ნადეჟდინისთვის ხელმოწერები ამ ეტაპზე, რუსეთის 60 ქალაქის გარდა, საქართველოს დედაქალაქშიც გროვდება.
რატომ გროვდება ხელმოწერები რუსეთსა და საქართველოში? რადიო თავისუფლება თბილისში საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის სავარაუდო კონკურენტის მომხრეებს შეხვდა.
100-ზე მეტი ხელმოწერა რამდენიმე საათში
ძველი თბილისის ერთ-ერთი შენობის საშუალო ზომის ოთახში დაახლოებით 30 ადამიანი ზის, ძირითადად კაცები - ყველა რუსეთის მოქალაქეა. მათ ხელი მოაწერეს ნადეჟდინის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას. მათგან მხოლოდ ორია თანახმა, რომ გამოჩნდეს და ილაპარაკოს. ამ ორიდან ერთს არ სცალია, მეორე კი - პატარა მაგიდასთან გაბედულად გვიხმობს.
33 წლის ვლადისლავ ლებედევი - მოსკოვის ოლქიდან - უკვე წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ნადეჟდინის მხარდასაჭერად „არა“-ს მოტივაცია ამოძრავებს და რწმენა, რომ - „პუტინის კანდიდატურას ყველა სხვა აჯობებს“.
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მას [პრეზიდენტად] აირჩევენ, მაგრამ, სულ მცირე, ეს არის საშუალება - ვუთხრათ არა ომს, არა პუტინს, არა მის ხელისუფლებას. საჭიროა ხელისუფლების ცვლილება რუსეთში. იდეალური არავინ არის, მაგრამ მთავარია არ იყოს "კაგებე" (КГБ), მთავარია არ იყოს პუტინი და მისი „შაიკა“, - ლებედევმა იცის ბორის ნადეჟდინის პოზიცია. პოლიტიკოსი ყირიმს რუსეთის საკუთრებად თვლის. „სამწუხაროა“, - გვეუბნება, მაგრამ მაინც იმედოვნებს, რომ ნადეჟდინი აზრს შეიცვლიდა.
მაგრამ ეს ასე არ არის - ნადეჟდინი სწორებას კვლავ პუტინის მიერ შეცვლილ რუსეთის კონსტიტუციაზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც - რუსეთმა უკრაინული ყირიმი, დონბასი და სხვა ოლქებიც მიითვისა.
სულ ბოლოს, ბორის ნადეჟდინმა „SOVA”-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გაითვალისწინონ იმ ხალხის პოზიციები, რომლებიც ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ ამ [რუსეთის მიერ ოკუპირებულ - რ.თ.] ტერიტორიებზე“ და, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა „ხანგრძლივი მოლაპარაკებების“ საგანია და ახლა უჭირს იმის თქმა - „სად გაივლება საზღვარი“.
და რა მოსწონს ვლადისლავ ლებედევს ნადეჟდინის პოლიტიკურ ხედვაში?
„ის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატია. ის ყოველთვის იჭერდა საკმაოდ ლიბერალურ ხაზს. არ არის შემჩნეული კავშირებში პროსახელისუფლებო პროპაგანდისტულ ორგანიზაციებთან. ამჟამინდელ სიტუაციაში ეს დიდი პლუსია“, - გვეუბნება ლებედევი.
ხელმოწერების შეგროვება 17 იანვრიდან დაიწყო და, როგორც გვითხრეს, ნახევარ დღეში - 100-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
ხელმოწერების შეგროვების პროცესს ანასტასია სუხოვა კურირებს. ის ნადეჟდინის საპრეზიდენტო კამპანიის საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელად გვეცნობა და გვეუბნება, რომ წელიწად-ნახევარია, რაც თბილისში ცხოვრობს.
ნადეჟდინთან მხოლოდ ერთთვიანი, დისტანციური ნაცნობობა მაკავშირებს და არასოდეს შევხვედრივარ მას - არც საქართველოში და არც რუსეთშიო.
„ის [ნადეჟდინი] ძალიან საქმიანია, ჰგავს მზრუნველ მამას - შტაბში ყველას მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. ვთვლი ძალიან ჭკვიან, ბრძენ ადამიანად. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მის მოსაზრებასა და პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ჩემთვის მისაღებია ძირითადი - რომ ის ომის წინააღმდეგ გამოდის. ეს არის ჩემთვის მთავარი, რის გამოც ვმუშაობ მასთან“, - სუხოვა აკონკრეტებს, რომ იცნობს ნადეჟდინის ქალიშვილს, მისი სამი შვილიდან ერთ-ერთს.
ყირიმისა და საქართველოს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებზე ანასტასია გვეუბნება, რომ - არაფერი იცის. „[ინტერნეტში] ვეძებდი და ვერ ვნახე", - ამასაც ამატებს.
უკრაინის გარდა, ნადეჟდინის გამონათქვამები საქართველოს შესახებაც იძებნება, მათ შორის - ნადეჟდინის გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე, როცა მან 2008 წლის ომის დაწყებაში 90%-ით საქართველო და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
ნადეჟდინმა „SOVA“-ს უთხრა, რომ უკვე დაავიწყდა, როდის თქვა ეს - მაგრამ ამავე ინტერვიუში ისევ იგივე გაიმეორა.
„ეს ომი საქართველოში მნიშვნელოვანწილად სააკაშვილმა მოიტანა. ეს სიმართლეა. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა, როდესაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები იქ. რაც გამოვიდა, ის გამოვიდა“, - ნადეჟდინმა დაამატა, რომ პატივს სცემს ქართველ ხალხს და ფიქრობს, რომ - რადგან „ყირიმისა და დონბასისგან განსხვავებით, რუსეთმა თავის შემადგენლობაში არ მიიღო აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი“, ამ მხრივ „რაღაც მოლაპარაკებების საფუძველი არსებობს“.
ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერები ძველ თბილისში, ბეთლემის 23 ნომერში გროვდება, საგანმანათლებლო ცენტრ - „ფრეიმის“ [Frame] - სივრცეში. ცენტრი საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მუშაობს და მისი ხელმძღვანელი - რუსი ექსპატი მაქსიმ ივანცოვია.
„ნადეჟდინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგია. ის ძველი სამყაროს წარმომადგენელია და აშკარად არ არის ჩემი კანდიდატი... მაგრამ რუსეთში ხშირად გვიშლიდნენ ხელს სივრცეების გახსნაში და როცა მოგვმართეს [ხელმოწერების შესაგროვებლად], უარი არ ვუთხარით“, - ივანცოვი გვეუბნება, რომ ნადეჟდინის წარმომადგენლებს Frame-ის სივრცე სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს.
ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ „ამ [რუსეთის საპრეზიდენტო] არჩევნებისთვის არის ბევრი სხვადასხვაგვარი სტრატეგია, რომლებზეც კამათი მიმდინარეობს“ და მისი ცენტრი წარმოადგენს სივრცეს, მათ შორის - ამ თემებზე კამათისთვისაც.
მაქსიმ ივანცოვი საქართველოში 2022 წლის თებერვლის ბოლოს ჩამოვიდა - გავიღვიძე და მივხვდი, რომ არ მინდა ცხოვრება ფაშისტურ სახელმწიფოშიო. ცოტა ხანში თბილისში გადმოსახლდნენ მოსკოვში მოქმედი საგანმანათლებლო ცენტრის სხვა თანამშრომლებიც.
ბეთლემის 23-ში ხელმოწერები მოსკოვიდან ჩამოტანილ სპეციალურ ფურცლებზე გროვდება და ყველა, ვისაც ხელმოწერის სურვილი აქვს, ადგილზე პირადად უნდა გამოცხადდეს.
ფურცლებზე ხელმომწერთა ვინაობა და საპასპორტო მონაცემები იწერება. ეს ფურცლები უკან მოსკოვში უნდა ჩაიტანონ. ანასტასია სუხოვა არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას საფრთხის შესახებ, რომ "ეფესბეს" (ФСБ) შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს ფაქტობრივად მზა სია - თუ ვინ იმყოფება საქართველოში. „ვინ სად მოაწერა ხელი, ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება... ეს ფურცლები საქაღალდეებში დაილუქება“, - სუხოვა ამატებს, რომ თავად ხელმოწერებში არალეგალური არაფერია და „ისედაც ყველასთვის ყველაფერია ცნობილი“.
როგორ აპირებენ რუსეთის მოქალაქეები ხმის მიცემას, როცა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, საქართველოში რუსეთის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები არ იხსნება?
ანასტასია სუხოვა ამბობს, რომ ეს შესაძლებელია რუსეთის სახელმწიფო მომსახურების პორტალის გავლით და VPN -ის [ვირტუალური კერძო ქსელი] დახმარებით. ხოლო ამომრჩევლების ნაწილი უქმეებზე ერევანშიც აპირებს გადასვლას.
საქართველოში ხელმოწერების შეგროვების დაწყება ბორის ნადეჟდინმა X-ზეც [ყოფილი ტვიტერი] დააანონსა:
„ხელმოწერების დატოვება შეიძლება თბილისში. ჩვენ ვაფართოებთ გეოგრაფიას და თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. დაუძახეთ ნაცნობებს და მეგობრებს - საქართველოში გახსნილია შეგროვების პროცესი... თან იქონიეთ რუსეთის შიდა პასპორტი. გელოდებით!“, - წერს ნადეჟდინი.
სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეები კი, კომენტარებში მას სთხოვენ, რომ ხელმოწერის ცენტრები გაიხსნას სომხეთში, სერბეთში და კიდევ ერთი საქართველოში - ბათუმში. არის კომენტარები, რომელთა ავტორები ხელმოწერების შესაგროვებელი ცენტრის დახურვას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტი, ლორენა ბერია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხელმოწერების შეგროვება საქართველოში არასწორია:
„[რუსები] ისედაც ისე იქცევიან აქ, რომ, ვითომ, არიან მეპატრონეები ამ ქვეყნის და უკაცრავად რა, თავიანთი არჩევნებისთვის რუსეთში მოემზადონ. თუ ახლა არ უნდათ პუტინი, დაბრუნდნენ რუსეთში და იქ გააკეთონ ყველაფერი. აქ არ გვინდა რუსების პრობლემები, ჩვენი გვაქვს და გვყოფნის“.
ანასტასია სუხოვამ გვითხრა, რომ ხელმოწერების ცენტრის გახსნის წინ მათ კომუნიკაცია არ ჰქონიათ ხელისუფლებასთან.
რატომ გაიხსნა ნადეჟდინის მხარდასაჭერი ცენტრი მაინცდამაინც საქართველოში და, რუსეთის გარდა, ჯერჯერობით არსად სხვაგან?
ნადეჟდინმა „SOVA“-სთან ინტერვიუში თქვა - ხელმოწერის ცენტრების გახსნას მოსკოვის შტაბი აკონტროლებს და დამოკიდებულია იმ ფაქტორზეც, თუ რამდენად სანდო და პროფესიონალი ადამიანები ეგულება შტაბს ამა თუ იმ ქვეყანაში.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, რუსეთის მასშტაბით, 60 ცენტრია გახსნილი; საზღვარგარეთ კი - მხოლოდ საქართველოში.
ასევე ნახეთ ურჩხულის დაბრუნება: პუტინის რუსეთის თავზე სტალინი აღიმართებავინ არის ნადეჟდინი?
60 წლის ბორის ნადეჟდინი მოსკოვში ცხოვრობს. რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატია [1999-2003] „მემარჯვენე ძალების კავშირის“ სიით. მის ამჟამინდელ პარტიას ორი სახელით მოიხსენიებენ - „სამოქალაქო ინიციატივა“ და „სამოქალაქო პლატფორმა“.
ნადეჟდინს ლიბერალური შეხედულებებითაც იცნობენ და მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი ძირითადად ამ გზით შემოიკრიბა.
გასული წლის სექტემბერში, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ რამდენიმე პირზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერდა ე.წ. „ლიბერალური კანდიდატის“ კენჭისყრის სცენარზე, რომლის მიხედვითაც:
- 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის ლიბერალური პრინციპების კანდიდატი - ომის დაგმობის ლოზუნგებით;
- შემდეგ ის დამარცხდება და მისი დაბალი მაჩვენებლები დაადასტურებს, რომ - „ასეთ [ანტისაომარ] პოზიციას რუსეთში არ ემხრობიან“.
ეს ამბავი „ვედომოსტიმ“ ოქტომბერშიც გაიხსენა, როდესაც ბორის ნადეჟდინმა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება გაახმაურა.
ნადეჟდინი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ომის დასრულება წარმოადგენს. მისი პროგრამით, თუკი აირჩევენ, პრეზიდენტობის პირველსავე დღეს, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მიმართავს და ამის შემდეგ დაიწყებს „ხანგრძლივ და რთულ მოლაპარაკებებს“ კიევთან.
ნადეჟდინი არ ამბობს, რომ რუსეთის ჯარს უკრაინიდან გაიყვანს.
„ვცდილობ გავაჩერო სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინასთან, ჯერჯერობით - პოლიტიკური გზით - ჩემი კანდიდატურის წამოყენებით საპრეზიდენტოდ“, - თქვა ნადეჟდინმა “ჟივოი გვოზდის” ეთერში.
ეხმარება თუ არა ნადეჟდინი მეომრებსა და მათ ოჯახებს?
„კეთილი სიტყვით და მატერიალურად ხანდახან“ - ასეთია მისი პასუხი. ხაზს უსვამს, რომ უშუალოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელშეწყობისთვის მას ფული არ დაუხარჯავს, თუმცა ჟურნალისტების დამატებითი შეკითხვების შემდეგ მაინც თქვა, რომ მისი ოჯახი დაეხმარა შვილის [ომში გაწვეულ] მეგობარს. ნადეჟდინი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ფრონტზე ცუდი მდგომარეობაა და მობილიზებულების ახლობლებს მებრძოლებისთვის „საკვებისა და ტანსაცმლის გაგზავნა უწევთ“.
ასევე ნახეთ კაცი, რომელიც პუტინის ძილის დაფრთხობას და რუსების გამოღვიძებას აპირებს - ინტერვიუ "რუსეთის მოღალატე" პონომარიოვთანრა კავშირი აქვს პუტინთან?
ბორის ნადეჟდინი ამბობს, რომ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის მმართველობას და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას პუტინთან გარიგებისა და ახლო კავშირის შესახებ; თუმცა რუსული წყაროების არქივში მეთვალყურეებისთვის საყურადღებო არაერთი ფაქტი იძებნება:
- 2012 წლის თებერვალში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ნადეჟდინმა ყველა კანდიდატის, მათ შორის - პუტინის საარჩევნო შტაბს შესთავაზა გამხდარიყო - ნდობით აღჭურვილი პირი. ამას ხსნიდა მიზნით, რომ დაენიშნა მეთვალყურეები საარჩევნო უბნებზე.
- 2016 წელს ნადეჟდინი მონაწილეობდა „ედინაია როსიას“ პრაიმერისშიც, რის გამოც დაიმსახურა პოლიტიკური მოკავშირეების კრიტიკა თავისი ლიბერალური ბანაკიდან. თავად ამ სვლას წინასაარჩევნო კამპანიის ადრე დაწყების მიზანს უკავშირებდა. პრაიმერისში ის დამარცხდა.
ნადეჟდინის პოლიტიკური კარიერა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიას უკავშირდებოდა, მათ შორის არის - Справедливая Россия, Правое дело. გარკვეულ ეტაპზე ნადეჟდინი მკვეთრად ნაციონალისტური განცხადებებით გამოდიოდა, რასაც თანაგუნდელებიც გაემიჯნენ.
საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი - ნიკოლაი ლევშიცი თავის პოპულარულ ტელეგრამარხზე წერს, რომ ნადეჟდინს იცნობს როგორც „ჩვეულებრივ კომერსანტს“ - „კონიუნქტურულსა და საკუთარი აზრის არმქონეს“, რომელიც „იმართებიან პუტინის ადმინისტრაციის მიერ“.
„მისი [ნადეჟდინის პარტიის] დეპუტატები და თავად ის [ნადეჟდინი] იმართებიან პუტინის ადმინისტრაციის მიერ... ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თბილისში შეკრებილ საპასპორტო მონაცემებს არ გადასცემენ ФСБ-ს“, - მიმართავს ლევშიცი საქართველოში მცხოვრებ რუსებს და შეახსენებს ნადეჟდინის სიტყვებს ყირიმის შესახებაც:
„ყირიმი - რუსეთისაა. თვალსაწიერ ისტორიულ პერსპექტივაში ვერ დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში. დრო გავა და ყველა შეეგუება ამას, ისევე როგორც შეეგუა, რომ ციმბირიც რუსეთია, რა თქმა უნდა. მესმის წყენა, ბრაზი ჩრდილოელ მეზობელზე და სხვა, მაგრამ გავიხსენოთ ისტორია - დრო მკურნალია. გავა გარკვეული წლები და ყველა შეეჩვევა უკრაინაშიც და რუსეთშიც, რომ ეს ასეა. იმედია, ასეც იქნება“.
ნიკოლაი ლევშიცი ამბობს, რომ, ნადეჟდინი საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას ვერ მოახერხებს.
თავად ნადეჟდინი კი იმედოვნებს, რომ 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება არ გაუჭირდება, “ჟივოი გვოზდთან“ ლაპარაკობს უკვე მობილიზებულ ათობით ათას ხელმოწერაზე და დასძენს, რომ ხელმოწერების ტემპი „ზვავის პრინციპით" იზრდება.
ასევე ნახეთ "სიცოცხლისთვის სახიფათო" - როგორ დაფრინავს რუსეთის სამოქალაქო ავიაცია