Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი: რუსეთის განცხადება "ბინძური ბომბის" შესახებ აშკარა სიცრუეა


უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში. 2022 წლის 12 ოქტომბერი
უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში. 2022 წლის 12 ოქტომბერი

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით გაიმართა მისი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სატელეფონო საუბარი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა უარყო ნებისმიერი საბაბი რუსეთის მხრიდან ესკალაციისთვის და დაადასტურა კომუნიკაციის მნიშვნელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის პირობებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუსა და ოსტინს შორის 23 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინაში არსებული სიტუაცია. რუსეთის ოფიციალურ შეტყობინებაში ნახსენები არ არის „ბინძური ბომბი“, განსხვავებით მანამდე გავრცელებული ცნობისგან, რომელიც ეხებოდა შოიგუს სატელეფონო საუბრებს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან. მათ შოიგუმ უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენებით შესაძლო პროვოკაციის გამო.

რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს ერთობლივ, სამთავრობო განცხადებაში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

განცხადების თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრებისას სამივე ქვეყანამ მკაფიოდ თქვა, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ესკალაციის საბაბად ამ ცრუ მტკიცების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას.

ერთობლივ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინას თავისი ტერიტორიების დასაცავად დაეხმარონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას აპირებს, აბსურდული და ამასთან, სახიფათოც უწოდა. კულებამ არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამის გაკეთებას თავად აპირებს.

მსოფლიოს მაქსიმალურად მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. გასულ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი "სატელეფონო კარუსელს" აწყობს, უცხოელ მინისტრებს ურეკავს და "ბინძური ბომბის" შესახებ უყვება, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სიბინძურის წყარო რუსეთია.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

XS
SM
MD
LG