Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ადასტურებს, რომ უკრაინას უკვე გადასცა კასეტური საბრძოლო მასალები


საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა
საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა

პენტაგონში დაადასტურეს, რომ უკვე უკრაინაშია კასეტური საბრძოლო მასალები, რომელთა გადაცემის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. აშშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.

უკრაინის არმიის სამხედრო დაჯგუფების, „ტავრიის“ მეთაურმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ ტელეკომპანია CNN-ს 13 ივლისს განუცხადა, რომ აშშ-ისგან კასეტური საბრძოლო მასალები უკვე მიიღეს.

პენტაგონში, 13 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ოპერაციების სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ დაგლას სიმსს სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, დაადასტურებს თუ არა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემას. გენერალმა სიმსმა უპასუხა, რომ კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაშია.

სააგენტო Bloomberg-ის შეკითხვას, უკრაინისთვის გადაცემული ეს იარაღი ამერიკულია თუ მოკავშირეების, გენერალმა უპასუხა, რომ ორივე. რაც შეეხება კასეტური საბრძოლო მასალების ისე გამოყენებას, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არ გამოიწვიოს და უკრაინის არმიაშიც დანაკარგები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, გენერალ სიმსის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ უკრაინელები დაინტერესებული არიან სამოქალაქო მოსახლეობის სიახლოვეს კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებით, განსხვავებით რუსეთისგან. სიმსის თანახმად, უკრაინა ამ იარაღის გამოყენებას აპირებს ტაქტიკური ვითარების გათვალისწინებით და რუსეთის ძალების და არა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ.

საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ე.წ. კასეტური ბომბი აფეთქებისას ბევრ ნაწილად იშლება, ზოგიერთი მათგანი ხმელეთზე დროებით აუფეთქებლად რჩება და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც, წლების განმავლობაში, საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის არაერთი ნატოელი მოკავშირე, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, კასეტურ საბრძოლო მასალებს რუსეთიც გამოიყენებს. თუმცა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადასტურებულია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ე.წ. კასეტურ ბომბებს მანამდეც იყენებდნენ. უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის თანახმად, კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს როგორც რუსეთი, ისე უკრაინა.

XS
SM
MD
LG