რა არის „ბინძური ბომბი“ და ვის უჭირავს მის სასხლეტზე ხელი?

ფოტოილუსტრაცია

რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, სატელეფონო საუბარი, რომ იტყვიან, დამთავრებული არ ჰქონდა, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს რუსეთის განცხადებას.

მანამდე რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი შეეცადა თავისი კოლეგების დარწმუნებას, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის" ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.

ასევე ნახეთ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი: რუსეთის განცხადება "ბინძური ბომბის" შესახებ აშკარა სიცრუეა

თავისი განცხადებისათვის მეტი დამაჯერებლობა რომ მიეცა, მოგვიანებით რუსეთის არმიის რადიოაქტიური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტეტანტმა იგორ კირილოვმა თავისი უწყების ხელმძღვანელის განცხადება ასეთი ფაქტებით „გაამაგრა“.

კირილოვმა გაიხსენა, 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინისათვის ბირთვული სტატუსის აღდგენის თაობაზე გამოთქმული სურვილი და მოგვიანებით, 22 ოქტომბერს, კანადის ტელეკომპანიისათვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ზელენსკიმ კოლექტიურ დასავლეთს მოუწოდა დაარტყან კრემლს, თუკი რუსეთი იერიშს მიიტანს კიევის ცენტრში მდებარე „გადაწყვეტილების მიღების ცენტრზე“.

მაგრამ კრემლის მიერ წარმოდგენილ „საბუთებს“ აქარწყლებს ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ შექმნა რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ძალა ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ომის პირველივე დღეებიდან აკონტროლებს.

„ბინძური ბომბების“ წყაროები უკრაინის ტერიტორიაზე

ზოგიერთი რუსული პროპაგანდისტული რესურსის ცნობით, კიევმა „ბინძური ბომბის“ დამზადება დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს და კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტს დაავალა.

„ბინძური ბომბი“ ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელშიც რადიოაქტიური მასალა შერეულია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ელემენტებში. ამ „ბინძური ბომბის“ აფეთქების ტალღა ნაკლებია, ვიდრე ბირთვული იარაღისა, და ის ასევე განეკუთვნება არა ჩვეულებრივ სამხედრო იარაღს, არამედ ტერორისტულს, რადგანაც რადიაცია მოქმედებს უფრო ნელა და შეუძლია უფრო მეტი ადამიანი სრულიად შეუმჩნევლად დახოცოს.

"რამდენადაც მესმის, „ბინძური ბომბის“ დამზადებისთვის არ არის საკმარისი ბირთვული ნარჩენების მარაგების ქონა. ამას სჭირდება უფრო რთული კომპლექსი და გარკვეული ძალისხმევაა გასაწევი, რისი დამალვაც უკრაინის შემთხვევაში სრულიად შეუძლებელია. პირიქით, უკრაინა მზადაა, რომ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში ნებისმიერ ობიექტზე ჩატარდეს ინსპექცია. უკრაინაში მუდმივად ჩადის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. ასე რომ, განცხადება, რომ უკრაინას ორ ობიექტზე შეუძლია "ბინძური ბომბის" ფარულად დამზადება, ყოველგვარ აზრს მოკლებულად გამოიყურება, რადგან ამ განცხადებების გადამოწმება საერთაშორისო საზოგადოებას ლამის 24 საათის განმავლობაში შეუძლია", - ამბობს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

უსაფრთხოების სპეციალისტების თანახმად, ბირთვული ტერორის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ელემენტები: ამერციუმი - 241, კალიფორნია - 252, ცეზიუმი - 137, კობალტი - 60, რადიუმი - 226 და სტრონციუმი - 90. როდესაც კიევს ბრალს უყენებს, მოსკოვი გათვლას იმაზე აკეთებს, რომ უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ბირთვული იარაღი იყო განთავსებული, ჯერ კიდევ უნდა ჰქონდეს შემონახული სახიფათო მემკვიდრეობა.

მაგრამ კრემლის ეს ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილ რეალობასთან, - აცხადებს პროფესორი პრეობრაჟენსკი.

„რუსეთი უკვე იქცევა როგორც ბირთვული ტერორისტი. უკრაინასთან ომის დაწყებისთანავე რუსეთმა ხელთ იგდო ორი ატომური - ჩერნობილის და ზაპოროჟიეს - ელექტროსადგური. აქედან ერთი დაიტოვა თავისი კონტროლის ქვეშ და ღმერთმა იცის, თუ რას სჩადის იქ - ხან რთავს და ხან აერთებს მას ძირითად ელექტროქსელთან და, შესაბამისად, აეს-ს გამუდმებული საფრთხის ქვეშ ამყოფებს. როგორც ვარაუდობენ, იქ შეიძლება დატრიალდეს ეკოლოგიური კატასტროფა. ანუ მოხდეს იმავე „ბინძური ბომბის“ აფეთქება, მხოლოდ ამას უწოდებენ ავარიას ატომურ ელექტროსადგურზე. ანუ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად სჩადის“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.

რა მიზანს ისახავს რუსეთი „ბინძური ბომბის“ შესახებ განცხადებებით?

დასავლელი ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის მიერ სავარაუდო „ბინძური ბომბის“ შექმნაზე აპელირებით, კრემლი ცდილობს შეანელოს ან შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და შეასუსტოს ნატოს კავშირი, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

"თებერვალში, უკრაინაში შეჭრის პირველი ეტაპებიდან, კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას, განახორციელოს შეტევა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ. აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პროვოკაციებს ამზადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში დასადანაშაულებლად. 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის წინა დღეს სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ემზადება რუსეთზე ბირთვული თავდასხმისთვის", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

მოგვიანებით, ფრონტის ხაზზე განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ "ყველა საშუალებას" რუსეთის ფედერაციის "სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად".

ასევე ნახეთ "ეს ბლეფი არ არის" - რუსეთშიც და ევროპაშიც ბომბსაფრებს ამზადებენ

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრიერიშების ფონზე კიდევ უფრო იზრდება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. მაგრამ, როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის ავტორები აცხადებენ, უკრაინის წინააღმდეგ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით რუსეთი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

"შოიგუს განცხადება არ უნდა მოასწავებდეს უკრაინის ერთი ან რამდენიმე მსხვილი დასახლებული პუნქტისა თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელ ბირთვულ ტერაქტს იმ იმედით, რომ ეს შოკში ჩააგდებს უკრაინას და მას კაპიტულაციას, ხოლო დასავლეთს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას აიძულებს. ასეთი იერიში, დიდი ალბათობით, ვერ აიძულებს უკრაინასა და დასავლეთს შეწყვიტონ წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან უკრაინის მთავრობამ და ხალხმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება, რომ განაგრძონ ბრძოლა; ხოლო დასავლეთისათვის ასეთი საშინელი აქტის მიუხედავადაც კი, ძალიან ძნელი იქნება უბრალოდ ჩაბარება იმ პრეცედენტის გამო, რასაც ასეთი კაპიტულაცია გამოიწვევდა", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

კახოვკის აეს-ი კიდევ ერთი პოტენციური საფრთხის წყარო

მაგრამ შოიგუს განცხადებისადმი დასავლეთს „სიფრთხილით მოკიდებას“ ურჩევს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის შეფარულ მუქარას აქვს კიდევ ერთი აშკარად გამოკვეთილი მიმართულება, ესაა კახოვკის ჰიდროელექტროსაგურის გარშემო შექმნილი ვითარება. ჰიდროელექტროსადგურსა და კაშხალს, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, მოსკოვის განცხადებით, უკრაინა ბომბავს იმისთვის, რომ გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე. მაგრამ საფრთხის ფაქტობრივი მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც საპირისპიროდ გამოიყურება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, ასეთ საფრთხეს რეალურს უწოდებს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

ასევე ნახეთ რუსებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს, მისი აფეთქების შემთხვევაში 80-ზე მეტ ქალაქი და სოფელი დაიტბორება: ზელენსკი

„მაგრამ საკმარისია დავაკვირდეთ კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს და საჯარო სივრცეში არსებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის რუკებს, რომ დავრწმუნდეთ, რომ კახოვკის ჰესის რაკეტებით აფეთქებას რამდენიმე თვე დასჭირდება. რუსეთს კი, რომელიც სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებს ჰესს და, როგორც უკრაინა ამტკიცებს, დიდი ხანია დანაღმული აქვს ეს ობიექტი, ნებისმიერ დროს შეუძლია ააფეთქოს კახოვკის ჰესი და გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.

კახოვკის ჰესის კაშხალი არის მდინარე დნეპრზე არსებული სამიდან ერთ-ერთი გადასასვლელი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ბოლოდროინდელ ანალიზში აღნიშნა, რომ რუსეთმა, ხერსონის რეგიონიდან უკან დახევისას, შეიძლება დააზიანოს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინას. ეს, ანგარიშის ავტორების აზრით, რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებითაც დასტურდება.

და არის კიდევ ერთი საფრთხე - კახოვკის კაშხლის აფეთქების შემთხვევაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ სისტემას უწყლოდ დარჩენა ემუქრება.

სწორედ ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გაგზავნას, იქ უკრაინელი პერსონალის დაბრუნებას და აგრეგატებისა და კაშხლების დაუყოვნებელი განაღმვის უზრუნველყოფას მოითხოვს.