ლორდთა პალატის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა, ლორდმა ზაკ გოლდსმიტმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და, ასევე გაგრძელდება მისი მონიტორინგი.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ [ილია] დარჩიაშვილთან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ და ხაზი გაუსვა მის ჯანმრთელობასა და მკურნალობაზე გავრცელებულ შემაშფოთებელ ცნობებს...", - აღნიშნა მან.
დისკუსიის დაწყებისას ლორდმა რიჩარდ ჰარისმა ზაკ გოლდსმიტს თხოვნით მიმართა, გაორმაგდეს ძალისხმევა, რათა მიხეილ სააკაშვილმა შესაფერისი სამედიცინო დახმარება მიიღოს. ამ კონტექსტში, მან ბიძინა ივანიშვილი და საქართველოში მისი გავლენები ახსენა:
"მისი [მიხეილ სააკაშვილის] მდგომარეობა განსაკუთრებით სერიოზულია საქართველოში, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა ჩაიგდო ხელში. იგი აკონტროლებს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, ისევე როგორც მედიას. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხი, არამედ საქართველოს მომავლის საკითხია".
ლორდ დონალდ ანდერსონმა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თემა საქართველოს ევროინტეგრაციას დაუკავშირა და გოლდსმიტს ჰკითხა: "ღირსეული ლორდი დამეთანხმება თუ არა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ძალიან უარყოფითი და ძალიან ხელშემშლელი გავლენა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? და მაშასადამე, ჩვენ კი არა, ევროკავშირს აქვს ბევრად მეტი ბერკეტი ამ მხრივ?" მის ამ შეკითხვას ადგილზევე უპასუხა ლორდმა ზაკ გოლდსმიტმა:
"მთავრობა აბსოლუტურად იზიარებს ამ აზრს, რის გამოც, საქართველოს მთავრობასთან ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაჩენილი ბრალდებები და ამბები განიხილება საქართველოს ფართო ამბიციების კონტექსტში".
ბარონესა ჟიზელ სტიუარტმა ისევ ბიძინა ივანიშვილის თემის ირგვლივ დისკუსიის გაგრძელება ითხოვა და იკითხა, რამდენად შესაძლებელია სანქციების დაწესება.
"თქვენი ნებართვით, იქნებ დავუბრუნდეთ ლორდ რიჩარდ ჰარისის მიერ ხაზგასმულ ოლიგარქებისა და მათი გავლენის საკითხს. შეიძლება თუ არა სანქციების დაწესება და ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპის საბჭოს როლი, რომელიც მოიცავს ბევრად მეტ ქვეყანას, ვიდრე ევროკავშირი. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი გავლენა და პოტენციალი, რათა დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის აღდგენაში".
მის ამ განცხადებას ზაკ გოლდსმიტის პასუხი მოჰყვა: "კომენტარები გავლენებზე ჩანიშნულია. ჩემი აზრით, აქ იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ გვესმის, რომ იგი კერძო პირია და მას არ აქვს რაიმე ფორმალური ან იურიდიული როლი საქართველოს მთავრობაში". გოლდსმიტი ასევე ამატებს, რომ ლონდონს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ, რაზეც ისაუბრეს კიდეც საქართველოს მთავრობასთან.
"ჩვენ ეს განვაცხადეთ საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც დაგვარწმუნა თავის მტკიცე გადაწყეტილებაში სანქციების დაცვასთან დაკავშირებით. ვინაიდან ყველამ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს და ვინაიდან ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ სანქციებს".
ლორდმა უოლესმა სხდომაზე, ასევე წამოჭრა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხი და თქვა, რომ იგი სააკაშვილის მსგავსად "აშკარად პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში". ამაზე, ლორდმა გოლდსმიტმა უპასუხა, რომ ლონდონი ყურადღებით აკვირდება ნიკა გვარამიას დაკავებასა და მსჯავრს, ასევე ითვალისწინებს იმ შეშფოთებას, რაც მის საქმესთან და ზოგადად, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გამოითქვა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნა, რომ იგი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ. უახლოეს მომავალში ამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაიწყება.
სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების ბოლო დასკვნით, სააკაშვილის მდგომარეობა "საგრძნობლად დამძიმდა" 4 დეკემბრის (ბოლო ვიზიტი პაციენტთან) შემდეგ.
"ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია; პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-დან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება".
მანამდე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, იგი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.