Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცა


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში მინისტრ რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეს წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარში გადავეცით. დემარში, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ცნობებით მისი ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც მნიშვნელოვანია, ეს დემარში შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის. ეს დემარში წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ბრიუსელში. ჩვენ იუსტიციის მინისტრთან ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა. ჩვენ წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული პოზიცია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა იმისათვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის, უფლებები იყოს დაცული.

ელჩს არ უსაუბრია იმასთან დაკავშირებით, შეეხნენ თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, მათ შორის პოლონეთში, შესაძლო გადაყვანის საკითხს.

პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ, ზოგადად, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ღიად განიხილავენ ყველა საკითხს.

"მე მაქვს საუბარი პრემიერ-მინისტრთან, დროდადრო ვხვდები პრეზიდენტს და ჩვენ ღიად განიხილავთ ყველა საკითხს. ჩვენ საქართველოს ვეპყრობით როგორც პარტნიორს, როგორც ძალიან ახლო პარტნიორს. ამდენად, ეს აუცილებელია ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, რომ წვდომა მქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებთან დასარწმუნებლად, რომ ყველა შემაშფოთებელ საკითხს ღიად და გულწრფელად განვიხილავთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის დემარშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაერწმუნებინათ.

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

XS
SM
MD
LG