რა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს დასავლეთის მიერ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადების ჰაერში გამოკიდებას?
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე არჩევნების დღეს. მათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ“, - თქვა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჟოზეპ ბორელმა, 29 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ერთადერთი, ვინც ამ დრომდე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, უნგრეთია - პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას არ დალოდებია. მან „გორბის“ ეგზიტპოლით იხელმძღვანელა. ორი დღის შემდეგ ორბანი თბილისშიც ჩამოვიდა, მაგრამ ევროკავშირმა განმარტა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ საკუთარ პოზიციას წარმოადგენდა.
ასევე ნახეთ „დაშინება, თვალთვალი, ფარულობის დარღვევა“ - წავიკითხეთ სადამკვირვებლო მისიების დასკვნებიევროკავშირის სტრუქტურები, წევრი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩქარობენ. 30 ოქტომბერს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გაავრცელა. ევროკავშირის წარმომადგენლების მსგავსად, მან გაიმეორა, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოო.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი შემთხვევით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით“, - ეწერა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას გამჭვირვალე გამოძიებისკენ
„კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი გავა“
დასავლეთის მიერ არჩევნების არაღიარების მძიმე ეკონომიკური ფასის შესახებ პროსამთავრობო მედიაც ალაპარაკდა. ხუთშაბათს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა გიორგი ქობულია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი (2018-2019 წლებში), რომელმაც არჩევნებამდე უშედეგოდ სცადა მოლაპარაკება გიორგი გახარიასთან.
ქობულიას თქმით, დასავლეთის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება „სავარაუდოდ, გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი იგრძნობს“.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ეს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ლარის კურსს, საბანკო სისტემის სტაბილურობასა და უცხოურ ინვესტიციებს, შემდეგ კი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. გიორგი ქობულიამ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია გამოყო - ეს ოპოზიციის ისეთი ლიდერები არიან, ვისაც ეკონომიკა ესმის და არჩევნების შედეგების აღიარებით, ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისს ააცილებსო.
ხაზარაძეს და გახარიას, შეიძლება, ეკონომიკა სხვებზე უკეთ მართლაც ესმოდეთ, თუმცა დასავლელი ლიდერები 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას არა ქართველ ოპოზიციონერებს, არამედ მეტწილად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ეყრდნობიან.
ამასობაში საქართველოში პოლიტიკურმა კრიზისმა ეკონომიკაზე უკვე იქონია გავლენა. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ლარი ამერიკულ დოლართან ოთხი თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - შვიდი თეთრით და ეს იმ ფონზე, როცა მხოლოდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა $210 მილიონის რეზერვები გაყიდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასი შემცირდა, წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კი საქართველოს საკრედიტო რეიტინგი დააქვეითა.
„Fitch-ის შეხედულებით, პოლიტიკური გაურკვევლობა განჭვრეტად მომავალში შენარჩუნდება, რაც გააღრმავებს ინსტიტუციების სიძლიერის და დამოუკიდებლობის დაღმასვლას“, - ასე ახსნა პირველ ნოემბერს ეს გადაწყვეტილება სარეიტინგო სააგენტომ.
ეკონომისტი ეგნატე შამუგია, რომელიც იკვლევს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დასავლეთის მხრიდან არჩევნების არაღიარებას „უმძიმესი“ ეკონომიკური შედეგი ექნება.
„არჩევნების არაღიარება ნიშნავს, რომ დემოკრატიული, დასავლური საზოგადოება ამბობს ძალიან ხმამაღლა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები და დემოკრატიის ნიშნები, - ამბობს ეგნატე შამუგია, - დემოკრატიული ინსტიტუტები არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ამხსნელი ეკონომიკური განვითარების“.
ეკონომისტის თქმით, არსებობს ქვეყნები, სადაც ავტორიტარიზმია დამყარებული და დასავლური კაპიტალი მაინც რჩება, თუმცა ეს საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად ვერ გამოდგება. ასეთ ქვეყნებს, როგორც წესი, სხვა მახასიათებლები აქვთ, რაც დასავლურ კაპიტალს იზიდავს. ეგნატე შამუგიას მაგალითად მოჰყავს ბუნებრივი რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი და ყაზახეთი და დასძენს, რომ ამგვარ ქვეყნებშიც, დემოკრატიული მოწყობის პირობებში, კიდევ უფრო დიდი დასავლური კაპიტალი შევიდოდა.
შამუგია ვარაუდობს, რომ თუ დემოკრატიული ქვეყნები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ, საქართველოდან უცხოური კაპიტალის „მნიშვნელოვანი ნაწილი“ გავა და შემცირდება ინვესტიციებიც.
რადგანაც საქართველოს ღია ეკონომიკა აქვს, უცხოური კაპიტალის გადინება ცხოვრების დონეზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ საქართველოს Fitch-იც აფრთხილებს და წერს, რომ თუ მთავრობა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას დაემუქრება, „საქართველოს პატარა, ღია ეკონომიკას დოლარიზაციის მაღალ დონესა და საგარეო შოკებთან გამკლავების უნარი დაუქვეითდება“.
„მათთვის მტკივნეული მხოლოდ სანქციები იქნება“
„ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ვერც იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა“, - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 30 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების პასუხად.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის მიერ არჩევნების არაღიარება „ქართული ოცნებისთვის“ არაფერს შეცვლის.
„განცხადებები აღიარების და არაღიარების შესახებ [„ქართული ოცნებისთვის“] მეორეხარისხოვანია. მით უმეტეს, მათი მენტალური და ფასეულობითი არჩევანიდან გამომდინარე“, - უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის „მტკივნეული მხოლოდ სანქციები იქნება“.
„დროა, ევროპა გადავიდეს ქმედებებზე, რაც დაანონსებული იყო თავის დროზე“, - თქვა ხუხაშვილმა.
ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს სამთავრობო დახმარებას უჩერებს. უკვე ვიცით, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯებიევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ შესაძლო სანქციებს ივნისიდან განიხილავს. ზაფხულში ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ამის საბაბი შეიძლება გახდეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა ან არჩევნების მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარება.
მეორე მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ სანქციების შემოღება შეძლოს, - ამას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. ძნელი წარმოსადგენია, „ქართული ოცნების“ სანქცირებას მხარი დაუჭიროს ვიქტორ ორბანმა, რომელმაც არჩევნების შედეგები აღიარა და მმართველ პარტიას გამარჯვება თბილისში მიულოცა.
სხვა საკითხია, რას მოიმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. „ამერიკის ხმა“, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე იუწყებოდა, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უკვე შემუშავებული აქვს და მათ დაწესებას „უახლოეს მომავალში“ განიხილავს.