მიიჩნევა. სახელმწიფო ტელევიზიები უჩვენებენ ოფიციალურ პირებს, რომლებიც კამერების წინ სათამაშოებს ჩუქნიან უკრაინიდან ჩამოყვანილ ბავშვებს, აქაოდა ომის საშინელებისგან ვიხსენითო. სინამდვილეში, რუსეთის მთავრობა ბავშვებს, მათ შორის სნეულებსა და ობლებს, იყენებს პროპაგანდისთვის, რომლის მიზანი რუსეთის მოწყალედ და მხსნელად წარმოჩენაა.
უკრაინის სტრატეგიული კვლევებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, პაველ ლისიანსკის თქმით, უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის სტატისტიკა:
- I - ბავშვები (16 ათასზე მეტი), რომელთა მშობლებმა ან მათმა წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიმართეს უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს.
- II - არაოფიციალური მონაცემებით 200 ათასზე მეტია ისეთი ბავშვი, ვისაც არ ჰყავს ვინმე, ვინც მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს. ხელისუფლებას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გავლენას ახდენს რუსეთში გადაყვანილი ბავშვების რაოდენობის დადგენის სიზუსტეზე.
პაველ ლისიანსკის თქმით, არსებობს სარწმუნო ცნობები, რომ ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს სახელს, გვარსა და მამის სახელს უცვლიან.
„როდესაც ბავშვს რუსული ოჯახი იშვილებს, მას მონაცემებს უცვლიან და მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, - ამბობს პაველ ლისიანსკი, - რუსეთის ფედერაცია არღვევს ყველა კონვენციას. თუ მათი სურვილი არაა, ამ გზით გაზარდონ სლავური გარეგნობის მოსახლეობის რაოდენობა რუსეთში, არამედ მიზანია ბავშვების გადარჩენა, მაშინ ამის გაკეთება შეიძლება ძალიან მარტივად: ევაკუაციის შემდეგ ომბუდსმენები ცვლიან ბავშვების პერსონალურ მონაცემებს, რომელთა საშუალებით უკრაინა დაუკავშირდება მშობლებს. მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, ბავშვები უკონტროლოდ გაჰყავთ რუსეთის ფედერაციაში და უმეტეს შემთხვევაში (არა ყოველთვის) უცვლიან პერსონალურ მონაცემებს“.
პასუხისმგებელი "ევაკუაციასა" და "ინტეგრაციაზე"
მარია ლვოვა-ბელოვა ბავშვთა უფლებების რწმუნებულად 2021 წლის ბოლოს დაინიშნა. მანამდე იგი წარმოადგენდა პენზის ოლქს ფედერაციის საბჭოში და იყო პუტინის მიერ შექმნილი სრულიად რუსეთის „საზოგადოებრივი სახალხო ფრონტის“ პენზის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი. ბავშვთა ომბუდსმენის თანამდებობაზე ლვოვა-ბელოვამ შეცვალა ანა კუზნეცოვა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გადაიყვანეს.
ლვოვა-ბელოვასა და მისი წინამორბედის ბიოგრაფიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ორივე დაიბადა პენზაში, ორივემ იქვე გაიკეთა კარიერა და იქორწინა სასულიერო პირებზე. გარდა ამისა, ორივეს ჰყავს აყვანილი ბავშვები.
მარია ლვოვა-ბელოვა, 38 წლის. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვის უფლებათა საკითხების რწმუნებული; ობოლთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა და ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულთა სოციალიზაციისა და სოციალური ადაპტაციის სპეციალისტი; რუსეთის ფედერაციის სენატორი - პენზის ოლქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი (2020-2021 წწ.); რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი (2017-2019); ხელმძღვანელი საქველმოქმედო პროექტებისა: „ლუის კვარტალი“, „ვერონიკას სახლი“, „ახალი ნაპირები“, „სახლი ბერიოზოვსკაზე“.
2022 წლის თებერვლიდან ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანასა და რუსეთში მათ „ინტეგრაციაზე“. სწორედ ისაა ამ პროცესის ორგანიზატორი და მთავარი სპიკერი.
თავად ომბუდსმენი ამ პროცესს ბავშვებზე ზრუნვას უწოდებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ის რასაც ლვოვა-ბელოვა ხელმძრვანელობს კლასიფიცირებულია როგორც დეპორტაცია და გენოციდი.
2022 წლის ზაფხულში ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ მან თავად იშვილა ბავშვი მარიუპოლიდან, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს. რუსი ჩინოვნიკი რეგულარულად აქვეყნებს მოზარდის ფოტოებს სოციალურ ქსელებში. ამ ამბის შესახებ პროპაგანდისტული ფილმიც კი გადაიღო ტელეარხმა „ცარგრადმა“.
ბიჭს ფილიპ გოლოვნია ჰქვია, 15 წლისაა და სავარაუდოდ ობოლია - რუსულ მედიაში ითქვა, რომ ბავშვმა დედა ბოლოს 11 წლისამ ნახა, თუმცა დამოუკიდებელი წყაროებით არც ეს დასტურდება.
ფილიპი მარიუპოლიდან ბავშვთა ჯგუფთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე გაიყვანეს ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვის გარეუბნის სანატორიუმში, სადაც შეხვდა კიდეც მას რუსეთის ბავშვთა უფლებების რწმუნებული.
ლვოვა-ბელოვას მტკიცებით, ფილიპს მოსწონს რუსეთში ყოფნა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ყველა უკრაინელი ბავშვი ერთნაირი არაა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში სიტყვით გამოსვლისას მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ „ისინი ნეგატიურად საუბრობდნენ პრეზიდენტზე [პუტინზე], ამბობდნენ ყველანაირ სისაძაგლეს, მღეროდნენ უკრაინის ჰიმნს, ყვიროდნენ "დიდება უკრაინას" და მსგავს რაღაცებს“.
თუმცა, როგორც ლვოვა-ბელოვა ამტკიცებს, რუსულ ოჯახებში მოხვედრის შემდეგ, უკრაინელ ბავშვებში არსებული ეს „გარკვეული ნეგატივი“ „რუსეთის სიყვარულში“ ტრანსფორმირდა.
„ჩვენ დავიწყეთ ბიჭებთან საუბარი: "აი, თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი ცუდია. კარგი, იყოს რუსეთი ცუდი. ახლა თქვენ გაქვთ უკან დაბრუნების შესაძლებლობა. რატომღაც არც ერთ ბავშვს არ მოუნდა დაბრუნება, ყველამ თქვა: "ჩვენ აქ ძალიან კარგად ვართ"”, - განაცხადა ბელოვამ.
თავდაპირველად, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მეურვეობასთან დაკავშირებით საუბარია არა „ომის ობლებზე“, რომელთა მშობლები დაიღუპნენ და არსებობს მათი ნათესავების პოვნის ალბათობა, არამედ ბავშვებზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბავშვთა სახლებში ობლის სტატუსით.
თუმცა, შემდეგ თავად ბელოვამ თქვა, რომ მარიუპოლის „სარდაფებში ნაპოვნი“ დაახლოებით 30 ბავშვი ასევე რუსეთის მეურვეობის ქვეშ მოექცა. უკრაინამ ამ 30-დან რამდენიმე ბავშვის დაბრუნება სცადა კანონიერი წარმომადგენლების გამოჩენის საფუძველზე, თუმცა ბელოვამ უკრაინის მიერ მოყვანილ არგუმენტებს „რაღაც გაუგებარი“ უწოდა და პროცესი ადგილიდან არ დაძრა.
კიევი ბავშვების გაყვანას განიხილავს გენოციდის გამოვლინებად და რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკად, გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელები, როგორც ერი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გასული წლის მიწურულს თქვა, რომ რუსეთს უკრაინიდან დეპორტირებული ჰყავს 13 ათასზე მეტი ბავშვი.
"რუსული სამყაროს" მიზანია მოკლას მილიონობით უკრაინელი და მათი შვილები რუსებად აქციოს", - დაწერა ტვიტერში რეზნიკოვმა.
„ჩვენი შვილების გატაცებით რუსეთი ფაქტობრივად იპარავს ჩვენს მომავალს“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.