Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემზადება ხალხი უკრაინაში ბირთვული თავდასხმისთვის


მას შემდეგ, რაც უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, ბირთვული ომის თემა ისევ აქტუალური გახდა. უკრაინასა და რუსეთში ბირთვულ საფრთხეებზე მსჯელობენ, უმეტესობა სერიოზულად, ზოგი - ნაკლებად.

  • რა უნდა ვქნათ ახლა?
  • უშუალოდ აფეთქებისას?
  • მაშინ, თუ ოჯახის წევრები მოშორებით არიან?
  • რომელი შენობებია შედარებით უსაფრთხო?
  • რამდენ ხანს უნდა ვიჯდე თავშესაფარში?
  • რა დამჭირდება?
  • შემიძლია იქ სხვებიც მივიღო?
  • გამოსვლის დრო როცა მოვა, როგორ გამოვიდე?

სტატიები, ბლოგები, იუტუბისა თუ ტიკ-ტოკის ვიდეოები ამ თემებზე, უკრაინაში და არა მხოლოდ, თებერვლიდან მოყოლებული იწერება. ეს ერთგვარი ინსტრუქციებია, რომლითაც ბირთვული შეტევის დროს თავის გადარჩენა შეიძლება. მსგავსი რჩევები ახლა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რუსეთი ომს აგებს, რის გამოც პუტინმა შეიძლება ყველაზე სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩერნობილის აფეთქების შემდეგ უკრაინას კარგად ახსოვს, რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს ბირთვული ზემოქმედება. ჩერნობილი იციან რუსეთშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, შედარებით ახალგაზრდებს ეს ტრაგედია ყურადღების მიღმა დარჩათ, რადგან როდესაც რუსეთის ჯარისკაცებმა 2022 წელს უკრაინის ატომურ სადგურებზე იერიში მიიტანეს, ისინი თვეები რადიაქტიულ ზონაში ცხოვრობდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯარისკაცები იქვე ჭამდნენ, რადიაციით დაბინძურებულ მდინარეში თევზაობდნენ და სანგრებსაც თხრიდნენ იმ მიწაში, სადაც რადიაქტიური ნივთიერებები იყო ჩამარხული, ანუ აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რის გაკეთებაც ამ ზონაში სასტიკად აკრძალულია.

თებერვლიდან მოყოლებული საზოგადოება მსჯელობს, გადადგამს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნაბიჯს, რომელსაც კატასტროფა მოჰყვება. ამ თემას განიხილავენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ფორუმების მომხმარებლებიც, მაგრამ ბირთვული ომის შესახებ მსოფლიომ მხოლოდ თეორიულად იცის და კონკრეტული შედეგების ზუსტი გათვლა ყველას უჭირს.

„არ მჯერა, რომ ბირთვულ იარაღს გამოყენებს. ჯერ ისიც არ ვიცით, ეს იარაღი რა მდგომარეობაშია, სხვა იარაღი რა მდგომარეობაშიც იყო, კი ვნახეთ. იქნებ, საერთოდ ჟანგი მოედო. თან აშშ-მა უკვე ყველა არხზე განაცხადა, რა მოუვა პუტინს, თუ თავისი ბებერი ხელებით წითელ ღილაკს წაეპოტინება. თან მხოლოდ მან ხომ არ უნდა დააჭიროს, სხვა ამის მსურველი კი არა მგონია რუსეთში გამოჩნდეს“, - თქვა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა იუტუბარხზე „ხოდორკოვსკი-ლაივ“.

თუმცა თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე დარწმუნებული არ არის: შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა, ეს შეიძლება რეალობად იქცეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია“,

„რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, და რომ მისი წამოწყება არ ღირს“, - განაცხადა 30 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსაც საპასუხო დარტყმა ემუქრება. რუსეთის მოსახლეობა ოფიციალურად თავდაცვისთვის არავის გაუფრთხილებია. სოციალურ ქსელებში რუსებიც მსჯელობენ, სად რას დაეცემა ბომბი და რა მიმართულებით უნდა გაიქცნენ. ინსტრუქციები სხვადასხვანაირია, ერთაბზაციანიც და ისეთიც, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის თითქმის მთელ კურსს შეიცავს. რჩევას იძლევა ყველა - ბირთვული ფიზიკის ექსპერტით დაწყებული, ტაროზე მკითხავით დამთავრებული.

უკრაინელი მხატვრის იური ჟურაველის კარიკატურა.
უკრაინელი მხატვრის იური ჟურაველის კარიკატურა.

მაგალითად, გოგონა „ტიკ-ტოკზე“ ცდილობს გამოიცნოს, რუსეთის რომელ ქალაქებს ემუქრება ბირთვული შეტევა. თუ ბირთვული ომი დაიწყო, მოწინააღმდეგე სტრატეგიულ ქალაქებს დაარტყამს, ეს ქალაქებია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი, სიმფეროპოლი, ვლადივოსტოკი, კალინინგრადი...“ ამის შემდეგ კომენტარებში ზოგს ვერ გაუგია, ტიკტოკერმა კონკრეტულად ეს ქალაქები რატომ ჩამოთვალა, ზოგი მადლობას იხდის „გამხნევებისთვის“, ზოგი კი - ვინც სოფლებში ცხოვრობს - ფიქრობს, რომ გადარჩა.

ხშირია აპოკალიფსური ვიდეოები, რომლებშიც ბლოგერები ყველაზე უარეს ვარიანტებს განიხილავენ, მაგალითად, დედამიწაზე არსებული მთელი ატომური მარაგის ერთდროულად აფეთქება და ბირთვული ზამთარი, რომლის შედეგადაც კაცობრიობას გადარჩენის შანსი უბრალოდ აღარ რჩება.

რუსულ და უკრაინულ არხებზე საკმაოდ პოპულარულია ტაროს კარტზე მკითხაობა. ომამდე ტაროს ძირითადად ოჯახის შექმნასა და სამსახურის პოვნაზე შლიდნენ, თებერვლის შემდეგ კი მომხმარებელებს სურთ გაიგონ, როგორ დამთავრდება ომი, ვინ მოიგებს, როდის და როგორ მოკვდება პუტინი და იქნება თუ არა ბირთვული შეტევა.

ბირთვული დარტყმისთვის უკვე ემზადება კიევის მოსახლეობა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტი ბორის საჩალკო თავის სიუჟეტში ჰყვება, რომ კიევში კორპუსების სადარბაზოებს თავშესაფრები აქვს, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ კონკრეტულ შენობაში მცხოვრებლებზეა გათვლილი, სპეციალური კოდი თუ არ იცი, კარს ვერ გააღებ. თუმცა, არის ღია თავშესაფრებიც, მართალია, მოუწყობელი და მარაგის გარეშე, მაგრამ თავის გადარჩენა მაინც შეიძლება. ასევე შესაძლოა შეგიფარონ იმ დაწესებულებებმა, რომლებიც მიწისქვეშა შენობებში მუშაობენ.

თავად კიეველები მორიგ ბირთვულ აჟიოტაჟს სიმშვიდით და იუმორითაც კი ხვდებიან. პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეგ ხომ სულელია“, - ამბობს კაცი, რომელიც ქუჩაში სკამზე ზის და გარშემო მტრედები ახვევია.

არ მეშინია, ნებას არ მისცემენ“, - ვარაუდობს ასაკოვანი ქალბატონი.

იქნება-არ იქნება, რა ვიცით, ან რა შეგვიძლია შევცვალოთ? თუ ჩამოვარდა, კარგად მეყოლე“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელიც კიევის ქუჩაში მეწყვილესთან ხელჩაკიდებული სეირნობს, - და თუ არ ჩამოვარდება, წინასწარ რატომ დავიწყვიტოთ ნერვები“, - ასრულებს გოგონა.

ბოლო დროს უკრაინულ სოციალურ ქსელებში ხშირად ახსენებენ კიევის მთას - შეკავიცას. მასზე უამრავი სასაცილო მიმი შეიქმნა. კიეველებმა მოილაპარაკეს: ბირთვული შეტევის შემთხვევაში თავშესაფრებში ჩასვლის ნაცვლად ამ მთაზე შეიკრიბონ და ორგია მოაწყონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხუმრობა იყო, იდეა მაშინვე აიტაცა ბიზნესმა, მათ შორის, სუპერმარკეტებმა და სატელეფონო კომპანიებმაც. რამდენიმე დღეში ტელეგრამარხმა „ორგია შეკავიცაზე“ ხუთი ათასამდე გამომწერი მოაგროვა. მთაზე უკვე ახლა შეხვდები მოსეირნე ადამიანებს, რომლებმაც მოსალოდნელი ორგიის შესახებ შეიტყვეს.

იცით, ყველაზე ცუდ პირობებშიც ხალხი შეეცდება, რამე დადებითი იპოვოს, - ეუბნება ერთ-ერთი მოსეირნე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, - ეს არის მეგაოპტიმიზმი, რომელიც მხოლოდ უკრაინელებს ახასიათებთ“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG