საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება და როგორც ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი იმედები კვლავ ე.წ. "გადაუწყვეტელ" ამომრჩევლებზე მყარდება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ არჩევნების საბოლოო შედეგს დიდწილად სწორედ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მოქმედება და საარჩევნო ურნებთან მისული ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს. ვინ არიან ე.წ. „გადაუწყვეტლები"? როდის მიდის ბევრი ხალხი არჩევნებზე? რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას "გადაუწყვეტლების" პოზიციაზე?
ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა და ხელისუფლება შეიცვალა კიდეც.
ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - 60.8%;
- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - 46.6%;
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - 48.9%;
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - პირველი ტური - 46.74%; მეორე ტური - 56.23%
პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად იხსენებენ, რომ 2012 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ე.წ.-მა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა. ამ სეგმენტის მაჩვენებლები 8 წლის წინ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 40%-დან 60%-მდე მერყეობდა. ანალიტიკოსთა აზრით, ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ბრაზმა, რომელიც ხალხში ე.წ „ციხის კადრების“ გავრცელებით გაჩნდა.
ვინ ითვლება გადაუწყვეტელ ამომრჩევლად?
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გვიხსნის, რომ სოციოლოგიური საზომით, გადაუწყვეტელ ამომრჩევლად უნდა ჩაითვალოს ამომრჩეველი, რომელიც არ გამორიცხავს არჩევნებზე წასვლას, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას. თუმცა ხშირად, პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართული მხარეები „გადაუწყვეტლებში“ თვლიან მათაც, ვინც გამოკითხვისას უარი თქვა თავისი პოზიციის გამჟღავნებაზე.
"შეიძლება რესპონდენტებს რეალურად არ ჰქონდეთ გადაწყვეტილი და მართლაც არ იცოდნენ - რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემენ ხმას, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ საკუთარ პოზიციას მალავდნენ.
გამოკითხვისას, ასეთები შესაძლოა განაწილდნენ ჯგუფში - "უარი პასუხზე“ და სწორედ ამიტომ აერთიანებენ ხოლმე ამ ორ კატეგორიას, მაგრამ ეს არ არის სწორი.
მკაცრი აზრით, ჯგუფში - „უარი პასუხზე“ ერთიანდებიან ის რესპონდენტები, რომლებმაც იციან, ვის აძლევენ ხმას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით არ გიმხელენ ამას. ისინი, როგორც წესი, არ არიან გადაუწყვეტლები“ - ეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ რა გავლენას ახდენს ამომრჩეველთა აქტივობა არჩევნების შედეგზე - ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთანკვლევების მიხედვით
ბოლო თვეებში ჩატარებულ კვლევებში ე.წ. „გადაუწყვეტელთა“ და უარის მთქმელთა მაჩვენებლები 20-დან 65%-მდე მერყეობს.
- Edison Research-ის ოქტომბრის კვლევა: გადაუწყვეტელი და პასუხზე უარის მთქმელი გამოკითხულები: ოქტომბრის კვლევით - 24%; ივლისის კვლევით - 20%, ხოლო მარტის კვლევით - 28%;
- IPSOS-ის ოქტომბრის კვლევა: არ ვიცი / უარი პასუხზე – 34%; სექტემბრის კვლევა: 33% - გადაუწყვეტელი (19%), უარი პასუხზე (14%);
- IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) სექტემბრის კვლევით: 26% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს, ჯერ არ გადაუწყვეტია ანდა უარს ამბობს პასუხზე;
- NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) სექტემბრის კვლევით: 64% - რესპონდენტები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ (59%) ან უარს ამბობენ პასუხზე (5%);
- „Survation“-ის აგვისტოს კვლევით: 42.8% - ჯერ არ გადაუწყვეტიათ ანდა უარს ამბობენ პასუხზე.
იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, როდესაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მოხიბვლა-მიმხრობაზეა ლაპარაკი, ამისთვის ყველაზე რეალურ სეგმენტს ის ამომრჩეველი წარმოადგენენ - ვინც რეალურად გადაუწყვეტელია და არ იცის, ვის აძლევს ხმას.
ამასთან, სოციოლოგის თქმით, მიიჩნევა, რომ „როგორც „არ ვიცის“ მთქმელთა, ასევე უარის მთქმელთა ჯგუფში დიდწილად ოპოზიციური განწყობა ჭარბობს, თუმცა - ზუსტად ამის თქმა არავის შეუძლია“.
ასევე ნახეთ რას ცვლის საერთაშორისო მეთვალყურეების სიმცირეასეთი მოცემულობა, კაჭკაჭიშვილის თქმით, თავისთავად არც იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ ამ კატეგორიის ამომრჩევლები აუცილებლად მივლენ არჩევნებზე. პარალელურად, ყოველთვის არსებობს ამომრჩეველთა რამდენიმე ათეული პროცენტი, რომელიც არ დადის არჩევნებზე - „ასეთები ნიჰილისტურად არიან განწყობილი და მათ ნაწილს - განსაკუთრებული მოტივაცია სჭირდებათ არჩევნებზე მისასვლელად“.
ამომრჩეველთა აქტიურობა და არჩევნების შედეგი
ოპოზიციური პარტიები თავიანთი გამარჯვების ფორმულას ამომრჩეველთა მაქსიმალურ აქტივობაში ხედავენ - 55% და ზევით. სოციოლოგიაში ასეთ დასაბუთებულ ზღვარს არ იცნობენ. თუმცა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს წლების განმავლობაში ასეთი დაკვირვება აქვთ:
- სახელისუფლებო პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით იოლად ახერხებს საკუთარი მომხრეების მობილიზებას;
- კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კი იმის აუცილებელი პირობაა, რომ ეს ბერკეტი ხელისუფლებამ ეფექტიანად ვერ გამოიყენოს და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე, მისი პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი არ გამოვიდეს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტია დიდი უპირატესობით, დაახლოებით 60%-ით გამარჯვებას და არ დასჭირდება კოალიციური მთავრობის შექმნა.
ასევე ნახეთ როგორ იწონებს “ქართული ოცნება” თავს ივანიშვილისა და სახელმწიფოს ფულით შექმნილი პროექტებითასევე გამარჯვებისთვის ემზადება ოპოზიციაც. 1%-იანი ბარიერის პირობებში ერთმანეთის კონკურენტი ოპოზიციური ძალები ახალ პარლამენტში მტკიცე კოალიციის შექმნის პირობას დებენ.
რა ზემოქმედებს "გადაუწყვეტელ" ამომრჩეველზე
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ამომრჩეველი ძალიან ემოციურია და მან გადაწყვეტილება ერთ წუთშიც შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ამისათვის მას მნიშვნელოვანი ბიძგი ესაჭიროება.
ანალიტიკოსები ჯერჯერობით ვერ ხედავენ ისეთ მოვლენებს, რომლებსაც შესაძლოა. „ციხის კადრებთან“ მიმსგავსებული, ძირეული ზეგავლენა მოეხდინათ ამომრჩეველთა ნიჰილისტურად განწყობილ ანდა გადაუწყვეტელ ნაწილზე.
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე გვეუბნება, რომ:
- ასეთად ვერ ჩავთვლით ე.წ. "კარტოგრაფების საქმეს" - „ასეთ ეფექტზე თუ იყო გათვლილი ხელისუფლების მხრიდან, ფაქტია, რომ ამ მხრივ ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ ჩავარდა, რადგან საზოგადოებაში გაჩენილი უამრავი შეკითხვის გამო, ამ პროცესმა სათანადო ეფექტი ვერ მოახდინა".
- რაც შეეხება მაგალითად, მძევლების აყვანას ზუგდიდში, ბანკის შენობაში, ლაგაზიძის თქმით, „დამნაშავის ასე გაქცევა და ვერდაჭერა ამომრჩევლების ერთ ნაწილში აუცილებლად გააჩენდა სახელმწიფოს უსუსურობისა და პირადი დაუცველობის განცდას“.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არჩევნებისთვის Deepfake-ს ამზადებს
მანამდე მოელოდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, ხათუნა ლაგაზიძე აღარ მოელის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ფარული ჩანაწერები გამოჩნდება - „კობახიძემ დააანონსა - ოპოზიცია გაყალბებული ვიდეოების გავრცელებას აპირებსო და ამით პრაქტიკულად გზა მოუჭრა „ქართულ ოცნებასაც“, რომ სკანდალური ვიდეოები გამოაქვეყნოს“.
რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ გართულებულ მდგომარეობას, ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას აზრით, ეს გარემოება ჯერჯერობით ბევრს არაფერს ცვლის ამომრჩევლებზე ზეგავლენის თვალსაზრისით. ის ფიქრობს, რომ სისტემის მართვის სისუსტეებსაც ჯერჯერობით მხოლოდ ის ადამიანები გრძნობენ, ვისაც ამ დრომდე ეს პირადად შეეხოთ. კაკაჩიასთვის სიტუაცია ასევე გმოიყურება კრიმინალური სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებითაც.
როგორც კორნელი კაკაჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას:
- „ხელისუფლება ძველებურად უკვე ვეღარ იწონებს თავს პანდემიის მართვით. კრიტიკული ზღვრისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა არჩევნებზე გადაწყვეტილების მისაღებად, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები თუ მეგობრები საჭირო დახმარებას ვერ იღებენ და ექიმსაც ვერ იძახებენ... თან როცა იცი, რომ მთავრობას დიდი დრო ჰქონდა მოსამზადებლად და ეს ვერ გააკეთა“;
- „კრიმინალური სიტუაციაც აშკარად გაუარესებულია რეგიონებში განსაკუთრებით, მაგრამ ხელისუფლება ამას ოპოზიციის გამოგონილ ამბად თვლის. ამ დროს, ბიზნესებსაც მიადგნენ დამნაშავეები... მაგალითად, ზუგდიდში აშკარაა ე.წ. „ძველი ბიჭების“ გააქტიურება. ჩანს, რომ პოლიციაც უმოქმედია, სამწუხაროდ“.
ასევე ნახეთ ბრალდებები "ოცნებიდან" - როდის იკრძალება პარტია
არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გართულებული რისკები ზეგავლენას მოახდენს ამომრჩეველთა აქტივობაზე და მით უფრო - გადაუწყვეტელი და პოლიტიკური პროცესების მიმართ გულგრილი ამომრჩევლის შემთხვევაში.
თუმცა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე მაინც იმედოვნებს, რომ ამ არჩევნებზე უფრო მეტი ისეთი ამომრჩეველი გამოჩნდება, „ვინც ამ მნიშვნელოვან არჩევნებზე მივა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად“.
ზოგადად, ამომრჩევლების აქტივობა ყოველთვის უფრო მაღალია საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების ცვლილების რეალური ბერკეტები ჩნდება.
ასევე ნახეთ სამი დღე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ოქტომბერსნიჰილისტურად განწყობილი თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საარჩევნო ურნებთან მისაყვანად, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პოლიტიკურ ძალებს მეტი დრო და ყურადღება უნდა დაეთმოთ ახალი საარჩევნო სისტემის განმარტებისთვის:
„საჭირო იყო ამომრჩევლებისთვის იმის უკეთესად განმარტება, რომ ახალი საარჩევნო სისტემა შესაძლებლობას იძლევა, არ დაიკარგოს არცერთი მათგანის ხმა და სამართლიანად აისახოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე... ამის ახსნა ოპოზიციამ მხოლოდ ბოლო კვირებში დაიწყო“.
როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, იაგო კაჭკაჭიშვილი მთავარ მიღწევად ჩათვლის იმას, რომ, ახალი საარჩევნო სისტემით, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს - მისთვის კომფორტული და ხელსაყრელი უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში.