ეს კომპანია მეზობელ ბუკიას ქუჩაზე რკინის ნაკეთობათა სარეალიზაციო ობიექტისთვის ერთსართულიან ნაგებობას აშენებს, შემდეგ კი ნარჩენები სხვებმაც დაამატეს.
ქუთაისის ამ სამ ქუჩაზე 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. უბნის მცხოვრებთა თქმით, უკონტროლოდ დაყრილი მიწით და ინერტული ნარჩენით ამოივსო სანიაღვრო არხები და ყოველი წვიმის შემდეგ ეზოები ეტბორებათ. დაზიანდა ქუჩების დამაკავშირებელი გრუნტის გზაც. გაჩნდა დიდი ორმოები, სადაც წყალი და ტალახი გუბდება.
„კომპანიამ სამი მეტრის სიღრმეზე ამოჭრა დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი მიწა, გამოიტანა და აქ დაყარა. როცა ვუთხარით, გვიპასუხეს, რომ მერიასთან იყვნენ შეთანხმებული. გზა მოხრეშილი იყო, ჩვენი ხარჯით გაკეთებული და ისიც დაზიანდა“, - გვითხრა ვაჟა წიქორიძემ.
რკინის ნაკეთობათა ობიექტს შპს „ბგ კომპანი” აშენებს. საინფორმაციო დაფის და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის დირექტორი გრიგოლ ბაკურაძეა.
ის რადიო თავისუფლებასთან კატეგორიულად უარყოფს ტერიტორიის სამშენებლო ნარჩენით დაბინძურებას და ამბობს, რომ სამშენებლო ადგილიდან მხოლოდ მიწის მასა ამოიღეს და გაიტანეს ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო ნარჩენი უკვე ეყარა და მიწის მასით ადგილი გადაფარა და მოასწორა. გრიგოლ ბაკურაძის თქმით, სანიაღვრო არხები წყალს არ ატარებდა და მისმა კომპანიამ ამოწმინდა და გააფართოვა და გაუგებარია მოსახლეობის უკმაყოფილება:
„გადავყევი მაგათ, ნაგავსაყრელი ჰქონდათ მოწყობილი, მოვუსწორე, მიწა შევიტანე და გადავაყარე, არხი გავუკეთე და მე დამაჯარიმეს კიდე. ერთი ინტრიგანი მეზობელია, რომელიც მთხოვდა, ბეტონი უნდა დამისხა სახლის წინო და არ შედის ეგ ჩემს ინტერესებში. რატომ დამაჯარიმეს, მიკვირს, მერიის საქმეც მე გავაკეთე, არხში არ გადიოდა წყალი, გველები იყო და ისიც მე გავაკეთე“, - ამბობს გრიგოლ ბაკურაძე.
კითხვაზე, ეს სამუშაოები შეთანხმებული ჰქონდა თუ არა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, კომპანიის დირექტორი გრიგოლ ბაკურაძე გვპასუხობს, რომ „საქმის კურსში არ ვართ“, რადგან ნაგავსაყრელი იყო და ტერიტორია მოაწესრიგა. მისივე თქმით, შენობის საძირკვლისთვის ამოჭრილი მიწის ნაწილი კერძო ტერიტორიაზე აქვს გატანილი დროებით და მშენებლობისას უკან უნდა შეიტანოს.
როგორც ქუთაისის ამ უბნის მცხოვრებნი ამბობენ, მათ გარშემო „ბაღნარი“ არც მანამდე ყოფილა, მაგრამ გადაადგილების და დატბორვის პრობლემა არ ჰქონიათ და არც ნაგავსაყრელთან უცხოვრიათ.
„აქ ბავშვები იზრდება და არავის აქვს სურვილი ნარჩენებში იცხოვროს. არ გვინდა, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნარჩენების პოლიგონის მსგავსი გახდეს ეს ტერიტორია. გაიტანონ ეს ნარჩენი და გზა როგორც იყო, ისე მოაწესრიგონ“, - გვითხრა ჩხობაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ზურაბ მაჭარაძემ. ამ უბნის კიდევ ერთი მოსახლის, დიმიტრი კვანტალიანის ინფორმაციით, მაშინ, როცა კომპანია ამბობს, რომ ნებართვა მერიისგან ჰქონდა, თავად მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ, ამიტომ, მისი თქმით, „ეს ერთმანეთში გაარკვიონ“.
1000-ლარიანი ჯარიმა და გორებად დატოვებული ნარჩენები
სამი ქუჩის მოსახლეობამ ქუთაისის მერიას განცხადებით მიმართა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია დაათვალიერეს და ფოტოები გადაუღეს.
მერიაში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ შპს „ბგ კომპანი“ დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის იმ ნაწილით, რომელიც სისუფთავისა და წესრიგის დაცვის წესების დარღვევას და ტერიტორიის მოუვლელობას ეხება. ასეთი ქმედებისთვის კომპანიები 1000 ლარით ჯარიმდებიან. ქუთაისის მერიისგან ვერ მივიღეთ პასუხი, დაევალება თუ არა „ბგ კომპანის“ ტერიტორიის გაწმენდა და პირვანდელი სახის დაბრუნება, რასაც მოსახლეობა მოითხოვს.
გრიგოლ ბაკურაძემ ვერ გვითხრა, აპირებს თუ არა მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას. გვიპასუხა, რომ „ბევრი საქმე აქვს“ და „ჯერჯერობით არ მოუფიქრებია“.
სამშენებლო ნარჩენების სტიქიური ნაგავსაყრელები - პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდა
ქუთაისსა და მის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენების არაერთი უკონტროლო ნაგავსაყრელია. სამშენებლო მასალებით გარემოს დაბინძურებით უკმაყოფილო მოქალაქეები სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ მდინარე რიონის ჭალის, საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიების და სხვა ადგილების დაბინძურების ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისგან მათ დასუფთავებას მოითხოვენ.
ქუთაისს ამ დრომდე არ აქვს ინერტული მასალების სპეციალური ნაგავსაყრელი, რომელიც ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმით უნდა მოეწყოთ. ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ ტყაბლაძე მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ შესაბამისი ტერიტორია ვერ შეარჩიეს:
„ტერიტორია რაც მოვიძიეთ, ყველგან დაგვხვდა ერთი და იგივე პრობლემა. მომიჯნავე ნაკვეთებს ჰყავთ პატრონები და მათ არ სურთ, გვერდით განთავსდეს ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. მოლაპარაკება გვაქვს მომიჯნავე მუნიციპალიტეტებთან - წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ვანი - შეიძლება გამოიძებნოს ერთი ადგილი, სადაც გავერთიანდებით და მოვაწყობთ ნაგავსაყრელს ინერტული ნარჩენებისთვის“.
არჩილ ტყაბლაძის თქმით, ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობამდე, კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა სამშენებლო ნარჩენები თავიანთი ხარჯით უნდა მიიტანონ ნიკეას ქუჩაზე არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. ქუთაისში, ქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის დაქირავება და სამშენებლო ნარჩენის გადაყრა 200 ლარამდე ღირს, რასაც კომპანიები და ფიზიკური პირები, ძირითადად, თავს არიდებენ.
ასევე ნახეთ „ფეკალური დეზობარიერი“ - როგორ ჩავიდეთ საგურამოს მდიდრულ აგარაკებამდე