ამავე დროს, ძლიერდება „ოცნების“ ადგილობრივ მოკავშირეთა ძალისხმევა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობით საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს დაუკავშირდეს.
„ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ დაწყებული პროცესი 28 თებერვალს „ევროპელმა სოციალისტმა“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ გააგრძელა. მის ინიციატივას, აგვისტოს ომის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, „ოცნებაშიც“ უჭერენ მხარს.
პარალელურად, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების კონტექსტში განიხილეს.
ევროკავშირის დემარში და „ფეიკი“
ფრანგული სიტყვა დემარში (Demarche) მოქმედებას, გამოსვლას ნიშნავს და საგარეო პოლიტიკაში, დიპლომატიაში, მიიჩნევა ძლიერ ინსტრუმენტად, როდესაც ერთი ქვეყანა თუ ქვეყნების ჯგუფი პოზიციას დემარშის ფორმით გადასცემს სხვა, შესაძლოა, მოკავშირე სახელმწიფოს ხელისუფლებას. საკითხი, რომელსაც დემარში შეეხება, ძირითადად პრობლემურია და ის პროტესტის გამოხატვას ან რაიმეს მოთხოვნას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით იუსტიციის მინისტრისთვის, 27 თებერვალს გადაცემული ოფიციალური დემარში არ მოიცავდა პატიმარი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების მოთხოვნას, რის შესახებაც მანამდე პოლონური რადიოსადგური, RMF24 იტყობინებოდა.
პაციენტის გადაყვანის საკითხი არც ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის უხსენებია, როცა იუსტიციის სამინისტროს შენობა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის ელჩთან ერთად დატოვა; თუმცა გარკვევით თქვა, რომ ევროკავშირის ძლიერ შეშფოთებას იწვევს პატიმრის „ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ცნობები“.
28 თებერვალს, საღამოს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაიმეორა, რომ საუბარი არ ყოფილა სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის მოთხოვნაზე. ბრეგაძე ამბობს, რომ „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან, [უნდა] შეწყდეს საკითხის პოლიტიზება“; ხოლო როცა ადამიანს გამოჯანმრთელება უნდა, ის უნდა „დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს“.
ასევე ნახეთ ბრეგაძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზემას შემდეგ, რაც ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირი, თავისი დემარშით, „სააკაშვილის გარემოცვასთან“ გადაამისამართა, უკვე 28 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთობლივი დემარში მხოლოდ „ფეიკს“ ეფუძნება.
„ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე და მის რეალურ შიმშილობაზე, ნაწილობრივ შიმშილობაზე... ამ ქვეყანაში გვყავს ერთი პატიმარი, რომელიც თვითდაზიანებას ეწევა, რაზეც არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში. თუ გააგრძელებს თვითდაზიანების მიყენებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. ეს განუმარტა რატი ბრეგაძემ დემარშის პასუხად, მიიღეს ეს მოცემულობა“, - ამბობს მდინარაძე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დემარშს სახელმწიფოები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა „ორმხრივი კონსულტაციებითა და მოლაპარაკებებით საკითხის მოგვარება შეუძლებელი, ან უკიდურესად გართულებულია“, დემარშის პირობები სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის, მაგრამ მის შეუსრულებლობას შესაძლოა მოჰყვეს დამაზიანებელი შედეგები.
„ეს დემარში გააკეთა არა ჩვენმა ოპონენტმა, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამ შემთხვევაში - ევროკავშირმა, რომელში გაწევრიანებაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს. როცა დემარშს მიმართავს შენი სტრატეგიული პარტნიორი, თუკი შენ გინდა, რომ განავითარო შენი თანამშრომლობა მასთან, შენთვის სასურველი მიმართულებით, შენ ყურად უნდა იღო ეს. რა თქმა უნდა, მთავრობა სუვერენულად იმოქმედებს, მაგრამ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს ზეგავლენას მოახდენს შემდგომი დაახლოების პროცესზე“, - გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელი, ანა ფოტიგა ტვიტერზე წერს, რომ „გადაარჩინე მიშა“ არ არის მხოლოდ ერთი ევროპარლამენტარის მოწოდება.
„ეს არის მთელი ევროპარლამენტის, ბევრი [ქვეყნის] ეროვნული პარლამენტისა და პატივსაცემი საჯარო ფიგურების განცხადება. დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა; თავისუფალი მსოფლიოს ხმა: გადაარჩინე სააკაშვილი“, - წერს ანა ფოტიგა.
მანამდე, 27 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველჰყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ჩათვლით, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად“, - წერს პრეზიდენტი ლევიტსი.
ევროკავშირის 27 ქვეყნის შეთანხმებული დემარში, 27 თებერვალს, დროში დაემთხვა სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მორიგი მძიმე დასკვნის გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა 1-2 თვეში სააკაშვილი ლოგინს მიეჯაჭვოს და შემდეგ, შეუქცევადი პროცესებიც განვითარდეს.
განცხადებები ლორდთა პალატაში და აგვისტოს ომის გახსენება თბილისში
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით, აგვისტოს ომის თემის წამოწევა, 27 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დაიწყეს.
ორშაბათს გამოქვეყნებულ მორიგ ღია წერილში ჩანს, რომ მათ უკვე ნაკლებად რელევანტურად მიაჩნიათ „სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის“ იდეა, რასაც მანამდე ხშირად ახსენებდნენ და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ „უფრო ლოგიკურ“ ახალ ბრალდებად „2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარების“ ვერსიას ასახელებენ.
„როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას“, - წერია „ხალხის ძალის“ 27 თებერვლის განცხადებაში, სადაც ავტორები ასკვნიან, რომ „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“.
ასევე ნახეთ არ გვგონია, ამერიკელები ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ - "ხალხის ძალა"უკვე 28 თებერვალს, თითქმის იმავეს იმეორებს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური დეპუტატი, „ევროპელი სოციალისტი“ ფრიდონ ინჯია და, დამატებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით გამოდის. ინჯია აგვისტოს ომს არა რუსეთს, არამედ აშშ-ს აბრალებს და ამბობს, რომ „ამერიკამ მაშინ ჩვენ და ახლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა“. ინჯია 2008 წლის ომს „ევროატლანტიკურ შეთქმულებას“ უწოდებს.
ასევე ნახეთ რუსეთმა საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო ევროპული არჩევანის შესაჩერებლად - რობერტა მეცოლა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუკი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი დადგება, ის ამ წინადადებას მხარს დაუჭერს.
„ქართულმა მხარემ რომ ნაბიჯები გადადგა... 7-ში [აგვისტოს] ღამე მთელს მსოფლიოს რომ აცნობეს დაბომბვა, მათ გასცენ პასუხი - რას ბომბავდნენ? 8-ში [აგვისტოს] მთელი დღის განმავლობაში შეტევაზე ვართო, რომ იძახდნენ, რას აკეთებდნენ ამით... და შემდეგ რეზოლუციაში, მხარი იმ მოცემულობას რომ დაუჭირეს - ომი ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაული ჩავიდინეთო, ამით რა გააკეთეს - ეს გამოსაძიებელია, აბა რა, არ არის გამოსაძიებელი?!“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ოპოზიციაში რუსეთისთვის სასარგებლო ჩანაფიქრად თვლიან.
„2008 წლის ომზე ჰააგამ თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, დამნაშავე არის რუსული მხარე და თავიდან ბოლომდე გაამართლა ქართული მხარე. ეს ადამიანები, ამ პირობებში, როცა მთელ მსოფლიოში გამართლდა ქართული მხარე, ცდილობენ შემოატრიალონ ეს საკითხი და უკან დაუტრიალონ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე.
ასევე ნახეთ ლორდთა პალატაში სააკაშვილის მკურნალობის საკითხი განიხილეს - რა თქვეს სხდომაზე?27 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში, სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე მსჯელობისას, ეს საკითხი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის ინტერესებსა და საქართველოს მომავალს დაუკავშირეს.
„მისი [სააკაშვილის] მდგომარეობა ნაწილია საქართველოსთან დაკავშირებული უფრო ფართო, ძალიან სერიოზული მოვლენებისა, რაც ფაქტობრივად მიტაცებული აქვს მულტიმილიარდერ ბიზნესმენს [ბიძინა ივანიშვილს], რომელიც აკონტროლებს როგორც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, ასევე მედიასაც; რაც ნიშნავს რუსეთის ორბიტაზე და გარემოცვაში შენარჩუნებას. ეს [სააკაშვილის] საკითხი არ შეეხება მხოლოდ ადამიანის უფლებებს, არამედ უკავშირდება საქართველოს მთელ მომავალს, როგორც ევროპისკენ ორიენტირებული ხალხის“, - მიმართა ლორდმა რიჩარდ ჰარისმა სახელმწიფო მინისტრს, ლორდ ზეკ გოლდსმიტს, რომელიც სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.
გოლდსმიტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხის მკაფიო ჰუმანიტარული მხარის პარალელურად, ბრიტანეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას ასევე უსვამდა ხაზს სააკაშვილის მკურნალობის საკითხის მნიშვნელობას „საქართველოს შიდაპოლიტიკური კლიმატისთვის, საერთაშორისო რეპუტაციისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“.
ამავე სხდომაზე ბარონესა გიზელა სტიუარტმა „ოლიგარქების დამღუპველი ზეგავლენისა“ და შესაძლო სანქციების დაწესების საკითხი წამოჭრა. ლორდმა გოლდსმიტმა სწორედ მის საპასუხოდ ახსენა ბიძინა ივანიშვილის გვარი და სახელი. მან თქვა, რომ მათთვის უცხო არ არის გავრცელებული ცნობები ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.
„ჩვენ შევინარჩუნებთ სიფხიზლეს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესში და რეგულარულად გადავხედავთ სანქციებს“, - ამბობს ლორდ ზეკ გოლდსმიტი.