კესარია აბრამიძის მკვლელობა - რა გარემოებები ახლდა და რა უძღოდა წინ

ბევრი წყარო ჰყვება, რომ მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს ხშირად ემუქრებოდა და სიძულვილით გამსჭვალულ მესიჯებს უგზავნიდა.

დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, მე-8 სართულზე, ბინა, სადაც 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი - კესარია აბრამიძე მოკლეს, დალუქულია. სადარბაზოში ჯერ ისევ ყველაფერს ეტყობა საგამოძიებო მოქმედებების კვალი - მიმოფანტულია წითელი ფერის სპეციალური ფხვნილი, ერთჯერადი ხელთათმანები, სიგარეტის ნამწვები.

საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, კესარია აბრამიძის ბინა დალუქულია.

სადარბაზოში სრული სიჩუმეა. მეზობლები ამბობენ, რომ კიდევ დიდხანს ვერ მოვლენ გონს.

ექსპერტიზის ბიუროდან, 37 წლის მოდელის და მსახიობის ცხედარი, 18 სექტემბერს, საბურთალოზე, სარიტუალო დარბაზში გადაასვენეს. დედა, და, მეგობრები, ნათესავები - ყველა აქ არის.

„ყველაფერი ისევე ლამაზად უნდა ჩავატაროთ, როგორიც თვითონ კესარია იყო... ის იყო საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო და, ის იყო საუკეთესო ქალი, საუკეთესო ადამიანი“, - გვეუბნება ბავშვობის მეგობარი ანასტასია პირველი.

ანასტასია პირველი სარიტუალოო დარბაზთან, 2024 წლის 19 სექტემბერი

„რამდენიმე ათეული ჭრილობა აქვს, მათ შორის ყელის არეში“, „სასტიკად არის მოკლული“ - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას მეზობლები და მეგობრები. მათთვის ეს ცალსახად გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობაა. ბევრი წყარო ჰყვება, რომ მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანი კესარიას ხშირად ემუქრებოდა და სიძულვილით გამსჭვალულ მესიჯებს უგზავნიდა.

„კესოს ხმა იყო, მგონი“

18 სექტემბერს საღამოს მომაკვდავი ქალის კივილის ხმა მეზობლების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ზოგი კი ვერ მიხვდა - საიდან ისმოდა ყვირილი.

„კესოს ხმა იყო, მგონი“, - ბოლოს უთხრა ერთმა მეზობელმა მეორეს და როცა მისი სახლის ღია კარი შეაღეს, საშინელი სურათი დახვდათ - ახალგაზრდა ქალი სისხლის გუბეში იწვა. გვიყვებიან, რომ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟის მოსვლამდე, ქალს თითქოს პულსიც ჰქონდა, თუმცა დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.

როცა მეზობლებმა კესარიას სახლის კარი შეაღეს - მკვლელი ამ დროს სავარაუდოდ კიბეებზე ჩარბოდა და, როგორც მეზობლები ამბობენ, ვიღაცებმა ის სადარბაზოდან გასულიც დაინახეს. ჯაიანი იმავე ღამით, 18 სექტემბერს დააკავეს - „გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით”. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ქვეყნიდან გასვლას აპირებდა.

ადვოკატის თქმით, ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით დაიწყო. ეს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიცია ამბობს, რომ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

კორპუსი დიღომში, სადაც კესარია აბრამიძე მოკლეს

რა ვიცით მკვლელის მოქმედებებზე

მედიით გავრცელებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით:

  • მკვლელი მსხვერპლის საცხოვრებელ კორპუსთან 18:53 წუთზე მიდის ტაქსით;
  • ადის კიბეზე და მაღაზიაში შედის;
  • უკვე კორპუსის ლიფტთან - მას ხელში უჭირავს პარკი, რომელშიც სავარაუდოდ რამდენიმე ბოთლი აწყვია;
  • ლიფტთან ის ბოლთას ცემს;
  • ხოლო როცა კიბეზე უკან ჩარბის, უკვე 19:10 წუთია.

გამოდის, რომ ასვლიდან ჩამოსვლამდე სულ 14 წუთია გასული.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას კესარიას სახლის მცხოვრებლებმა უთხრეს, სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ დროში დაახლოებით 30-წუთიანი აცდენაა. თუმცა ჩვენ ვერ შევძელით ამის დადასტურება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “ნიკორას” სუპერმარკეტში ბექა ჯაიანმა არაყი შეიძინა. ინტერნეტში გაურკვეველი წყაროს მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში, სადაც კესარია აბრამიძის მკვლელობის ადგილია ასახული, ჩანს, რომ მაგიდაზე ბოთლები აწყვია.

არ დასტურდება ინფორმაცია, რომ თითქოს კესარია სადარბაზოს დამლაგებელმა აღმოაჩინა და არც ის ეჭვი მართლდება - რომ შესაძლოა ინსტაგრამსა და ფეისბუკზე ფოტოები არა ქალმა, არამედ კვალის არევის მიზნით - ვინმე სხვამ გამოაქვეყნა.

მეგობრები ადასტურებენ, რომ ბექა ჯაიანთან ერთად გადაღებული ფოტოები ფეისბუკსა და ინსტაგრამზე თავად კესარიამ ატვირთა. მოგვიანებით კი - ინსტაგრამპოსტი წაიშალა.

მეგობრები გვიდასტურებენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კესარია ბექასთან ნაჩხუბარი იყო, მაგრამ თითქოს იმ ღამით კაცი შესარიგებლად და ხელის სათხოვნელად უნდა მისულიყო მასთან.

კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინის კართან

ტოქსიკური ურთიერთობა

მეზობლებისა და მეგობრების მონათხრობით, კესარია აბრამიძესა და ბექა ჯაიანს თითქმის ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ და კაცი ქალის ბინაში საკმაოდ ხანგრძლივად ცხოვრობდა. ჩხუბის ხმა ხშირად ესმოდათ გვერდზე კორპუსში მცხოვრებლებს - საითკენაც კესარიას აივანი გადიოდა, მაგრამ პოლიციაში არავის დაურეკავს.

არც თავად კესარიას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არაერთხელ უძალადია პარტნიორს. რამდენიმე თვის წინ, ქალს, ტვინის შერყევის დიაგნოზით, საავადმყოფოშიც დასჭირდა მკურნალობა. გარკვეული პერიოდი იგი თურქეთშიც იყო წასული, მოძალადე - იქაც ემუქრებოდა. მაგრამ შემდეგ ისევ რიგდებოდნენ და აგრძელებდნენ ურთიერთობას.

„ამ ზამთარს, მგონი დეკემბერი იყო თუ იანვარი, მოუვარდა ის კაცი შუაღამისას, კარის შემტვრევა უნდოდა თუ რა უნდოდა, მთელი ამბავი, ხმაური იყო და მეზობლებმა გადაარჩინეს მაშინ [კესო], გააგდეს ის კაცი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კესარიას მეზობელი, ილია ბუზალაძე. ძალადობის სხვა შემთხვევების შესახებ მან კონკრეტულად არაფერი იცის, მაგრამ სხვებისგან სმენია, რომ ქალსა და კაცს შორის დაძაბული ურთიერთობები იყო.

სოციალურ ქსელებში კესარია ხშირად წერდა ტოქსიკურ ურთიერთობებსა და მანიპულატორ ადამიანებზე და ქალებს ასეთი ურთიერთობების მავნებლობის შესახებ რჩევებსაც აძლევდა.

როგორც მეგობრებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, რამდენიმე თვის წინ ბექა ჯაიანი გერმანიაში დააკავეს და საქართველოში ზაფხულში დაბრუნდა.

ასევე ნახეთ „სახლში რამდენჯერმე მიუვარდა“ - რას ჰყვება მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე

ილია ბუზალაძე კესარია აბრამიძის ძველი მეზობელია, - გვეუბნება, რომ 2019 წლიდან, რაც კორპუსი აშენდა:

„მეზობლებთან ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ძალიან კარგი, ძალიან თბილი ადამიანი იყო“.

კესარიას განსაკუთრებული, თბილი ხასიათი დღეს არაერთმა მეზობელმა დაგვიდასტურა - ქუჩაში სულ ღიმილით გვხვდებოდაო, სალმით, მოკითხვითო - "ძალიან დაგვენანა".

„მე იმ დღეს შემხვდა, თავზე ხელი გადამისვა, გამარჯობაო - მითხრა“, - მოწყენილი ღიმილით გვეუბნება ასე 8-9 წლის ბიჭი. უფროსებს თვალზე ცრემლიც ადგებათ.

მკვლელობის ღამეს, მის საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, დიდი ნაწილი სამეზობლოდან - სხვადასხვა ასაკის.

“არ ვიცი რამდენი ადამიანი უნდა დაიბადოს იმისათვის, რომ კესოს ნაირი გოგო გამოერიოს მათში. არ ვიცი რამდენი უნდა იშრომოს ადამიანმა, რომ მივიდეს იქამდე, სადამდეც კესარია მივიდა”, - წერს ფეისბუკპოსტში, ქვიარ თემის წევრი, კესარიას მეგობარი - პაატა საბელაშვილი და მკვლელობას უწოდებს ტერორისტულ აქტს, რადგან „ამით მან [მკვლელმა] კესოს ურთულეს გზაზე მყოფ ქალებს თითქოს მომავალი მოუკლა”.

“ბევრად მეტი ჰქონდა გაკეთებული აქტივიზმისთვის, ვიდრე მისი ინტერვიუების კრიტიკოსებს”, - წერია პოსტში.

საბელაშვილი ჰყვება, რომ კესარია აბრამიძემ ურთულესი გზა გაიარა - „არაერთხელ გამხდარა გატაცების და ძალადობის მსხვერპლი” და წნეხის მსხვერპლიც, სამართალდამცველების მხრიდან.

ასევე ნახეთ პარლამენტთან კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ეს დანაშაული, არის შედეგი ბოლო წლებში მიმდინარე ჰომო, ბი, ტრანსფობიური პოლიტიკისა, რომლის მთავარი მიზანი ლგბტქ ადამიანების სიცოცხლის გაუფასურებაა“, - დაწერა ლგბტქ+ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ და ყურადღება გაამახვილა ლგბტ უფლებების შემზღუდველ კანონზე, რომელიც პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო.