ასევე ნახეთ
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ გაათავისუფლა 7 ოქტომბერს ისრაელში მძევლად აყვანილი ორი ქალიისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბრის რეიდის დროს დაახლოებით 1400-მდე ადამიანის დახოცვას და მრავალი მძევლის აყვანას, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ავიაიერიშებით უპასუხა, რათა ერთდროულად მიაღწიოს როგორც მძევლების გათავისუფლებას, ისე „ჰამასის“ განადგურებას.
ისრაელმა ტანკები და სამხედრო ძალა განალაგა ანკლავის მთელი პერიმეტრის გასწვრივ და, სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, პალესტინელებს ჩრდილოეთ ღაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ჰამასი” გამოვიდა შეთავაზებით, რომ მის მიერ აყვანილი მძევლები გაიცვალონ იმ დაახლოებით 6000 პალესტინელში, რომლებიც ისრაელის საპატიმროებში იმყოფებიან.
ისრაელის ხელისუფლება ზოგიერთი თავისი მოქალაქის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა 2011 წელს, როდესაც დათანხმდა 1027 პალესტინელი პატიმრის გაცვლას, რათა ერთი ისრაელელი ჯარისკაცის გათავისუფლებისათვის მიეღწია.
ამჟამად ისრაელი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ღაზის სექტორის ბლოკადას, ვიდრე ყველა მძევალი არ იქნება გათავისუფლებული.
რამდენი მძევალი ჰყავთ ღაზაში?
სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 19 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ღაზის სექტორში მძევლობაში უნდა იყოს დაახლოებით 200 ადამიანი. მათ შორის - 30 თინეიჯერი და ბავშვი და 60 წლამდე ასაკის 20-ზე მეტი ადამიანი.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მას მძევლად ჰყავს აყვანილი 200 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი მძევალი ჰყავს სექტორში მოქმედ სხვა გასამხედროებულ ჯგუფებს. ექსტრემისტული დაჯგუფების თანახმად, 20 მძევალი დაიღუპა ისრაელის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად, მაგრამ სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ.
სად იმყოფებიან მძევლები?
ისრაელი აცხადებს, რომ მძევლები ღაზაში წაიყვანეს, მაგრამ მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია, რაც მათ გათავისუფლებას კიდევ უფრო ართულებს. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბევრი მძევალი გადამალული უნდა ჰყავდეთ გვირაბების იმ ლაბირინთებში, რომელსაც ისრაელელი სამხედროები „ღაზის მეტროს“ უწოდებენ.
ასევე ნახეთ
ისრაელ-ჰამასის ომი: რა საფრთხე იმალება ღაზის გვირაბებში?
„ჰამასმა“ ორშაბათს გამოაქვეყნა მუსიკალურ ფესტივალზე მძევლად აყვანილი 21 წლის მია შემის ვიდეო. მასზე ჩანს, რომ უცნობი მედიცინის მუშაკი მძევალს დაზიანებულ ხელს უხვევს.
რა ეროვნების არიან მძევლები?
„ჰამასისა“ და სხვა რადიკალური ჯგუფების მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის უმრავლესობა ისრაელის მოქალაქეა, მაგრამ მათ შორის 10-მდე სხვა ქვეყნის წარმომადგენელია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი აშშ-ის მოქალაქე. გასულ კვირაში ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, რომელმაც დასძინა, რომ არ შეუძლია თქმა, თუ რამდენია მათ შორის მძევალი. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა ჟურნალისტებს 15 ოქტომბერს უთხრა, რომ ექსტრემისტებს მძევლად ჰყავთ აყვანილი 10 ამერიკელი.
ტაილანდს აქვს ცნობა, რომ მძევლად აყვანილი ჰყავთ მისი 17 მოქალაქე, მძევლებს შორის არის 8 გერმანელი, რომელთა ნახევარი, ადგილობრივი მედიის თანახმად, ღაზის სექტორის საზღვრის მახლობლად მდებარე კიბუცებში შეიპყრეს.
არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდეზმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ვიდეოხიდში თქვა, რომ მძევლად არის აყვანილი 16 მისი თანამემამულე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, სულ მცირე 9 ბრიტანელი არის დაღუპული ან გაუჩინარებული. ისრაელში ვიზიტის დროს რიში სუნაკი უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი ბრიტანელის მშობლებს შეხვდა. ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი მძევლად აიყვანეს და ღაზაში იმყოფებიან.
საფრანგეთი არ ამბობს, თუ ზუსტად რა რაოდენობის მისი მოქალაქე ჰყავთ ღაზაში მძევლობაში, მაგრამ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი, რომელთაგან ზოგი შესაძლოა მძევლობაში იყოფებოდეს.
ოფირ ენგელი, ნიდერლანდის 18 წლის მოქალაქე, ბეერის კიბუცში შეიპყრეს და ღაზაში წაიყვანეს.
პორტუგალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი ვარაუდით უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 პორტუგალიელი-ებრაელი მძევლობაში უნდა იმყოფებოდეს. ჩილელი-ებრაელი დაფნა გარკოვიჩი თავის მეუღლესთან, ესპანელ ივან ილარმენდისთან ერთად აიყვანეს მძევლად. იტალია აცხადებს, რომ იტალიისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი ადამიანი ითვლება დაკარგულად, სავარაუდოდ, ისინიც ექსტრემისტებს უნდა ჰყავდეთ გატაცებული.
„ჰამასის“ გასამხედროებულმა ფრთამ 16 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა გატაცებული არაისრაელელი არის „სტუმარი“ და ისინი გათავისუფლდებიან, „როდესაც ადგილზე შექმნილი გარემოებით ეს შესაძლებელი იქნება“.
რა ღონეს ხმარობენ მთავრობები მძევლების გასათავისუფლებლად?
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თადარიგის გენერალი, გალ ჰირში დანიშნა მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში მთავრობის კოორდინატორად.
კატარელმა შუამავლებმა განაცხადეს, რომ ცდილობენ მოლაპარაკებით მიაღწიონ „ჰამასის“ მიერ შეპყრობილი ისრაელელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის საპატიმროებიდან 36 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ მოლაპარაკების პროცესის მონაწილემ აცნობა სააგენტო Reuters-ს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი მინიშნება არ არსებობს იმაზე, შედგა თუ არა ასეთი გარიგება.
თურქეთიც აწარმოებს „ჰამასთან“ მოლაპარაკებას უცხოელების, სამოქალაქო პირებისა და ბავშვების გათავისუფლების მიზნით, - განაცხადა გასული კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა. მინისტრმა სააგენტო „ანადოლუს“ აცნობა, რომ სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა და გერმანიამ მიმართა თხოვნით თურქეთს, რომ დაეხმაროს მათი მოქალაქეების გათავისუფლებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მუშაობს მუხლჩაუხრელად, რათა მიაღწიოს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ამერიკელების გათავისუფლებას. ვაშინგტონმა ისრაელში გაგზავნა სპეციალური ოპერაციის ძალების მცირე ჯგუფი, რომელმაც, თუ საჭირო გახდება, მონაწილეობა უნდა მიიღოს მძევალთა გათავისუფლების შესაძლო ოპერაციის სადაზვერვო და დაგეგმარების ფუნქციების შესრულებაში.
ასევე ნახეთ
პენტაგონმა მზადყოფნაში მოიყვანა 2000-მდე სამხედრო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რეგიონის პარტნიორ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს მძევალთა დაბრუნება. არგენტინის მთავრობა კი ისრაელის დაზვერვასთან აწარმოებს მოლაპარაკებას არგენტინელი მძევლების ადგილსამყოფლის დასადგენად.
გერმანიამ კი დაიწყო გამოძიება მკვლელობასა და მძევალთა აყვანაში ეჭვმიტანილი დაჯგუფება „ჰამასის“ წევრთა მიმართ. გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, პროკურორები ვალდებულები არიან გამოიძიონ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული, თუ მასში გერმანიის მოქალაქეები არიან ჩაბმული.
რას ამბობენ მძევალთა ჭირისუფლები?
თელ-ავივში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა მოუწოდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გამოიყენოს ყველა რესურსი მძევლად აყვანილი მათი ნათესავების მოსაძებნად და გასათავისუფლებლად. იმავე მოთხოვნით მიმართეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უგზო-უკვლოდ დაკარგული საფრანგეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების ნათესავებმა.
19 ოქტომბერს ნიუ-იორკის ტაიმს სკვერში შეკრებილი ასობით დემონსტრანტი მოითხოვდა მძევლების გათავისუფლებას. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ იმ ადამიანების, ბავშვებისა და მოხუცების ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, მძევლად უნდა ჰყავდეთ ღაზაში.
გერმანელი მძევლების ოჯახებმა კი განაცხადეს, რომ 22 ოქტომბერს ბერლინში გამართავენ მიტინგს და თავიანთი ნათესავების გათავისუფლებას მოსთხოვენ კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელმაც 17 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა შეხვედრები.
ასევე ნახეთ
გერმანიის კანცლერი: გერმანია ისრაელის გვერდით დგას. შოლცის თელ-ავივში ვიზიტისას რამდენჯერმე იყო საჰაერო განგაშითელ-ავივში ყოფნისას, საჰაერო განგაშის გამო გერმანიის კანცლერს რამდენჯერმე მოუწია გერმანიის საელჩოს ბომბსაფარში ჩასვლა. მისი გარემოცვის თანახმად, კანცლერს იქ რამდენიმე წუთით მოუხდა ყოფნა. ქალაქის ცენტრში ისმოდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, „რკინის გუმბათის“ ყრუ აფეთქებების ხმა.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია ათასობით ადამიანი. გაეროს ჰუმანუტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 4 ათასს აღემატებოდეს.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
მომზადებულია როიტერის მიხედვით