„ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა - სხდომაზე დაბრუნებულს ჰალსტუხი აღარ ეკეთა. შესვენებისას საჭირო გახდა ცესკოს სხდომის დარბაზის გაწმენდა.
სხდომაზე დაბრუნებულმა კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეები ბულინგითა და პირად სივრცეში შეჭრით ცდილობენ რეალობის გადაფარვას და, რომ “არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული”.
“სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება”, - მიმართა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ვიდრე მას შავ სითხეს შეასხამდა.
კალანდარიშვილმა კირთაძეს სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კირთაძემ კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა. კირთაძე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირდაპირი ეთერი შეწყდა.
ცესკოს სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, რომ არ მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება, რადგან არჩევნებს ისინი გაყალბებულად თვლიან.
აქციაზე შეკრების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა გამოაცხადეს.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.
ფორუმი