ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა - რა შემთხვევაში შეიძლება შეფერხდეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა

ცესკომ არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, სხდომის დანიშვნის უკიდურესი ვადა 26 ნოემბერს უწევს.

არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ, 10 დღის ფარგლებში, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაინიშნოს, სადაც პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობენ. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ლაპარაკობს კანონით განსაზღვრულ მექანიზმზე, რომელსაც ამ პროცესის რამდენიმე კვირით შეფერხება შეუძლია.

ამისთვის, ,კონკრეტულმა მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ. ვინ არიან ისინი და რა შეიძლება გასაჩივრდეს?

ამ შესაძლებლობისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება.

საქართველოს კონსტიტუციით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაინიშნოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.

ცესკომ არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, სხდომის დანიშვნის უკიდურესი ვადა 26 ნოემბერს უწევს. პირველ სხდომაზე ხდება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, სულ ცოტა - 100 დეპუტატის უფლებამოსილებების ცნობის გზით.

რატომ ვერ დაიწყებს პარლამენტი მუშაობას?

ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ თუკი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს - საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იქნება ახალი დეპუტატების არჩევის კანონიერება [მოთხოვნილია არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმება], პირველ სხდომაზე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელი იქნება და ეს 150-ვე დეპუტატს შეეხება:

  • პარლამენტი ვერ ცნობს სასამართლოში გასაჩივრებული [სადეპუტატო] მანდატების უფლებამოსილებას;
  • პარლამენტარების უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რისთვისაც ერთთვიანი პერიოდია განსაზღვრული.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, [დადგენილებით დასამტკიცებელ] ერთიან სიაში ვერ შეიტანენ იმ დეპუტატების გვარებს, რომელთა "პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში”. ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ამ ლოგიკით, ვერცერთ დეპუტატს ვერ შეიყვანენ ერთიან სიაში და ვერც მათ უფლებამოსილებას ცნობენ.

თუ პირველ სხდომაზე, სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ვერ ცნობენ, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევენ მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რაოდენობის შევსება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე, 10 დღის განმავლობაში, როდესაც სიის შევსება იქნება შესაძლებელი.

ვინ შეიძლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს?

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის თანახმად:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებელია მიმართოს: 30-მა დეპუტატმა, პრეზიდენტმა ან სახალხო დამცველმა.
  • საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა აუცილებელია - ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 3 დღეში [19 ნოემბრამდე].

რა შეიძლება გასაჩივრდეს?

ვახუშტი მენაბდის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია გასაჩივრდეს ხმის ფარულობასთან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ კი, კანონის ის ნორმები, რომლებზე მითითებითაც საერთო სასამართლოებში არ დააკმაყოფილეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები - {ელექტრონულ უბნებზე] ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

“ხმის მიცემის დროს იდენტიფიცირებადი იყო, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც - თუ ვის არ აძლევდა ხმას კონკრეტული ამომრჩეველი [ანუ მმართველ გუნდს რომ არ აძლევდა ხმას]. ეს ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ხმის ფარულობის პრინციპის განხორციელება. საერთო სასამართლოებში მიუთითეს საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებზე და მოსარჩელეს შეუძლია თქვას, რომ ეს ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და მისი 5 კომპონენტიდან სულ ცოტა 2-ს (ფარულობას და ნების თავისუფალ გამოვლენას)”, - აღნიშნავს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდე ასევე განმარტავს, რომ ის ნორმები, რასაც დაეყრდნო სასამართლო, ამავდროულად არის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, უფრო კონკრეტულად კი - ელექტრონული ხმის მიცემისა და მისი ფარულობის უზრუნველმყოფი ნორმები.

ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას, მანიპულაციებსა და ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას. ცესკოს პოზიციაა, რომ - კონვერტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ვერავინ დაინახავდა მარკერის ლაქის კვალს ბიულეტენის მეორე მხარეს.

  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის [OSCE/ODHIR] სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში ლაპარაკია ხმის ფარულობის დარღვევაზე „დაკვირვების 24 პროცენტში”;
  • გარემოებებად დასახელებულია: ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურება ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარება.

ვახუშტი მენაბდეს იმედი არა აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურად მიუდგება ხმის ფარულობასთან დაკავშირებული საქმის განხილვას და ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგს, რისი რეალური შესაძლებლობაც მას აქვს; ამიტომ მის მიერ ახსნილ მექანიზმს მენაბდე განიხილავს რამდენიმე კვირის მოგების შესაძლებლობად, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობაზე მენაბდემ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელშიც დაწერა, თუმცა როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ საკითხს არ გამოხმაურებიან პირები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა აქვთ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ მსჯელობენ ოპოზიციაში.

შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება

ოპოზიცია ასევე განიხილავს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საკითხს. ასეთი განზრახვა “ძლიერ საქართველოშიც” დაგვიდასტურეს. თუმცა სასამართლოს გზით მიზნის მიღწევის იმედი არავის აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელების უდიდესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების პროცედურები იმ 10-დღიან ვადას არ გადააჭარბებს, რაც პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნამდე დარჩა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად: მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი:

  • „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერი საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.