რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს სამი წევრი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ სამივე კოლეგასთან გამოხატა შეშფოთება უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუ ჯერ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნოს ესაუბრა, შემდეგ თურქეთის მინისტრს, ჰულუსი აკარს და ბოლოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს.
სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობა სახელწოდებით: "კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბით" (ცნობა დათარიღებულია 23 სექტემბრით, მაგრამ „რია ნოვოსტის“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა 23 ოქტომბერს - რ.თ).
ცნობაში, რომელიც "სხვადასხვა სანდო წყაროს" ეყრდნობა, ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის" ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
"რია ნოვოსტი" ასევე წერს, რომ თითქოს ბომბზე მუშაობა "უკვე დასკვნით ეტაპზეა" და უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "აწარმოებს ფარულ მოლაპარაკებას დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან კიევისათვის ბირთვული იარაღის კომპონენტების შესაძლო მიღების თაობაზე".
ოფიციალურ მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია "რია ნოვოსტის" ინფორმაციაზე, თუმცა საფრანგეთის, თურქეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებთან შოიგუს საუბრების შესახებ გავრცელებულ ცნობებში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მან მათთან საუბარში განიხილა სწორედაც რომ „ბინძური ბომბის“ საკითხი. აქედან შეიძლება გამომდინარეობდეს, რომ "რია ნოვოსტის" პუბლიკაცია კრემლის პოზიციას ასახავს. ამასთან, არც სააგენტოს პუბლიკაციაში და არც შოიგუს ციტატებში არანაირი მტკიცებულება არ არის მოტანილი, გარდა „სანდო წყაროების“ ცნობებისა.
ლეკორნოსთან საუბრის შესახებ ცნობაშიც ასევე ნათქვამია, რომ განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, რომელსაც „შემდგომი უკონტროლო ესკალაციის მდგრადი ტენდენცია აქვს“.
ფრანგმა მინისტრმა, როგორც საფრანგეთის სამხედრო დეპარტამენტის შეტყობინებიდან ირკვევა, აღნიშნა, რომ პარიზი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა და რომ საფრანგეთი არ ჩაერთვება რაიმე სახის ესკალაციაში, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით. ლეკორნომ დაადასტურა, რომ შოიგუ მას ესაუბრა „ბინძური ბომბის“ შესახებ.
ჰულუსი აკარს და ბენ უოლესს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი შოიგუსთან საუბრის შესახებ.
„რია ნოვოსტის“, რომელიც მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ ნაწილია და რომელსაც რუსი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და დიმიტრი კისელიოვი ხელმძღვანელობენ, აქამდეც არაერთხელ გამოუთქვამს ბრალდებები, რომ თითქოს უკრაინას სურს „ბინძური ბომბის“ შექმნა. ამის შესახებ სააგენტო წერდა 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღეს. დაახლოებით იმავეს წერდა 6 მარტსაც. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც ეგრეთ წოდებული სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა უკრაინის სავარაუდო სურვილი, მოიპოვოს ბირთვული იარაღი, თუმცა კონკრეტულად „ბინძური ბომბის“ შესახებ ფაქტები არ მოუტანია.
კიევი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა ბირთვული იარაღის მოპოვების ან „ბინძური ბომბის“ შექმნის მცდელობას. უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი “რია ნოვოსტის“ ბრალდებებსა და შოიგუს განცხადებაზე. ამასთან, უკრაინამ და ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ადრე გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის გამო. ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე არაერთხელ ღიად მიანიშნეს რუსეთის წარმომადგენლებმა, იმავე მარგარიტა სიმონიანიდან დაწყებული ვლადიმირ პუტინით დამთავრებული.
21 ოქტომბერს შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, რომელთანაც, თუ ორივე მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებებს დავეყრდნობით, „ბინძური ბომბის“ თემა არ განხილულა.
- უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბრალდებები გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ რუსულმა ჯარებმა შესაძლოა, დატოვონ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო. უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ილაპარაკა შესაძლო "რთული გადაწყვეტილებების" შესახებ. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ მან იგულისხმა ხერსონის დატოვება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სუროვიკინის სიტყვებში დაინახა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა.
- "ბინძური ბომბი" - ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შედგება კონტეინერში მოთავსებული რადიოაქტიური იზოტოპებისა და ასაფეთქებელი მუხტისაგან. მუხტის აფეთქებისას იზოტოპების შემცველი კონტეინერი ნადგურდება და რადიოაქტიური ნივთიერება დარტყმის ტალღით გაიფრქვევა დიდ ფართობზე. „ბინძური ბომბის“ ზემოქმედება მსგავსია დაბალი სიმძლავრის ბირთვული აფეთქების ეფექტებისა, თუმცა ტექნიკურად იგი არ არის ბირთვული იარაღი. ამ დროისთვის მსგავსი იარაღის გამოყენების პრეცედენტი არ დაფიქსირებულა. "ბინძური ბომბის" პროვოკაციად გამოყენების შესაძლებლობა, მტრის ბირთვული იარაღის გამოყენებაში დადანაშაულების მიზნით, საეჭვოა - მიუხედავად მსგავსებისა, ამ ორ იარაღს შორის იმდენად დიდი და არსებითი განსხვავებაა, რომ ექსპერტებს არ გაუჭირდებათ იმის დადგენა, თუ რა სახის ბომბი იქნა აფეთქებული.