„წყალტუბოს განვითარების გენგეგმა მზადაა, სამკურნალო წყლები სახელმწიფოს მფლობელობაში დაბრუნდა, ახლა ველით ინვესტორებს და მზად ვართ დავიწყოთ კურორტის აღდგენის პროცესი“, - თქვა 5 ივლისს, წყალტუბოში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისიც დაამატა, რომ წყალტუბო, თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი უნდა გახდეს - „ბადენ-ბადენის ან კარლოვი ვარის“ მსგავსად.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე უკვე გამოჩნდა გასაყიდად გამოტანილი 14 სანატორიუმის ჩამონათვალიც - ფერადი ფოტოებით, გასაყიდი ფასით და აღწერით.
ამ ეტაპზე წყალტუბოს 22 სანატორიუმიდან სახელმწიფი ყიდის:
- სანატორიუმ „მედეას“ - გასაყიდი ფასი 5 820 000 ლარი;
- სანატორიუმ „სავანეს“ - 2 123 400 ლარი;
- სანატორიუმ „უშიშროებას“ - 8 470 000 ლარი;
- სანატორიუმ „სამგურალს“ - 2 043 000 ლარი;
- სანატორიუმ „მეგობრობას“ - 5 232 300 ლარი;
- სანატორიუმ „გეოლოგს“ - 1 422 000 ლარი;
- სანატოირუმ „იმერეთს“ - 3 124 500 ლარი;
- სანატორიუმ „გელათს“ - 1 969 300 ლარი;
- სანატორიუმ „თბილისს“ - 3 142 300 ლარი;
- სანატორიუმ „რკინიგზელს“ - 3 091 200 ლარი;
- სანატორიუმ „აიას“ - 2 802 300 ლარი;
- სანატორიუმ „ფილიალს“ - 2 179 000 ლარი;
- სანატორიუმ „წყატუბოს“ - 2 600 000 ლარი;
- სანატორიუმ „წყალტუბოს“ - 2 988 000 ლარი.
14 სანატორიუმის საწყისი ღირებულება 50 მილიონი ლარია, თუმცა მთავრობა მოელის, რომ პროექტში დაახლოებით 500 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება:
„ცხადია, ეს იქნება კერძო ინვესტიცია“, - ამბობს ღარიბაშვილი.
მან ისიც თქვა, რომ სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, წყალტუბოში დამატებით „ათეულობით მილიონი ლარი“ დახარჯოს.
„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის, თანამედროვე, მაგრამ, ამავდროულად, მდიდარი მემკვიდრეობის მქონე კურორტად“, - თქვა 5 ივლისს ღარიბაშვილმა.
2019 წელს წყალტუბოში 25 000 დამსვენებელი ჩავიდა - მთავრობას რამდენიმე წელიწადში ამ რიცხვის გაათმაგების იმედი აქვს.
როგორ შეხვდა თითქმის დაცლილი საკურორტო ქალაქი საქართველოს მთავრობის მორიგ დაპირებას წყალტუბოს აღორძინებაზე?
ცარიელი ქალაქი „დიდი ინვესტიციის“ მოლოდინში
წყალტუბოელებს ბევრი წელია ესმით, რომ მათ ქალაქს ძველი დიდება დაუბრუნდება. რომ იქაურობა ისევ იქცევა იმ წალკოტად, რომელსაც წლების წინ, ათასობით საბჭოთა მშრომელი სტუმრობდა, სადაც მატარებელი პირდაპირ მოსკოვიდან ჩადიოდა, განკურნებული დამსვენებლები კი, გადმოცემის თანახმად, ყავარჯნებს წყალტუბოშივე ტოვებდნენ და უკან ისე ბრუნდებოდნენ.
თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქი ყოველწლიურად იცლებოდა - ადგილობრივების ნაწილი ემიგრაციაშია, სამუშაოდ წასული, სანატორიუმების დიდი ნაწილი დაინგრა და იქაურობა ეგზოტიკის მაძებარი მოგზაურებისთვის საინტერესო ადგილად უფრო იქცა. ბალახში გახვეულ ნანგრევებს ზოგი პოსტაპოკალიპტურ სამყაროსაც ადარებს.
აფხაზეთის ომის შემდეგ სანატორიუმებში აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ბოლო წლებში ცალკე საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, მათი მცირე ნაწილი დღემდე რჩება ნახევრად დანგრეულ შენობებში.
წყალტუბოს მერიაში ვერ დააზუსტეს, რამდენი დევნილი განსახლდა, რამდენი მათგანი დგას ისევ ბინის რიგში, რამდენი ადამიანია დარჩენილი სანატორიუმებში. არ გვაქვს ზუსტი პასუხი არც იმაზე, თუ რამდენი ოჯახი შესახლდა ახალ, საგანგებოდ დევნილებისათვის აშენებულ კორპუსებში, რომლებიც წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზეა ჩამწკრივებული.
იქ მისულებს ადგილობრივებმა მხოლოდ ის გვითხრეს, რომ რვა კორპუსი აშენდა, თითოში 70 ბინაა და ყველა განაწილებულია, თუმცა ჯერ ყველა დევნილი იქ არ ცხოვრობს. ზოგი ბინას ამ დრომდე არემონტებსო.
წყალტუბოელები მიკროფონის და კამერის წინ ღიად საუბარს ერიდებიან. მათი ქალაქის აღორძინების გეგმასა და მოლოდინებზე ლაპარაკისგან დაახლოებით ოცმა ადგილობრივმა შეიკავა თავი. პირად საუბრებში ფრთხილად სვამენ კრიტიკულ კითხვებს - მათ შორის იმას, თუ ვის უშენებენ ამდენ სანატორიუმს დაცლილ ქალაქში, ან ვინ დასაქმდება, როცა ყველა წასულია, რამდენად გაიყიდება ნახევრად დანგრეული შენობები ან გაიყიდება თუ არა, როცა აქამდე არავინ დაინტერესდა.
ცარიელ ქალაქში წყალტუბოელები პირველივე წინადადებიდან თავიანთ გადაუჭრელ სოციალურ პრობლემებზე იწყებენ ლაპარაკს და ამბობენ, რომ ხალხს არასოდეს არავინ უსმენს. ამიტომ მათ წყალტუბოს გაცოცხლების და მისი დიდების დაბრუნების პერსპექტივის უბრალოდ არ სჯერათ.
ვინც კამერასთან საუბარს არ მოერიდა, მათი უმრავლესობა ღარიბაშვილის იმედებს იზიარებს და ამბობს, რომ რატომაც არა - წყალტუბო ისევ შეიძლება გახდეს მსოფლიოსთვის მიმზიდველი კურორტი. ასე ფიქრობს, მაგალითად, წყალტუბოელი ნათელა ბუხაიძე, რომელიც სამკერვალოში მუშაობს:
„უჭირს ხალხს, ბევრი საზღვარგარეთაა გასული, რომ ლუკმა-პური იშოვოს, მაგრამ ამასწინათ ქალაქის მერმა ჩამოგვიარა და გვითხრა, გვინდა აღმასვლა მივცეთ ჩვენს წყალტუბოსო. ახლა პრემიერიც მისცემს თავის წინსვლას და ყველანი ერთად გავაკეთებთ ყველაფერს. მე ასე მწამს. ისეთი დამაჯერებელი სიტყვებით ილაპარაკა, როგორ შეიძლება უარყოფა მივცეთ ამ ლაპარაკს?“
მურთაზ გოგსაძემაც შეიტყო თავის ქალაქში პრემიერის ჩასვლის ამბავი და რომ მას „თანამდებობის პირები ჰყავდა ჩამოყვანილი“:
„როგორ იქნება და რა იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ კარგია, თუ სანატორიუმები გაიყიდება. თუ ეს მოხდა, მოგვიტანს ალბათ სამუშაო ადგილებს, დამსვენებლების სიმრავლეს და ოჯახებს ცოტ-ცოტა შემოსავალს“.
კობიძე მზიაც ამბობს, რომ „რაღაცა იქნება“, მაგრამ რა, ჯერ კარგად ვერ წარმოუდგენია.
„ამწუთში არაფერი პერსპექტივა არ არის აქ. ეძებ და ვერ შოულობ სამუშაოს, ზოგი ასაკის გამო გიწუნებს და ზოგი რის და იქნება, ახალგაზრდებს მაინც გაუჩნდეთ რამე საარსებო წყარო?“...
რა ხდებოდა აქამდე?
წყალტუბოს „მასშტაბური აღორძინების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა“ ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში წარუდგინა საზოგადოებას მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ერთ თვე იყო გასული პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წერილის გავრცელებიდან. ივანიშვილი წყალტუბოელებს ჰპირდებოდა, რომ ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიურ აბანოს გამოისყიდდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება“, - წერდა მაშინ ივანიშვილი. რამდენიმე დღეში მან დააზუსტა, რომ „სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდებოდა“.
„საბჭოთა“ წყალტუბო ახალი გენგეგმით
წყალტუბო 1923 წელს გადაეცა საქართველოს მაშინდელ საკურორტო სამმართველოს და სამკურნალო წყლის შესწავლა, აბანოების რეკონსტრუქცია, ახლის აშენებაც დაიწყო. სწორედ მაშინ გაკეთდა ქუთაისი-წყალტუბოს გზაც. კურორტის განვითარების ტემპი 1930-იანი წლებიდან დაჩქარდა და 1932 წელს წყალტუბოს პერსპექტიული გეგმაც შედგა.
1941 წელს კი, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის ხელმძღვანელობით, დაგეგმარების დეტალური გეგმა შეიქმნა. ეს გეგმა მოგვიანებით ისევ შეიცვალა და გენერალური გეგმის ახალი პროექტი 1951-1961 წლებისთვის ახალ ავტორებს - იოსებ ზაალიშვილსა და ვალერიან კედიას დაევალათ. 1953 წელს ეს პროექტი დამტკიცდა კიდეც.
კურორტი მაშინ რამდენიმე ზონად დაჰყვეს: ბალნეოლოგიურ ზონად, ეს იყო ადგილი სააბაზანოებისა და ცენტრალური პარკისთვის, სანატორიულ ზონად - სანატორიუმებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის, სამოსახლო ზონად, რომელიც მოიცავდა მცირე პარკსა და ქალაქის ტერიტორიას კურორტზე დასაქმებულთა საცხოვრებელი რაიონით და ტყე-პარკებისთვის გამოყოფილ ზონად.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ჰყვება, რომ იგეგმებოდა საავადმყოფოების, საკურორტო პოლიკლინიკის, ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის, აფთიაქების, სასწრაფო დახმარების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების აგებაც. წყალტუბოში სანატორიუმების მშენებლობა 1920-იანი წლებიდან იწყება და გრძელდება თითქმის საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 22 სანატორიუმი და 9 სააბაზანო აიგო.
კურორტის დაარსებიდან თითქმის ასი წლის მერე კი წყალტუბომ კიდევ ერთი ახალი გენგემით უნდა დაიწყოს ხელახალი სიცოცხლე. აუქციონის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 2019 წელს ქართველი ბიზნესმენები აცხადებდბენ, რომ წყალტუბოს პროექტი საკმაოდ მაღალრისკიანი იყო და ამაზე ისიც მეტყველებდა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, წყალტუბოში მსხვილი ინვესტიციების დაბანდება ვერცერთმა ბიზნესმენმა ვერ გაბედა.