პარლამენტი, რომელსაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, დაჩქარებულად ცვლის კანონს, რათა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დაცვის გარეშე დატოვოს.
მე-6 პრეზიდენტს 14 დეკემბერს არა ხალხი, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესის ლეგიტიმურობასაც ეჭვქვეშ აყენებს.
„ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება. მე თქვენთან ვარ და ვიქნები“, - თქვა პრეზიდენტმა 30 ნოემბერს.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.
რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს?
10 დეკემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფეისბუკზე საახალწლო დეკორაციის - მატარებლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ … აბა ვინ წავა, ვნახოთ!“
„ქართული ოცნების“ მომხრე ფეისბუკანგარიშებმა პრეზიდენტის ეს პოსტი სასახლიდან გასვლაზე უარის თქმად აღიქვეს. „არ წახვალ და გამოგათრევთ“, „წესით ვირზე უკუღმა უნდა გსვამდეთ“, - შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით.
მათ უკვე კარგა ხანია თავსატეხად ექცათ პრეზიდენტის გეგმები, ზუსტად ვერ გაიგეს - გამოვა თუ არა სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი, „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის ინაუგურაციის შემდეგ.
„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს პრეზიდენტს „გამოასახლებენ“ ორბელიანის მოედანზე მდებარე პრეზიდენტის სასახლიდან. რას გააკეთებს იგი?“ - ეს შეკითხვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს La Stampa-მ დაუსვა, 3 დეკემბერს ჩაწერილ ინტერვიუში. პრეზიდენტი პასუხობს, რომ ვერ ხვდება, „რატომ არის პრემიერ-მინისტრი ასე გატაცებული სასახლით“.
„მე არ ვარ მიჯაჭვული ადგილს, არამედ პრინციპს, კერძოდ, პრინციპს, რომ წარმოვადგენ ხალხის ხმას, რადგან მე ამ ხალხმა ამირჩია. მე ვრჩები ქართველი ხალხის და ამ პრინციპის ერთგული და არ მაინტერესებს სასახლეები“, - ამბობს ამ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი.
1 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს „29 დეკემბრიდან მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს“. სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციიდან გამოსახლებას ელოდებიან „ოცნების“ მოკავშირეები და მხარდამჭერები. „თუ არ გამოვა, გამოვათრიოთ“, - იმუქრებიან.
ნოემბრის მიწურულს, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი მუშაობას დაიწყებდა, „მთავარ არხთან“ [გიორგი გაბუნიასთან] ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ - აპირებს საქართველოს ეროვნული გმირების პორტრეტები არ ჩამოხსნას ათონელის რეზიდენციის კედლებიდან და დაახვედროს მას, ვინც ამ სასახლეში შევა.
„ასევე ჩემს კაბინეტში არის რამდენიმე პორტრეტი, რომელიც ასევე - მათი მზერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანზე, რომელიც აქ დაჯდება“, - ამბობს პრეზიდენტი.
ამ ინტერვიუს დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ „ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილ ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს დაასახელებდა. უკვე 30 ნოემბერს, France 24-თან ინტერვიუში, ზურაბიშვილმა ყაველაშვილს „განათლების არმქონე“ და „ოცნების“ მიერ შექმნილი „რეალური პრორუსული პარტიის წარმომადგენელი“ უწოდა. „ის იყო რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, ასე რომ, ძალიან ნათელია რა ხდება“, - დასძინა მან.
ასევე ნახეთ "ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა!" - სალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა მთელ ქვეყანაში - ამას სალომე ზურაბიშვილი ხშირად იმეორებს, მათ შორის უცხოელ ჟურნალისტებთანაც - რომლებსაც ბოლო კვირებში რამდენიმე ათეული ინტერვიუ მისცა.
ამ ინტერვიუებიდან ირკვევა ისიც, რომ პრეზიდენტი არ აპირებს ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრის ჩამოყალიბებას.
„ეს არ ნიშნავს ალტერნატიულ ძალაუფლებას, რადგან მე არ მაქვს ძალაუფლება. მე ვრჩები კონსტიტუციის ჩარჩოში... უნდა იყოს ვინმე, ვინც წარმოადგენს იმ ხალხის ხმას - რომელსაც სურს თავისი ევროპული მომავლის შენარჩუნება. ვაპირებ, რომ გავაგრძელო ამის გაკეთება და ვიყო კონტაქტში ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და მედიასთან“, - უთხრა პრეზიდენტმა „ბლუმბერგს“, 5 დეკემბერს.
6 დეკემბერს კი, „ლე მონდთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად მისი დარჩენა ქვეყნის სტაბილურობას კი არ შეასუსტებს, არამედ გააძლიერებს, რადგან არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლად და მხოლოდ მას შეუძლია - დაელაპარაკოს საერთაშორისო პარტნიორებს.
სალომე ზურაბიშვილმა უკვე ბევრჯერ გაიმეორა, რომ არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების გზით შემდგარ ერთპარტიულ პარლამენტს, არც მთავრობასა და არც მომავალ პრეზიდენტს, რომლის არჩევასაც „ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს გეგმავს.
მან ასევე ღიად თქვა, რომ იქნება „პოლიტიკური პროცესის სათავეში“ და დარჩება პრეზიდენტად, ვიდრე არ მიაღწევს არჩევნების ხელახლა ჩატარების მიზანს. მაგრამ ჯერ უცნობია, სად დაიდებს ბინას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის კერა.
საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას პრეზიდენტი ახლაც უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს. მრავალი სატელეფონო ზარი და შეხვედრები - სალომე ზურაბიშვილის ყოველდღიურობაა.
„ამის მერე ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნების მეთაურები, ვერავინ ვერ იტყვის მერე, რომ - არ ვიცოდი. ყველამ ყველაფერი იცის. ეს იყო ჩემი მოვალეობა“, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა 10 დეკემბერს ჟურნალისტებს - ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
რამდენიმე დღის წინ, მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან, ბევრი შოკში ჩააგდო სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს ხილვამ, რასაც მოჰყვა ზურაბიშვილის კომენტარი, რომ პრეზიდენტ ტრამპთან, ისევე როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, „სიღრმისეული განხილვა“ ჰქონდა - „მოპარულ არჩევნებზე“ და „უკიდურესად საგანგაშო რეპრესიებზე“ და, რომ „ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს“.
ირაკლი კობახიძემ მალევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი უკვე „ვერ მოუსწრებს“.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ოპტიმიზმით ელოდება ტრამპის ინაუგურაციას, რომელსაც "ვერ მოუსწრებს" სალომე ზურაბიშვილი
პარიზში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ღვთისმშობლის ტაძრის [Notre Dame de Paris] გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა. ამავე ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეული დონალდ ტრამპი და მსოფლიოს სხვა ლიდერებიც. საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შეხვდა ასევე - იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, დონალდ ტრამპთან დაახლოებულ ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვებს.
დასავლელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პარიზიდან თბილისისკენ მომავალმა, სალომე ზურაბიშვილმა, თვითმფრინავში, ეკონომკლასის მომსახურებით ისარგებლა და მგზავრებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. თვითმხილველების მონაყოლით, ხალხი მას ტაშს უკრავდა და მადლობას უხდიდა.
პრეზიდენტი დაცვის გარეშე რჩება
„ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის კანონს, რათა სალომე ზურაბიშვილი, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფომ აღარ დაიცვას, რაც მოქმედი კანონით, ექსპრეზიდენტს ერთი წლის განმავლობაში ეკუთვნის.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, დაცვა მოეხსნება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაარღვევს კონსტიტუციას, ამ ფაქტს საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, მაგრამ მისი თანამდებობიდან გადაყენება მაინც ვერ მოხერხდება.
კანონპროექტში სალომე ზურაბიშვილი, ცხადია, არ არის ნახსენები, მაგრამ განმარტებით ბარათში პრაქტიკულად მისი ისტორიაა მოთხრობილი. 2023 წელს, „ქართულმა ოცნებამ“, უნებართვო ვიზიტების საკითხზე მას საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოუგო, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე ვერ მიიყვანა [100 მანდატის არარსებობის გამო].
„კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე… დაიზოგება პერსონალური დაცვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი“, - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორებად და ინიციატორებად მითითებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ანდრო გოცირიძე დაცვის სერვისის მოხსნას პირველ რიგში „პოლიტიკურ ზეწოლად“ თვლის - ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტზე და იმ მიზნით, რომ მომდევნო პრეზიდენტებმა ვეღარც გაბედონ „პატრონისგან განსხვავებულად“ ფიქრი და მოქმედება. თუმცა აქვეა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ასპექტიც.
„საქმე ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად შეკვეცილი უფლებამოსილებისა, არის უამრავი ინფორმაციის მატარებელი, მათ შორის - საიდუმლო და სრულიად საიდუმლო ინფორმაციის მატარებელი და მას უწევს უამრავი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ. სწორედ ამიტომ აქვს [დემოკრატიულ ქვეყნებში] პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა სახის დაცვა და არა იმიტომ, რომ კონტროლირებადი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური რეჟიმის მხრიდან“, - ეუბნება ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას.
სალომე ზურაბიშვილი კრემლის განსაკუთრებული სამიზნეა და „ქართული ოცნებისა“ და მისი მომხრეების მსგავსად, მოსკოვშიც დღეებს ითვლიან - სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოყვანამდე. კრემლი მას დასავლეთის აგენტს ეძახის, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები. კრემლის გარდა, სალომე ზურაბიშვილს ისინიც ემუქრებიან და სოციალურ ქსელებში არცთუ იშვიათად, მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარაც ისმის.
„უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი გააპროტესტოს მისი [სალომე ზურაბიშვილის - რ.თ.] ეს პოლიტიკური ვნება დარჩეს იმ სკამზე, და იმედი მაქვს, რომ თავისი სამარცხვინო საქმიანობის ბოლოში, იმ სურათს არ დადებს, რომ ასი ათასი და უამრავი ადამიანი მივიდეს იქ [სასახლესთან - რ.თ.] და მოითხოვოს მისი ძალით გამოყვანა“, - უთხრა ნინო წილოსანმა „იმედის“ წამყვანს, 10 დეკემბერს.
ასევე ნახეთ „გამოათრიეთ ძალით“ - კრემლის პროპაგანდისტები პრეზიდენტის დაპატიმრებას ელიან
ასეთ პირობებში, „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს დაუცველად ტოვებს.
საფრთხეების გათვალისწინებით, „ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებში ბევრი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი საქართველოდან წავა, მაგრამ თავად პრეზიდენტის სიტყვებში ასეთი პერსპექტივა არ იკვეთება.
ანდრო გოცირიძე თითქმის გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეიარაღებული დაცვა რომელიმე დასავლურმა სახელმწიფომ უზრუნველყოს, რადგან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. თუმცა, მისი თქმით, მეხუთე პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს კერძო დაცვის სამსახურების მომსახურებით.
გოცირიძე ასევე შენიშნავს, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის, ინფორმაციული სისტემების დაცვა, რაც გარე ჩარევის საფრთხეს მოიცავს. ეს ასპექტი მნიშვნელოვანი იქნება სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც - როცა სამომავლოდაც საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციას განიხილავს.
დაცვის მოხსნის საკითხზე სალომე ზურაბიშვილს ყურადღება არ გაუმახვილებია 10 დეკემბერს, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას. თუმცა მან „ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება“ უწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ასევე 10 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 14 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ხელშესაშლელად „2-3 ადამიანის მსხვერპლს“ გამოიყენებენ.
ასევე ნახეთ "ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება" - პრეზიდენტი სუსის განცხადებაზემეხუთე პრეზიდენტისთვის დაცვის შესაძლებლობის მოხსნა სულაც არ უკვირს თენგიზ ფხალაძეს - მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. 2020 წლის მარტში, პერსონალური დაცვის გარეშე დარჩა იმხანად უკვე ექსპრეზიდენტი მარგველაშვილიც.
„ჩვენთან არ არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაფასება და ეს რაღაც ტრადიციასავით დამკვიდრდა საქართველოში. პრეზიდენტებს არა მხოლოდ დაცვას უხსნიან, არამედ მათ არც პენსია ეკუთვნით, რაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ. რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია, მაგრამ ასეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე და ამატებს, რომ „საქართველოში ურჩ პრეზიდენტებს სჯიან“.
2019 წელს შევიდა ცვლილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში. როცა გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა - „ქართულ ოცნებას“ მასთან ურთიერთობა პრაქტიკულად აღარ ჰქონდა. ისევე, როგორც ახლა, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.
1 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილს BBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ხომ არ ფიქრობს, რომ დაპატიმრება ელის, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:
„მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და ის კიდევ უფრო მოექცევა იზოლაციაში. იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, რომ ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე“.
ორი კვირაა, რაც თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ამ აქციებს პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის აუცილებელ ნაწილად განიხილავს.
მძლავრი პროტესტის ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.