ამ ფონზე დასავლეთსა და უკრაინაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ომში მყოფი ქვეყანა ასევე ოპერატიულად მიიღებს სხვა თანამედროვე საბრძოლო შეიარაღებას და ტექნიკას, რომელსაც კიევს „დიდი შვიდიანის“ ქვეყნები დაჰპირდნენ ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის დროს.
ასევე ნახეთ აშშ ადასტურებს, რომ უკრაინას უკვე გადასცა კასეტური საბრძოლო მასალები„G-7-ის ქვეყნები უკრაინას პრინციპში დაჰპირდნენ ყველანაირი შეიარაღების მიწოდებას, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა, რადიო თავისუფლებას
ნატოს მოკავშირეებმა შეათანხმეს უკრაინის არმიისათვის ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარის დახმარების პროგრამა. ე.წ. საავიაციო კოალიცია, რომელშიც ალიანსის 11 ქვეყანა შედის, უკრაინელ პილოტებს F-16-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების მართვისთვის გაწვრთნას დაუფინანსებს. მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ უკრაინას თანამედროვე თვითმფრინავები გადაეცემა.
ბალისტიკური რაკეტები და დემოკრატია
12 ივლისს, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეკრებილი „დიდი შვიდიანის“ (G7) ქვეყნებმა (აქედან იაპონიის გარდა ყველა ნატოს წევრია. რედ.), უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცების გრძელვადიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს.
დოკუმენტის თანახმად, „დიდი შვიდიანის“ ჯგუფი ვალდებულებას იღებს, რომ უზრუნველყოფს კიევს სადაზვერვო ცნობებით, გაწვრთნის მის სამხედროებს და მიაწვდის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე შეიარაღებას, მათ შორის, გრძელ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, რომლებიც, სამხედროების თქმით, რუსეთთან ომში გარდატეხის შეტანას შეძლებენ.
„ეს არის 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი, შორი რადიუსის რაკეტები Storm Shadow, რომლის მიწოდებაც უკვე დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. ამ რაკეტის ანალოგის, დაახლოებით 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების (SS/SCALP-EG) მიწოდება დაიწყო ასევე საფრანგეთმაც და მოსალოდნელია აშშ-ისგან ATACAMS-ის რაკეტების მოწოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს რაკეტებიც 300 კილომეტრ სიშორეზე მოქმედებენ, მაგრამ არ არიან ბალისტიკური. Storm Shadow-ები და SCALP-ები კი ფრთოსან, საავიაციო რაკეტებს წარმოადგენენ. და აი, ეს სამი ტიპის რაკეტები შეცვლიან სიტუაციას ბრძოლის ველზე“, - ამბობს მიხაილო სამუსი.
გარდა ამისა, „დიდი შვიდიანის“ ჯგუფის ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას ხელისუფლების დემოკრატიზაციისკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში, რათა კიევმა შეძლოს უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფების ცხოვრებაში გატარება. რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების შემთხვევაში კი, G7 ვალდებულებას კისრულებს, დაუყოვნებლად დაეხმაროს კიევს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ხოლო შემდგომში ანგარიშის გადახდა რუსეთს მოუწევს.
„ეს ეკონომიური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ომის პირობებში. გასაგებია, რომ ეს ომი ვერ დასრულდება ერთ ან ორ თვეში. შესაძლოა, ეს ომი წელსაც და მომავალ წელსაც გაგრძელდეს, ამიტომ ეკონომიკური დახმარება ძალიან საჭიროა. და კიდევ ერთი მიმართულება [დახმარებისა] არის ის, რომ „დიდი შვიდიანის“ ქვეყნები დაკავდებიან იმით, რომ რუსეთს გადაახდევინონ რეპარაცია და მიაღწევენ ისეთი მექანიზმის შექმნას, რომ ეს რეპარაციები უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდეს“, - ამბობს სამუსი.
მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინასაც.
კიევმა თავის მხრივ ვალდებულება იკისრა, რომ გაატარებს მთელ რიგ რეფორმებს, რათა დაადასტუროს დემოკრატიისადმი ერთგულება, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა. უკრაინა ასევე ვალდებულია, რომ მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს ეკონომიკა და ასევე გააძლიეროს დემოკრატიული კონტროლი არმიაზე.
კასეტური შეიარაღება, F16 ტიპის თვითმფრინავები და გერმანიის დახმარება
უკრაინის არმიის სამხედრო დაჯგუფების, „ტავრიის“ მეთაურმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ ტელეკომპანია CNN-ს 13 ივლისს განუცხადა, რომ აშშ-ისგან კასეტური საბრძოლო მასალები უკვე მიიღეს.
პენტაგონში დაადასტურეს, რომ უკვე უკრაინაშია კასეტური საბრძოლო მასალები, რომელთა გადაცემის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
Reuters-ის თანახმად, უკრაინამ კასეტური შეიარაღების მიწოდება აშშ-ს 2023 წლის მარტში სთხოვა. საუბარი შეეხებოდა 155-მილიმეტრიან საარტილერიო კასეტური ჭურვებისა და საჰაერო ბაზირების MК-20-ის კლასის ბომბების გადაცემას, რომელთა გამოყენებაც, გადაიარაღების შემთხვევაში, შემდგომში შესაძლოა დრონების საშუალებით მოხდეს.
„კასეტური შეიარაღებაც ასევე შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე, ვინაიდან ეს საბრძოლო მასალა უკვე არის უკრაინის არმიის შეიარაღებაში. და ასევე ძალიან ველოდებით თანამედროვე თვითმფრინავების მოწოდებას. გაწვრთნა [უკრაინელი პილოტების] დაიწყება აგვისტოში, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. და, ამგვარად, მომავალი წლის დასაწყისში, პირველი თვითმფინავები უკვე დადგება უკრაინის არმის შეიარაღებაში“, - აცხადებს მიხაილო სამუსი.
კასეტური შეიარაღებით რუსეთის არმიამ უკრაინა ძლიერ დააზიანა. Cluster Munition Monitor-ის ყოველთვიურ მონიტორინგში აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა ასჯერ გამოიყენა საომარი მოქმედებისას კასეტური საბრძოლო მასალა. 2022 წლის თებერვლიდან ივნისის განმავლობაში ამ შეიარაღების გამოყენების შედეგად დაახლოებით 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის 24 რეგიონიდან 10-ში გამოიყენა.
ასევე ნახეთ როგორ აპირებს უკრაინა აშშ-ისგან მიღებული „კასეტური იარაღის“ გამოყენებასვინაიდან კასეტური იარაღი აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), უკრაინისათვის ამ ტიპის იარაღის მიწოდებას მხარი არ დაუჭირა ნატოს რამდენიმე ქვეყანამ - მათ შორის, გერმანიამ, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
ასევე ნახეთ ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებასასეთი რეზონანსის გათვალისწინებით, უკრაინამ განაცხადა, რომ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის და მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების წინააღმდეგ.
გერმანიამ უარი თქვა, უკრაინას მიაწოდოს მის არსენალში არსებული შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები, რომელთა დიაპაზონი 500 კილომეტრს აღწევს. გერმანია შიშობს, უკრაინამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ განახორციელოს.
მაგრამ ბერლინი სხვა მხრივ მნიშვნელოვან, თითქმის 700 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას ჰპირდება უკრაინას.
გერმანიის ახალი დახმარების პაკეტში შევა:
- 25 ტანკი „ლეოპარდი“;
- 40 ჯავშანმანქანა „მარდერი“;
- 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“
- და 20 ათასი საარტილერიო ჭურვი.
ნატოს კიდევ ერთი წევრის, ნორვეგიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდი 240 მილიონი ევროდან, 930 მილიონამდე გაზარდა.