რუსეთის მარადიული კვაზისამამულო ომი - რა უნდა პუტინს?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლუჟნიკების სტადიონზე გამართულ კონცერტზე, 22 თებერვალი, 2023 წელი

ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაზე დაკვირვება აფიქრებინებთ პოლიტიკის ანალიტიკოსებს, რომ პუტინისთვის ომი დაუსრულებელი პროცესია, რომლის საშუალებითაც ის მართავს ქვეყანას და ინარჩუნებს ძალაუფლებას. ომი პუტინისთვის საშუალებაც არის და - მიზანიც.

რუსეთის ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვაში, 21 თებერვალს პუტინს გაკვრითაც კი არ უხსენებია გამარჯვება და ომის შემდგომი პერიოდი. პუტინმა არ იცის, როგორ უნდა მოიგოს უკრაინასთან ომი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ არ უნდა გაჩერდეს. უკრაინასთან ომი პუტინის რეჟიმის ირაციონალური ომია, რომელიც ნასაზრდოებია იმიტირებული იდეოლოგიით და, რომელსაც ე.წ. მიზანი არ გააჩნია.

„პუტინის გეგმა მართლაც მარადიული ომია?“ - ამ კითხვის პასუხად სოციოლოგმა გრიგორი იუდინმა ინტერნეტსაიტ medusa-ს უთხრა, რომ პუტინი აწარმოებს ომს, რომელსაც არ აქვს მიზნები, რომელთა მიღწევის შემდეგაც შეიძლება იგი დასრულდეს.

„ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ, პუტინის აზრით, „ისინი“ მტრები არიან და „ჩვენი“ დახოცვა სურთ. პუტინისთვის ეს არის ეგზისტენციალური შეტაკება მოწინააღმდეგესთან, რომელიც მის განადგურებას აპირებს. არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ სანამ პუტინი კრემლშია, ომი დასრულდება. ომი მხოლოდ გაიზრდება და გაფართოვდება. რუსული არმიის რიცხოვნება სწრაფად იზრდება, ეკონომიკა გადადის იარაღის წარმოებაზე, განათლება კი პროპაგანდისა და სამხედრო მომზადების ინსტრუმენტად იქცევა. ქვეყანას ამზადებენ დიდი და მძიმე ომისთვის“, - ამბობს გრიგორი იუდინი, რომლის თქმითაც, მიმდინარე ომში პუტინის გამარჯვება აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგრამ ასეთ მიზანს არც არავინ ისახავს. მეტიც, რუსულ საზოგადოებას არ სთავაზობენ გამარჯვების განმარტებასაც კი ანუ იმას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვებად. ამ ომის მიზანი ვლადიმირ პუტინის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაა:

გრიგორი იუდინი

„პუტინი თავის მმართველობას მოიაზრებს მუდმივ ომად. ის და მისი გარემოცვა დიდი ხანია გვეუბნებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ომი. ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ - არა, მაგრამ თვითონ ეს ხალხი - პუტინი და მისი გარემოცვა - სერიოზულად ფიქრობს, რომ დიდი ხანია ომში არიან. უბრალოდ, ახლა ეს ომი შევიდა ისეთ აგრესიულ ფაზაში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. მათ მსოფლმხედველობაში ომია ბუნებრივი მდგომარეობა და არა მშვიდობა. როგორც ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორმა, ნატალია კომაროვამ თქვა - „ომი მეგობარია”.

ლონდონში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი, ვლადიმირ პასტუხოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში ამბობდა, რომ პუტინმა დაუსრულებელი ომი წამოიწყო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუსეთის საზოგადოებამაც მიიღო ეს ომი.

„ბევრს ეგონა, რომ რუსეთის მოსახლეობა არ მიიღებდა ამ ომს და არ მისცემდა ხელისუფლებას მობილიზაციის ჩატარების საშუალებას, შედეგად კი პუტინს მოუწევდა ომის წარმოება იმ კონტინგენტით, რომლითაც შეიჭრა უკრაინაში. ეს გათვლები არ გამართლდა. მოსახლეობამ მიიღო ეს ომი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ომს არ აქვს არანაირი ეკონომიკური საფანელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამა თუ იმ ფორმით, ნახულობს სარგებელს მსგავსად გერმანელი ბიურგერებისა, რომლებიც დიდი სიამოვნებით სარგებლობდნენ აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩაყვანილი მონებით. როცა ფრონტზე ვინმე მათიანი დაიღუპებოდა, ცხადია, ტიროდნენ და განიცდიდნენ, მაგრამ მაინც მშვენივრად ირგებდნენ ომით მიღებულ სარგებელს“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ უკრაინასთან ომს ბევრი ბენეფიციარი ჰყავს რუსეთში, ასევე ანგარიშგასაწევია რუსეთში მცხოვრები ხალხის კულტურა, რომლის სულსაც სალბუნად დაედო ომი:

ვლადიმირ პასტუხოვი

„შედეგად პუტინმა ჩაატარა მობილიზაცია, რითაც შექმნა თვისებრივად განსხვავებული ვითარება. ბევრი ფიქრობდა, მათ შორის დასავლეთშიც, რომ რუსეთი უკრაინელების გმირული და მედგარი წინააღმდეგობის შემდეგ, ვერ გადაეწყობოდა და უკან დაიხევდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ამის მიზეზი რუსეთის ხალხია, რომელიც ჩაერთო ამ კვაზისამამულო ომში, რომელიც სინამდვილეში თავისი არსით იმპერიალისტური და დაპყრობითი ომია. ხალხის ჩართვამ შექმნა სხვა შესაძლებლობები“.

„კვაზისამამულო“ ომის ნიადაგს პუტინის რეჟიმი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა. გრიგორი იუდინის თქმით, პუტინის ბოდვებს შესაძლოა ბევრი არ იზიარებს, მაგრამ პუტინი მარჯვედ უწყობდა ხელს ისეთი ემოციის გაღვივებას, როგორიცაა გარესამყაროზე განაწყენება, რომელიც სხვა ქვეყნებთან პროდუქტიული ურთიერთობის ფიქრის საშუალებასაც კი არ ტოვებს. პუტინმა რუსეთი დაამსგავსა იმ ბავშვს, რომელიც ძალიან ნაწყენია და ზიანს აყენებს (ანადგურებს) როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარ თავს.

„პუტინი განაწყენებულია მსოფლიო მოწყობაზე, რომელიც, მისი აზრით, უსამართლოა, განაწყენებულია ამერიკაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს აღებული მსოფლიო წესრიგზე... ეს არის პრეტენზია მთელი მსოფლიოს მიმართ“, - ამბობს გრიგორი იუდინი, რომელიც იხსენებს ვლადიმირ პუტინის მიერ 2021 წელს გაკეთებულ განცხადებას:

„პუტინმა აბსოლუტურად არაპროვოცირებულად თქვა, რომ ცხოვრებაში ბედნიერება საერთოდ არ არსებობს, რაც ძალიან მკვეთრი და მოულოდნელი განცხადება იყო. პოლიტიკური ლიდერი უნდა ცდილობდეს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას, ქმნიდეს იდეალებს, სახავდეს ორიენტირებს. პუტინი კი [თითქოს] ამბობს: ცხოვრებაში ბედნიერება არ არსებობს. ზოგადად, სამყარო ცუდი, უსამართლო და მძიმე ადგილია, სადაც არსებობის ერთადერთი საშუალება მუდმივი ბრძოლაა, რაც ასევე გულისხმობს მკვლელობას“.

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი, მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც პუტინის რეჟიმს 10 წლით ჰყავდა ციხეში გამოკეტილი, დარწმუნებულია, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომი არა მხოლოდ „მარადიულია“, არამედ შეიცავს გაფართოების მაღალ რისკებსაც.

მიხაილ ხოდორკოვსკი

„ომის ყოველი თვე აფართოებს ომის ბენეფიციართა რაოდენობას რუსეთში, იზრდება ე.წ. ნაციონალ-პატრიოტთა რაოდენობა, რომლებიც იარაღს იღებენ ხელში და ხდებიან პუტინის ოპრიჩნიკები. შესაძლოა ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ პუტინისთვის უფრო ნაკლები შეიარაღებული ადამიანიც კი შიშის მომგვრელია, პუტინი აუცილებლად წავა მათ წინაშე დათმობებზე. ეს დათმობები კი, პირველ რიგში, ომის გაგრძელებას გულისხმობს“, - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი, რომლის თქმითაც, პუტინს არ შეუძლია ომის არც შეჩერება და არც გამარჯვება.

„საბოლოო ჯამში, ნატოს ქვეყნებს, დასავლეთ ევროპას აუცილებლად მოუწევთ ომში სერიოზულად ჩართვა. რაც უფრო ადრე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი, რადგან პუტინს გაჩერება არ შეუძლია, მისი გაჩერება ნიშნავს სიკვდილს. შეუძლია შეისვენოს, გადახარშოს ოკუპირებული ტერიტორიები და მოახდინოს დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობის მობილიზაცია, რომელთა ცოცხალ ძალად გამოყენება პოლიტიკურად ბევრად მარტივია. საუბარია 300-500 ათას სამობილიზაციო მასალაზე. სწორედ ამაზე ფიქრია საჭირო, ვიდრე რამე სახის სამშვიდობო ინიციატივაზე დაიწყება საუბარი. ვერ ვხედავ დროებითი მშვიდობის ვერც ერთ ვარიანტს, რომელიც არ გააუარესებს უკრაინის მდგომარეობას“, - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი.

ომის გაფართოების საფრთხესა და პოტენციალს შეიცავს პუტინის იმპერიული მსოფლმხედველობა, რომელიც, გრიგორი იუდინის თქმით, სხვა ქვეყნების საზღვრებს არ ცნობს.

„ეს ფორმულა პრაქტიკულად ოფიციალურადაა მიღებული: რუსეთი არსად მთავრდება. ეს არის იმპერიის სტანდარტული განსაზღვრება, რადგანაც იმპერია არ ცნობს საზღვრებს, არ აღიარებს საზღვრების უცვლელობას: „ჩვენ ვართ იქ, სადაც მივედით, ხოლო თქვენ ხართ იქ, სადაც ჩვენ ჯერ ვერ მოვედით. როცა მოვალთ, თქვენ იქ აღარ იქნებით, ჩვენ ვიქნებით“. ამ ლოგიკისთვის პრინციპულად მიუღებელია საზღვრები“, - ამბობს გრიგორი იუდინი და იხსენებს ვლადიმირ პუტინის 2021 წლის დეკემბერში გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მთელი აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის გავლენის სფეროა:

„რუსეთის სტრატეგია ასე გამოიყურება: ჩვენ ვკბეჩთ ნაჭერს, შემდეგ ამ ნაჭერს ვაღიარებთ ლეგიტიმურად, შემდეგ ეტაპზე, ლეგიტიმურობის ამ აღიარების საფუძველზე, შეგვიძლია მორიგი ნაჭერი მოვკბიჩოთ. ასეთია პუტინის სტრატეგია, მაგრამ პუტინი არ მართავს მსოფლიოს - ის მიიღებს იმდენს, რამდენის უფლებასაც მისცემენ. თუმცა, არ შეიძლება ამ სცენარს ვუწოდოთ წარმოუდგენელი“.

სად და როდის შეიძლება გაჩერდეს პუტინი?

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, თავისით პუტინი არ გაჩერდება, რადგან მის მიერ დაწყებულ ომს არ გააჩნია რაციონალური მიზნები.

„ეს ომი არ მიმდინარეობს არც ტერიტორიებისთვის და არც უსაფრთხოებისთვის, - ამბობს ლონდონში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი, - ეს არის რეჟიმის ირაციონალური ომი, იმიტირებული იდეოლოგიით და იმით, რომ რეჟიმი შევიდა ისეთ სტადიაში, რომელშიც სტაბილურობას ინარჩუნებს მხოლოდ ომის პირობებში. ქიმია რომ მოვიშველიოთ: არსებობს გარკვეული ხსნარები, რომლებიც სტაბილური არიან მხოლოდ გარკვეულ პირობებში, სხვა პირობებში უბრალოდ იშლებიან. პუტინის პოლიტიკურმა რეჟიმმა მიაღწია მდგომარეობას, როცა არსებობა შეუძლია მხოლოდ ომის პირობებში, არ იქნება ომი - ის დაიშლება. ეს არის ამ ომის მთავარი ფაქტორი“.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია რუსეთი იყოს ამ ომის გამარჯვებელი მხარე. ასეთი რამ შეუძლებელია თეორიის დონეზეც კი, როგორც შეუძლებელია მზის გარშემო პლანეტების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა:

„ეს არ არის ალბათობის საკითხი. რუსეთი პრინციპულად შეუძლებელია იყოს გამარჯვებული მხარე, თუმცა არის რამდენიმე ვარიანტი: რუსეთი იქნება ერთადერთი დამარცხებული მხარე თუ რუსეთთან ერთად დამარცხდება მთელი პლანეტა, რომელიც აღარ იარსებებს? ბირთვული მუქარის საკითხს 50-იანი წლების დასაწყისში გასცა პასუხი ჩერჩილმა: შეუძლებელია დაჰყვე ბირთვულ მუქარას და შანტაჟს, რადგან თუკი ერთხელ მაინც დაიხევ უკან და აჩვენებ სისუსტეს, მაშინ ყოველ ჯერზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავს მოიგიჟიანებს და თავისას გაიტანს“.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის დამარცხება არ გამორიცხავს მძიმე შუალედურ სტადიებს, რომლის დროსაც რუსეთს ექნება დროებითი „მიღწევები“ უკრაინის ეკონომიკისა და ხალხისთვის ზიანის მიყენების სახით.