ოპოზიციური პარტიები იმედოვნებენ, რომ აქტიური, მწვავე პროტესტითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აუცილებლად მოხერხდება კრიზისიდან გამოსვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვა. ოპოზიციის გეგმით, არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აღარ უნდა ჩაატაროს. ოპოზიციის ჭრელ ერთობაში გარკვეული განსხვავებები პროტესტის ფორმებს უკავშირდება.
რაზე თანხმდებიან ოპოზიციური ძალები
ამჟამად ერთიან ფრონტს ქმნის საზოგადოებისთვის ცნობილი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, ლეიბორისტული პარტია, "თავისუფალი დემოკრატები", „გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „შენების მოძრაობა“ და სხვა. პროცესს ასევე უერთდებიან პარტიად გარდაქმნის პროცესში მყოფი მოძრაობები - „ლელო“ და „სამოქალაქო მოძრაობა“.
განსხვავებული წარსულისა და სამომავლო ხედვის ოპოზიციურ ძალებს ამჟამად ძლიერი იმედგაცრუება და ბრაზი აერთიანებთ. მათი თქმით:
- „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ყველა - როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე - საერთაშორისო თანამეგობრობა;
- ბიძინა ივანიშვილმა სპექტაკლი გაითამაშა და შედეგად - არ შეასრულა 24 ივნისს დადებული პირობა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ;
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურად განულდა ნდობა და მისმა სიტყვამ ბოლომდე დაკარგა ფასი;
- ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ეპატიოს ხალხის მოტყუება.
Your browser doesn’t support HTML5
ოპოზიცია ქუჩაში 14 ნოემბერს გამოვიდა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ჩავარდნის დღეს. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, მათ შორის - 19 ნოემბერსაც.
„ყველა ვთანხმდებით, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს მწვავე ფორმით, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, შეასრულოს დანაპირები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.
დღემდე ძალაში რჩება ოპოზიციური ფლანგის მთავარი მოთხოვნები:
- პროპორციული არჩევნების ჩატარება;
- ვადამდელი არჩევნების ჩატარება;
- არჩევნების ჩატარება დროებითი მთავრობის პირობებში;
- საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლიანად დაკომპლექტება;
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ე.წ. გერმანულ მოდელი ჯერჯერობით არ არის ნახსენები ოპოზიციის საერთო მოთხოვნებში, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად სწორედ ეს მოდელი განიხილება ჩიხიდან გამოსასვლელ ერთ-ერთ მთავარ გზად.
„ჩვენ ვლაპარაკობთ პროპორციულ ვადამდელ არჩევნებზე - მაგის იქით დაკონკრეტება ამ ეტაპზე აზრსმოკლებულია... როცა ხელისუფლება ამბობს - ცვლილებებს არც განვიხილავო, კონკრეტულ მოდელებზე ლაპარაკს რა აზრი აქვს?!“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა. ის მონაწილეობდა ლეიბორისტული პარტიის ოფისში 19 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში.
რაში არ ემთხვევა ოპოზიციონერთა პოზიციები?
ერთადერთი განსხვავება, რაც ოპოზიციურ სპექტრში არსებობს, აქციის ფორმებს უკავშირდება. ზოგიერთი ოპოზიციური ძალა გაემიჯნა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების იდეას - ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, მაგალითად - „შენების მოძრაობამ“ და „ლელომ“. თუმცა ისინი საპროტესტო ერთობაში რჩებიან.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აქციას, რომელიც ითხოვს პროპორციულ არჩევნებს... ჩვენი პროტესტის ფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, მაგრამ ეს განსხვავებაც, ვფიქრობ, რომ არის ნორმალური - ჩვენ ხომ არ ვაშენებთ ახალ საბჭოთა კავშირს, სადაც ყველა ერთ აზრზე იქნება?!“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
ის ასევე ამბობს:
- პარტიებს შორის მკაფიო განსხვავებების მიუხედავად, „ლელო“ ოპოზიციურ ერთობაშია, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი;
- გაერთიანება ხდება იმ ახალგაზრდების (აქცია „სირცხვილია“) გარშემო, რომლებმაც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ საზოგადოების უპრეცედენტო კონსოლიდირება შეძლეს.
აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის საფუძვლად სწორედ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაასახელა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევებში ისევ ასე მოიქცევა.
მართალია, პარლამენტის პიკეტირებას კანონთან შეუსაბამო ქმედებად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველიც, თუმცა ხაზგასმით აღინიშნება ასევე, რომ მთელი პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ.
ასევე ნახეთ ნინო ლომჯარიას თქმით, პიკეტირება უკანონოა, მაგრამ ამის პასუხისმგებლობა მაჟორიტარებს ეკისრებათლეიბორისტი გიორგი გუგავა პრობლემას ვერ ხედავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის გამოხატვისას სხვადასხვა ტაქტიკით იმოქმედონ - „ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ვისაც სურს - განახორციელებს პიკეტირებას, ვისაც სურს - ექნება მსვლელობა, გამართავს დემონსტრაციას... სხვადასხვა საშუალება არსებობს“.
ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პიკეტირების გეგმაზე უარს მაინც არ ამბობს. ორშაბათისთვის (25 ნოემბერი) რესპუბლიკის მოედანზე დაიგეგმა მასშტაბური აქცია, რომელიც პარლამენტის პიკეტირებით დასრულდება და მანამდე მოხდება სხვა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაც. როგორც გიორგი გუგავამ 19 ნოემბერს, უკვე მიტინგზე თქვა, ეს მოხდება „მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზებით“.
ასევე ნახეთ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა გამოაცხადეს მოქმედების გეგმაპროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ჩაგდებამ ძალიან გააბრაზა „პატრიოტთა ალიანსიც“. თუმცა ამ პარტიას მოქმედების საკუთარი გეგმა აქვს და საკუთარ პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ერთი ასეთი აქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ 17 ნოემბერს უკვე გამართა.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი
18 ნოემბერს, როცა ხელისუფლება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას სპეცრაზმის დახმარებით შლიდა, ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების ნაწილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.
შეხვედრა დახურული იყო და საუბრების ციტირება არავის გაუკეთებია, თუმცა ოპოზიციონერთა საერთო შთაბეჭდილებით - ელჩებს ესმით, რაც ხდება და რატომაც ხდება.
მაგალითად, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა:
- „მათი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი თანხვედრაშია იმ პროტესტთან - რომ ასეთი დონის მოტყუება არ შეიძლებოდა“;
- „ქვეყნებს არ და ვერ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩმა პირდაპირ გვითხრა - ასეთი რამე ჩვენს ქვეყანაში რომ მომხდარიყო, დაიშლებოდა მმართველი კოალიცია - თვითონვე გადადგებოდნენო“.
როგორც იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ უთხრა ჟურნალისტებს, აუცილებელია, რომ ოპოზიციის პროტესტი კანონის ჩარჩოებში დარჩეს; მაგრამ ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ პროტესტი უსაფუძვლო არ არის:
„ფართო კონსენსუსი იყო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და ნათელია, რომ პროცესის შეჩერება წარმოშობს უნდობლობასა და იმედგაცრუებას... ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში“.
ასევე ნახეთ შეუსრულებელი დაპირება: ვინ დაარწმუნებს პარტნიორებს?ელჩებთან შეხვედრას წინ უსწრებდა ერთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოში მოქმედი ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის საელჩოს სახელით გამოქვეყნდა. ტექსტში აღნიშნულია, რომ:
- ისინი „აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები“;
- „ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის";
- „სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ“.
19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები პარლამენტშიც იმყოფებოდნენ.
შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვთ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, „აქციას სოლიდარობას უცხადებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი“.
„ვგეგმავთ, რომ წნეხი იყოს ძლიერი ქუჩიდან, პარლამენტს შიგნით და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.
Your browser doesn’t support HTML5
ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად იმუშავეს იმ განცხადების ტექსტზე, რომლის ადრესატებადაც საერთაშორისო სტრუქტურები, ორგანიზაციები თუ კონკრეტული პირები არიან.